„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.
ადვოკატი სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ განაცხადა პრესის წინაშე, რომ „აუდიოჩანაწერი, თუნდაც დამონტაჟებული შინაარსით, ასევე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კრედიტის მიმღები არ იყო ბრალდებული, კრედიტის გაცემა მოხდა ტექნიკურ კომპანიაზე/ნომინალურ მსესხებელზე და ბრალდებული არ ყოფილა ინვესტორი ბიტკოინების მაინინგის მიზნით ბანკი ქართუდან კრედიტის სახით გაცემული ინვესტიციის ნაწილში“.
ადვოკატის თქმით, დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდან იკვეთება, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაჟინებით ცდილობდა, რომ რამენაირად მიეღო ივანიშვილისგან სიტყვიერი თანხმობა მაინც კრედიტის გაცემაზე.
„ყველა ზემოაღნიშნული გარემოება ცალსახად იკვეთება დამონტაჟებულ აუდიოჩანაწერშიც კი. საკვირველია, რომ მისმა უფლებადამცველებმა (მეტი დამაჯერებლობისთვის, ხშირად ახსენებს საერთაშორისო იურისტებს) მას ურჩიეს, რომ ამ შინაარსის აუდიოფაილი გამოადგებოდა მისი პოზიციის დასადასტურებლად. ელემენტარული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ მითითებული გარემოებების პირობებში, მისი უპირველესი და მთავარი ტყუილი ბიძინა ივანიშვილის წინაშე იყო ის, რომ საერთოდ მივიდა ამგვარი კრედიტის სათხოვნელად. იგი არა ჩვეულებრივი მოქალაქე, არამედ ფინანსისტი გახლდათ, რომლისთვისაც დღესავით ნათელი იყო, რომ არცერთი ფინანსური ინსტიტუტი არ მოახდენდა მისთვის მსგავსი წამოწყების დაფინანსებას. მიუხედავად ამისა, დამონტაჟებული აუდიოჩანაწერიდან იკვეთება, რომ იგი დაჟინებით ცდილობდა, რომ რამენაირად მიეღო ივანიშვილისგან სიტყვიერი თანხმობა მაინც კრედიტის გაცემაზე (როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჩანს, მისი დანაშაულებრივი მიზნების სრულყოფილად რეალიზების მიზნით).
მის ლოგიკას რომ გავყვეთ, თუკი ,,საქმე გამოვიდოდა“ მადლობას მოიხდიდა, თუ არადა შესაძლოა ბოდიში მოეხადა არაგონივრული პროექტისთვის და ამით ამოიწურებოდა მისი პასუხისმგებლობა (რაც აბსურდია და დაუჯერებელი ისტორია თავისი არსით). ამოიწურებოდა იმიტომ, რომ როგორც არაერთხელ განვმარტე, იგი არ მონაწილეობდა არც სესხის ამღები კომპანიის სტრუქტურაში (მხოლოდ 2017 წელს გამოჩნდა, კრედიტის დაფარვიდან ერთი წლის შემდეგ), არც ინვესტიციისთვის საჭირო ფული მოუტანია, არც უზრუნველყოფა წარმოუდგენია კრედიტზე და არც არანაირი რისკები არ აუღია საკუთარ თავზე დეფოლტის (საქმის ჩავარდნის) შემთხვევაში. თუმცა, მისი თხოვნა კრედიტის მიღებაზე დარჩა თხოვნად და საბოლოოდ, მოვლენები განვითარდა სწორედ ისე, როგორც ეს ჩემი და ჩემი მარწმუნებლის შესაბამის განცხადებებში იქნა ასახული. საქმეში არსებული ყველა პირდაპირი მტკიცებულება სწორედ ამ გარემოებას ადასტურებს.
სწორედ ამიტომ, დაზარალებულის დაკითხვის დროს, ბრალდებულმა/დაცვის მხარემ მისი პოზიციისათვის საჭირო რაიმე არსებითი, მნიშვნელოვანი კითხვების დასმაც კი ვერ შეძლო და დაანონსებული 4-5 საათიანი დაკითხვის პროცედურის ნაცვლად, რამოდენიმე წუთში ბრალდებულმა სხდომის დარბაზი დატოვა (საინტერესოა, ოდესმე მოახდენს თუ არა ბრალდებული დაზარალებულის დაკითხვის ჩანაწერის საჯაროდ და სრულად გამოქვეყნებას-ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით). დღეს კი, თავის მართლებას და მისი პოზიციის სისუსტის კომპენსირებას, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებით ცდილობს“,-აღნიშნა ადვოკატმა.