„რადიო თავისუფლება“ იყო ის ორგანიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულს 2014 წელს (თუ არ ვცდები) მოიხსენიებდა ელიტურ კორუფციად, 2025 წელს კი პიჯაკების საქმედ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმების თაობაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხებოდა.
„რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქ პოსტი დავდე, რას კადრულობდა რადიო თავისუფლება საქართველოში. „რადიო თავისუფლება“ იყო ის ორგანიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულს 2014 წელს (თუ არ ვცდები) მოიხსენიებდა ელიტურ კორუფციად 2025 წელს პიჯაკების საქმედ. ამ ერთი შემთხვევითაც კი დიაგნოზი არის დასმული, რამდენად აგენტურულ ქსელში და საერთო მესიჯბოქსში იყო რადიო თავისუფლებაც ჩართული. არ ვიცი რამდენად იყო ეს ბატონი ტრამპის გადაწყვეტილების საფუძველი თუმცა, ობიექტური რომ აღმოჩნდა, ფაქტია“, - განაცხადა მდინარაძემ.
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა შვიდი ფედერალური სააგენტოს გაუქმების განკარგულებას, რომელთა შორის აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების ზედამხედველი სააგენტოცაა.