ჯეფრი საქსის შეფასებები შეგვიძლია ჩვენ გამორჩეულად, ადეკვატურად მივიჩნიოთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
იგი ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკები, იქნებიან ეს ევროპარლამენტარები თუ რომელიმე ევროპული სახელმწიფოს ამა თუ იმ თანამდებობის პირები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ანტისახელისუფლებო მიტინგებში მონაწილეობენ, როდესაც მონაწილეობას იღებენ რაღაც ტრენინგებზე, თუკი რამემ შეიძლება გააფუჭოს დასავლური განწყობა და შეარყიოს ჩვენი საზოგადოების დასავლური სურვილები ეს არის ამ ჩინოვნიკების სრულიად უპასუხისმგებლო და ხანდახან, მეტწილად მტრული ქცევები საქართველოსთან მიმართებით“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართული დისკუსიების ფარგლებში საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა.
„თქვენი ევროპარლამენტარები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში ჩადიან, ეს ანადგურებს საქართველოს, ეს არ იცავს საქართველოს“, - აღნიშნა ამერიკელმა პროფესორმა.