ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინას შეეხება, ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს.
„უკრაინის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა უპირობოა. ახლა ჩვენი პრიორიტეტი უკრაინის გაძლიერება და უსაფრთხოების საიმედო გარანტიების მიცემა უნდა იყოს. ნებისმიერ მოლაპარაკებებში ევროპა ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს“, - დაწერა კალასმა.
მან აგრეთვე გააზიარა საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთისა და გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი განცხადების ტექსტი, სადაც ნათქვამია, რომ მათ ამერიკელებთან ერთად სურთ უკრაინაზე მოლაპარაკებების წარმოება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. საუბრების მთავარი თემა უკრაინაში ომის შეჩერება იყო.