პაველ ჰერჩინსკი: ვამაყობ ყველაფრით, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

პაველ ჰერჩინსკი: ვამაყობ ყველაფრით, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

ვამაყობ ყველაფრით, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კახეთში განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, შთამბეჭდავი იყო ნახვა, რამდენი ინვესტიცია ჩადო ევროკავშირმა წლების განმავლობაში რეგიონულ განვითარებაში.

„ეს არის ჩემი მეორე დღე კახეთში. მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მანამდე მოვახერხე იმერეთისა და აჭარის მონახულება, მომავალში ვაპირებ, საქართველოს სხვა რეგიონებშიც ვიმოგზაურო. ეს იყო ძალიან შთამაგონებელი მოგზაურობა, რომლის დროსაც ჩვენს ბენეფიციარებთან განვიხილე ევროკავშირის განვითარება. შევხვდი ბევრ ახალგაზრდას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ჩვენ ვიყავით პანკისის ხეობაში, ვიყავით ყვარელში. დღეს ვსტუმრობდით ჩვენი დახმარების სხვადასხვა ბენეფიციარს თელავში. რა თქმა უნდა, მე ვზედამხედველობ ევროკავშირის განვითარების პროექტებს მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, მაგრამ მართლაც შთამბეჭდავი იყო ნახვა, რამდენი ინვესტიცია ჩადო ევროკავშირმა წლების, ათწლეულების განმავლობაში რეგიონულ განვითარებაში. ვნახე გზები, რომლებიც ევროკავშირის თანხებით აშენდა, სკოლები, რომლებიც ევროკავშირის თანხებით აშენდა. ვესაუბრე ადამიანებს, მცირე მეწარმეებს, მევენახეებს, რომლებიც სარგებლობენ ევროკავშირის თანხებით დაარსებული ლაბორატორიით. მართლაც ვამაყობ ყველაფრით, რასაც ევროკავშირი აკეთებს საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, საქართველოს ყველა რეგიონის მონახულება სურს.

„მსურს, მოვინახულო საქართველოს ყველა რეგიონი. არამხოლოდ კახეთი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაქვს სხვა პასუხისმგებლობებიც თბილისში. რაც შეეხება შეხვედრებს, მიმიწვია ორმა ორგანიზაციამ. პირველი იყო „როდი სკოტის“ ფონდი პანკისის ხეობაში, მეორე – ევროკლუბი ყვარელში. მასპინძლებმა მოიწვიეს, ვისი მოწვევაც სურდათ. როგორც ევროკავშირის ელჩს, მქონდა პრივილეგია, წარმომედგინა აუდიტორიისთვის, მათ შორის ბევრი ახალგაზრდისთვის, რა არის ევროკავშირი, რას წარმოადგენს ევროკავშირი და როგორ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.