საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება დიდთოვლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი იმისთვის, რომ საზოგადოებაში შეეტანათ დისონანსი.
„უკვე მერამდენეჯერ ვნახეთ, რომ ზუსტად იმ მომენტში, როდესაც საჭირო არის საზოგადოების ერთიანობა, როდესაც საჭიროა კონცენტრირება საქმეზე, ვხედავთ ოპოზიციას, მის მედიას და „ენჯეოებს“, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას იმით, რომ აშკარა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ დათესონ პანიკა, შეიტანონ დაბნეულობა საზოგადოებაში და ისედაც რთული ემოციური ფონის არსებობისას კიდევ უფრო ემოციურად დაამძიმონ ან გააღიზიანონ საზოგადოება, რაც არ ჯდება არანაირ მედია სტანდარტში, მაგრამ ადამიანურ სტანდარტშიც, რა თქმა უნდა, არ ჯდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, გუშინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რამდენიმე საათის შემდეგ ის უარყვეს, მაგრამ ის მავნე შედეგი, რაც მოაქვს დეზინფორმაციას რჩება. დაბნეულობას, ადამიანის ემოციებზე თამაშს თავისი შედეგი მოაქვს და ჩასწორებას შემდეგ შეიძლება უკვე დიდი გავლენა აღარ ჰქონდეს. პაპუაშვილის თქმით, მისი კომენტარიც სტიქიასთან დაკავშირებით დაჩეხილი და კონტექსტიდან ამოგდებული იყო.
„მიზანი გასაგებია, რომ გამოიყენონ ყველა ასეთი მძიმე შემთხვევა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და პოლიტიკური მიზანიც რაიმე კონკრეტული კი არ არის, რაღაც შედეგებზე კი არ არის ეს გათვლილი, პოლიტიკური მიზანიც არის ერთადერთი რამ - საზოგადოების ემოციური დათრგუნვა, დატვირთვა, დაბნეულების შეტანა და გაღიზიანება ემოციურად. აი ეს აქვთ მიზნად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ზუსტად ამაზე საუბრობს დღეს აშშ-ის ადმინისტრაცია, როდესაც მედია თუ „ენჯეო“ მიმართულებით დაფინანსებებს წყვეტს იმიტომ, რომ ამ დაფინანსებით ხდებოდა პროპაგანდისტული ქსელის შექმნა ზუსტად იმისთვის, რომ საჭირო დროს სათანადო ნარატივები აწიონ.
„გუშინდელი დღე არის ამის კარგი მაგალითი, როგორ უნისონში მოქმედებდა ოპოზიცია, მისი უცხოეთიდან დაფინანსებული მედია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“. იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული, პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შტურმი იმისთვის, რომ საზოგადოებაში შეეტანა დისონანსი, გაეღიზიანებინათ საზოგადოება. კარგია, რომ ამაში უკვე გამოწვრთნილია როგორც საზოგადოება, ისე სახელმწიფო მთლიანად და ხელისუფლება. შესაბამისი დროული რეაგირებით ვხედავთ, რომ თავის მიზანს ვერ აღწევენ საბოლოო ჯამში, თუმცა ამ რაღაც რამდენიმე წუთიან თუ რამდენიმე საათიან გაღიზიანებას საზოგადოებისას ახდენენ. მათ შორის, ხაზს გავუსვამდი ზუსტად იმ მანიპულაციას, რომელიც „ტვ პირველმა“ ჩაიდინა ჩემს კომენტართან დაკავშირებით. შემდეგ პუბლიკაციაში კომენტარები გათიშული აქვთ ხოლმე ასეთ მანიპულაციაზე, რომ იქ ვინმემ შემთხვევით სიმართლე არ დაწეროს და არ ამხილოს ის მანიპულაცია, რომელსაც ავრცელებენ ეს ტელევიზიები ან პირდაპირ განზრახ ხდება გავრცელება მანიპულაციის, შემდეგ ჩაკეტვა კომენტარების ველის იმისთვის, რომ ამ მანიპულაციას რამე საფრთხე არ შეექმნას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომელიც მილიონებს იღებს უცხოეთიდან დეზინფორმაციის, მანიპულაციის, კონტექსტიდან ამოგდებული ნარატივების გავრცელებისთვის.
„გუშინ იყო საკითხი, როდესაც ხდება ასეთი მოვლენების დროს, სტიქიური მოვლენების დროს ან სხვა ექსტრაორდინარული სიტუაციის დროს დეზინფორმაციის გავრცელება. ეს მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის, როდესაც ამ დროს ხდება დეზინფორმაციის გავრცელება. სად იყვნენ ეს დეზინფორმაციის მამხილებელი „ენჯეოები“, რომელშიც მილიონებს ხარჯავს ბრიუსელი თუ სხვა დედაქალაქი. ჩუმად იყვნენ რატომ? იმიტომ, რომ ისინიც მონაწილე არიან ამ დეზინფორმაციული ქსელის. ანუ არის ნაწილი, რომელიც ავრცელებს მანიპულაციას, დეზინფორმაციას და შემდეგ მეორე ნაწილი, რომელიც ამაზე ჩუმად არის. ამით სიგნალს აძლევს, რომ თითქოს აქ ყველაფერი კარგად არის ამიტომ, რა თქმა უნდა, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთ დროს მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ერთიანობა, თუმცა ამას შეჩვეული ვართ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზურგში დანას ურტყამს ოპოზიცია, მისი მედია და „ენჯეოები“ ჩვენს საზოგადოებას და ნაცვლად სოლიდარობისა, ნაცვლად ემპათიისა, ნაცვლად გვერდში დგომისა ვხედავთ ფეხის დადებას ამ ადამიანების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.