„ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა ფინანსურ უზრუნველყოფას - პროკურატურა ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა ფინანსურ უზრუნველყოფას - პროკურატურა ფონდების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განხორციელდა - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 3211 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, საქართველოს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით, სხვა და სხვა ლოკაციებზე, მიმდინარე საპროტესტო აქციები, ე.წ ,,მარშები“ და სხვა ღონისძიებების ნაწილმა, დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. აღნიშნული გამოიხატა პარლამენტის შენობის და სხვა კერძო საკუთრების დაზიანებაში, ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში საგნებისა თუ ნივთიერებების გამოყენებაში, პოლიციის თანამშრომლების თავდასხმასა და ძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევაში და სხვა არამშვიდობიან ქმედებებში.

ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღად სხვადასხვა საგნების გამოყენება, როგორიც იყო პიროტექნიკური საშუალებებით სპეციალურად დამზადებული მოწყობილობები, ადვილად აალებადი და ცეცხლგამჩენი ნივთიერებები. არაერთგზის დაფიქსირდა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ გამოყენება პოლიციის თანამშრომელთა წინააღმდეგ. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ძალადობრივი ჯგუფები სისტემატურად მარაგდებოდნენ ე.წ. რესპირატორებით, ,,სპეციალურ აირწინაღებით“, ჩაფხუტებით და სხვა საშუალებებით, რათა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებებისას სამართალდამცავებზე ძალადობრივი შეტევა ყოფილიყო ეფექტური. ხსენებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანდა 55 ფიზიკური პირი, რომელთაგან უმრავლესობა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან. ამასთან ცეცხლის გაჩენის გზით დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და მწყობრიდან გამოვიდა სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები.

ზემოხსენებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელების პარალელურად, საჯარო სივრცეებში გავრცელდა ინფორმაციები, რომლის თანახმადაც ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს. აღნიშნულის გამო, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. „ფონდების“ მეშვეობით.

აღსანიშნავია, რომ დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. გამოძიებით დგინდება, რომ სამართალდამრღვევი პირების მატერიალურ მხარდაჭერას ახდენენ შემდეგი ფონდები, - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“; ა(ა)იპ „ფროსფერითი“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; ა(ა)იპ „სირცხვილია“; ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“; აღსანიშნავია, რომ მითითებული იურიდიული პირების საბანკო ანგარიშები, რომელთა გამოყენებითაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, გახსნილია ბოლო პერიოდში და 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე, დახარჯული აქვთ 2.000.000 ლარზე მეტი.

მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ე.წ. „ფონდები“, მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის, კერძოდ მითითებული „ფონდებიდან“ ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: ,,აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, ,,რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, ,,აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, ,,პიროტექნიკის შესაძენად“, ,,აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“ და სხვა. როგორც გამოძიებით დგინდება, დიდი ოდენობით თანხები დანიშნულებით: ,,წინახაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა“, განკუთვნილი იყო იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებზე თავდასხმისას ე.წ. „წინა ხაზზე“ იმყოფებოდნენ და ახორციელებენ ძალადობრივ ქმედებებს, რის შედეგადაც, როგორც უკვე აღინიშნა, ჯანმრთელობის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო ათეულობით სამართალდამცავმა, ისევე როგორც აქციის მონაწილემ.

იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას და ამით გარდა ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს, საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა - ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი“-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი“-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“-ს საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.