ბოლო წუთებში და ბოლო საათებში ვრცელდებოდა ინფორმაცია ლანჩხუთის რაიონში ერთ-ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, რაც არ არის სწორი. ადამიანის გამოყვანა უვნებლად მოხერხდა, გარდაცვალების ფაქტი არ დადასტურდა, ეს საბედნიერო ინფორმაციაა, - განუცხადა ჟურნალისტებს ოზურგეთში მყოფმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
„ამავე დროს, სამწუხაროდ, არის ინტენსიური თოვა. ახლაც ხედავთ თქვენ რა სიტუაციაა. ინტენსიური თოვაა იმერეთის რეგიონში, სადაც სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად ბაღდათში, ჭიათურაში, სამტრედიაში, ქუთაისშიც, ზესტაფონშიც არის, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, ძალიან რთული მდგომარეობა. იქ ახლა დამატებითი ძალების მობილიზება მიდის, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს დამატებითი ძალების. თქვენ იცით, რომ უკვე ჩართულია თავდაცვის ძალები პრემიერის ბრძანების შესაბამისად და მაქსიმალურად იქაც ხდება დაკოორდინირება, დამენეჯმენტება, რომ ყველაზე გაუვალ ადგილებში არ დარჩეს ისეთი ოჯახი, სადაც მისვლა ვერ შევძლოთ“, - აღნიშნა მან.
მამუკა მდინარაძის თქმითვე, არის ხოლმე შეფერხებები, რაც ბუნებრივია.
„რიგ შემთხვევებში, მაღალმთიან სოფლებში არის ისეთი ადგილები, სადაც მუხლუხებიანი მძიმე ტექნიკა ვერ გადაადგილდება და მაშველებს, სხვათა შორის, მოსახლეობაც ეხმარება ხოლმე, მაგრამ ძირითადად იქ სპეციფიკაა, სჭირდებათ საათები, რამდენიმე საათი სჭირდებათ ხშირ შემთხვევაში, რომ გაკვალონ ფიზიკურად გზა და ე.წ გვირაბებიც კი გააკეთონ. ასეთი შემთხვევებიც კი დაფიქსირდა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.