რუსეთი არ განიხილავს ევროპელი სამშვიდობოების უკრაინაში განთავსების რაიმე ვარიანტს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროპელების მიდგომა, კერძოდ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის, მიზნად ისახავს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავებას და მისი განმუხტვის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას.
„მაკრონმა ვაშინგტონში ისაუბრა ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის აუცილებლობაზე, სამშვიდობო ძალების შეყვანაზე, შემდეგ კი, მისი თქმით, ჩვენ ვისაუბრებთ ტერიტორიებზე, ხალხის ბედზე, დარეგულირების სხვა პრინციპებზე. ეს არის მოტყუება. შეუძლებელია ისეთი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ერთი მიზნის მიღწევას ისახავს მიზნად – უკრაინის იარაღით ხელახლა შევსებას“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამორიცხა უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა საკონტაქტო ხაზით. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაში საუკეთესო დახმარება არის მიზეზების გაცნობიერება.