მამუკა მდინარაძე: არავინ იფიქროს და გაბედოს სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთნაირი სიმკაცრით შეიძლება მივუდგეთ ნარკორეალიზატორებსა და ნარკომომხმარებლებს

მამუკა მდინარაძე: არავინ იფიქროს და გაბედოს სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთნაირი სიმკაცრით შეიძლება მივუდგეთ ნარკორეალიზატორებსა და ნარკომომხმარებლებს

ყველა ნარკოტიკის მოხმარებას აქვს მძიმე შედეგი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არ გამოვალთ მოქალაქეზე ზრუნვის უპირატესი ინტერესიდან და განსაკუთრებული სიმკაცრით, როგორც მკვლელებს, დავსჯით ნარკორეალიზატორებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მან მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისივე თქმით, მარიხუანასთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება მხოლოდ გაყიდვის მიმართულებით. მდინარაძემ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რომ სახელმწიფომ მოახდინოს დიფერენციაცია.

„არავინ იფიქროს და გაბედოს სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ერთნაირი სიმკაცრით შეიძლება მივუდგეთ ნარკორეალიზატორებსა და ნარკომომხმარებლებს. ეს იქნება სახელმწიფოს სწორი მიდგომა იმისთვის, რომ თაობები გადავარჩინოთ, გადავარჩინოთ დემოგრაფია, ახალგაზრდები, ჩვენი შვილები და ამაზე ეროვნული საქმე არ შეიძლება სხვა რამ იყოს. ამ საკითხზე რომ ვიღაცები სპეკულაციას ახერხებენ, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ძალიან, ძალიან ცუდი! ყველას ვურჩევ, არა თუ ამ კამპანიის წინააღმდეგ წავიდნენ რაღაც შეფარული თემებით, არამედ საზოგადოებასთან ერთად დაგვიდგნენ გვერდით და ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობების გადარჩენაზე.

სადისკუსიოა, სალაპარაკოა, საკამათოა? ვიკამათოთ რამდენიც გნებავთ, მაგრამ ჩვენ, ერთი მხრივ, გავამკაცრებთ კანონმდებლობას გამსაღებლების მიმართ, ჩვენ ასევე, მომხმარებელთა მიმართ გავამკაცრებთ იმ ნაწილში, რომ პრევენციას მოვახდენთ მათივე და სხვა ადამიანების უსაფრთხოების. მაგალითად, თუ ნარკოტიკს მოიხმარს და ეს (პირს) დაუდასტურდება შესაბამისი კვლევის შედეგად, მას გარკვეული აკრძალვები ექნება, მაგრამ ციხეში ამისთვის არავინ გაუშვებს - თუ ეს არ იქნება განმეორებითი შემთხვევები და რასაც აქამდე ითვალისწინებდა კანონმდებლობა. ამ მიმართულებით ჩვენ არაფერს ვამკაცრებთ. განმეორებით შემთხვევაში, აქამდეც ითვალისწინებდა კანონმდებლობა სისხლის სამართლებრივ სასჯელს. 273-ე მუხლი არსებობდა - ჩვენ იქ არაფერი შეგვიცვლია. აქაც სპეკულაცია რომ ვერავინ მოახერხოს.

მიდგომები იქნება უფრო მკაცრი, მაგრამ დიფერენციაციაც იქნება და ზღვარი ძალიან დიდი - მომხმარებელსა და მის მიმართ მიდგომასა და ნარკოტიკის გამყიდველის მიმართ მიდგომას შორის. სიმკაცრეც, როგორც ცა და დედამიწა, ორივე მიმართულებით იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული.

ნარკოგამსაღებლების მიმართ, როგორ მკვლელების მიმართ და მასიური ხასიათი აქვს ამ მკვლელობას, ჩვენს სახელმწიფოს უმკაცრესი მიდგომა ექნება. სამართალდამცველების მიმართ ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ ეს პრაქტიკაში აისახოს“, - განაცხადა მდინარაძემ.