ლევან ჟორჟოლიანი: პრიორიტეტად რჩება ელექტრომომარაგების აღდგენა, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, დაზიანებებს ვნახულობთ დრონებით, რთულად მისასვლელ ადგილებში ვიყენებთ ბურანებსა და თოვლმავლებს

ლევან ჟორჟოლიანი: პრიორიტეტად რჩება ელექტრომომარაგების აღდგენა, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, დაზიანებებს ვნახულობთ დრონებით, რთულად მისასვლელ ადგილებში ვიყენებთ ბურანებსა და თოვლმავლებს

პრიორიტეტად რჩება ელექტრომომარაგების აღდგენა, ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს, დაზიანებებს ვნახულობთ დრონებით, რთულად მისასვლელ ადგილებში ვიყენებთ ბურანებსა და თოვლმავლებს, როგორც ელექტრომომარაგების აღდგენის, ისე მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაწილში, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა „დღის ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

მისივე განცხადებით, პრიორიტეტულია ინციდენტებზე რეაგირება როგორც 112-ში შესულ, ისე მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ ზარებსა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„მუდმივ რეჟიმში მაწვდიან ინფორმაციას აბონენტების აღდგენის თაობაზე, გუშინ გვქონდა ძალიან კარგი დინამიკა, ფაქტობრივად, 35 000 გათიშული აბონენტიდან გუშინ, დღის დასაწყისში გვქონდა 24 000-ზე მეტი ჩართული, ბოლოს დაემატა 4 800 და დღეს, 19:00 საათზე მოისმენს შტაბი დღევანდელი დღის შედეგებს ელექტროენერგიის აღდგენის მიმართულებით, შესაბამისად ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. „ენერგო-პროს" ვეხმარებით შესაბამისი დრონებით, რომლებიც ეკუთვნის თავდაცვის სამინისტროს, შსს-ს, „მთის ტრასების სააგენტოს", აბსოლუტურად ყველა დაზიანებას ვნახულობთ დრონებით, ყველა ორგანო და უწყებაა ჩართული ამ მიმართულებით. სადაც ვერ ხერხდება ფიზიკურად მისვლა, ვინაიდან ძალიან ბევრი ხაზია გაუკვალავ ადგილებში, იქ ბურანებითა და თოვლმავლებით მივდივართ. ასევე, მოსახლეობასთან მისასვლელად, სადაც ძალიან მაღალი, 3-4 მეტრია თოვლის სიმაღლე, ვიყენებთ ბურანებსა და თოვლმავლებს. მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს გურულებს, რომ არ შეეშინდეთ, აბსოლუტურად ყველასთან მივალთ, ყველას მივაწვდენთ ხმას. კონტაქტზე რომ არ გვყავდეს, ფაქტობრივად, ასეთი ადამიანი არ არის. ინციდენტებზე რეაგირება არის ძალიან დიდი პრიორიტეტი ჩვენთვის, ვცდილობთ, რომ 112-ში შემოსულ ინციდენტებზე, ასევე მუნიციპალიტეტებში განხორციელებულ ზარებსა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაზუსტებულია, არ არის დაზუსტებული, ჯგუფები მაინც გავიდნენ და ადგილზე ნახონ,"- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.