2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა და აღნიშნა, რომ კომისიის შექმნისა და მუშაობის ეფექტიანობას ხელს არაფერი შეუშლის. როგორც მან განმარტა, თუ აქამდე კომისიის შექმნას, რასაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვდა, გარემოებები ზღუდავდა, ახლა ეს წინააღმდეგობები აღარ არსებობს.
„ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ეს იყო ჩვენი დაპირება საქართველოს მოსახლეობის მიმართ, რასაც ხალხი დიდი ხანია ითხოვდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ ხერხდებოდა ამ კომისიის შექმნა და ამ საქმეების გამოძიება, იყო ის, რომ საქართველოო აწარმოებდა სამართლებრივ დავას რუსეთის წინააღმდეგ ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვინდოდა ეს თემა ყოფილიყო არასწორი ინტერპრეტაციის ან პოლემიკის საგანი. ჩვენ სამივე საერთაშორისო სასამართლო მოვიგეთ და ახლა შეგვიძლია დავიწყოთ ომის დანაშაულის გამოძიება.
ომის დანაშაულების გარდა, ძალიან ბევრი იყო ამ წლებში სხვადასხვა უცხოური დაფინანსებით დაგეგმილი გარკვეული საბოტაჟის მცდელობები. საგამოძიებო კომისია ეფუძნება მხოლოდ 2003-2012 წლებში ჩადენილი დანაშაულების შეფასებას, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ „ნეიტრალურმა საქართველომ“ ასევე შეიტანა პროკურატურაში განცხადება საქართველოს სისხლი სამართლის კოდექსის 318 და 319-ე მუხლის დარღვევის შესახებ, რაც უცხოური დაფინანსებით მოქმედი აქტორების მხრიდან საბოტაჟის მცდელობებს ეხება. ეს გამოძიებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ორი მიმართულება, როგორიცაა საგამოძიებო კომისიის ფუნქციონირება და პროკურატურის გამოძიების პარალელურ რეჟიმში წარმართვა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. დავეთანხმები ქალბატონ თეას [წულუკიანს] იმ პოზიციაში, რომ მოქალაქეთა ჩართულობა უნდა იყოს ძალიან დიდი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი შეიძლება არსებობდეს, რომლის შესახებაც ოფიციალური წყაროები არ ფლობდნენ ინფორმაციას, მაგრამ მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მტკიცებულებები, არგუმენტები, ფაქტები და ყველა ეს სამხილი აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც კომისიაში, ასევე პროკურატურაში.
აღსანიშნავია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს არ ჰყავდა ოპოზიცია. საქართველოს ჰყავდა აგენტურული ქსელი და ვფიქრობ ამ ქსელის დიქტატურა უნდა დამთავრდეს საქართველოში. უნდა გაიწმინდოს პოლიტიკური ველი ამ აგენტებისაგან. მე მათ ოპოზიციას ვერ დავარქმევ," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.