მართალია, დონალდ ტრამპს ჯერ არ უმხელია ამერიკის საელჩოს ქმედებები სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში, მაგრამ საქართველოს პრემიერი წინ უსწრებს მოვლენებს, ერთგვარ მესიჯს გზავნის ამერიკაში და ამხელს საქართველოში მოქმედ აშშ-ის საელჩოს, რომ არც ისე უმწიკვლო იყო მისი საქმიანობა საქართველოში.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩო, „USAID“, „NED“ და სხვა ინსტიტუციები კოორდინირებულად მოქმედებდნენ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. პრემიერი იმედს გამოთქვამს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეიცვლება აშშ-ის საელჩოს მიდგომა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ და დასრულდება ის მახინჯი კოორდინაცია, რაც არსებობდა აშშ-ის საელჩოს, „USAID“-ს, „NED“-ს და სხვა სტრუქტურებს შორის.
ირაკლი კობახიძე იმასაც ამბობს, რომ იყო მძიმე ფაქტები, როცა კონკრეტული ელჩები ცდილობდნენ და დღემდე ცდილობენ, უხეშად ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. ამდენად, პრემიერი მოითხოვს, ცვლილებები თანაბრად შეეხოს ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებსა და აშშ-ის საელჩოს საქმიანობას.
„USAID“-ისა და „NED“-ის კორუმპირებულობა და თაღლითობა დონალდ ტრამპის თვალსაწიერში უკვე მოექცა და მან დახურვის განაჩენი გამოუტანა ამ ორგანიზაციებს, თუმცა რადიკალებისა და გადამტრიალებლების საყრდენად აშშ-ის საელჩოებს არანაკლები წვლილი მიუძღვით. ეს ორგანიზაციები შეხმატკბილებულად, ე.წ. თეთრი ხელთათმანებით მოქმედებდნენ სხვადასხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობის მიმართულებით.
იყო დრო, როცა საქართველოში მოქმედი ელჩები კრიმინალურ გარჩევებშიც მონაწილეობდნენ. ყველას ახსოვს აშშ-ის ყოფილი ელჩი კელი დეგნანი, რომელიც თავისი ახლობლების სასარგებლოდ ბიზნეს „რაზბორკებში“ მონაწილეობდა, აღარაფერს ვამბობთ მის მჭიდრო კონტაქტებზე ქართველ რადიკალებთან.
დაინტერესდება თუ არა ტრამპი აშშ-ის საელჩოს ქმედებებით სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში?
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩომ ბევრი რამ გააფუჭა საქართველოში და ეს შემთხვევითი პროცესი არ ყოფილა. წინა ელჩი კელი დეგნანი, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია იყო, მშვენივრად მუშაობდა და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არ მოქმედებდა, მაგრამ როგორც კი აშშ-ში შეიცვალა ხელისუფლება და მოვიდა ბაიდენის ლიბერალურ-ფაშისტური რეჟიმი, კელი დეგნანის რიტორიკაც შეიცვალა, განსაკუთრებით, ბოლო ხანებში. დეგნანი თვითონ არაფერს გააკეთებდა, მითითებები რომ არ ჰქონოდა ვაშინგტონიდან. ზოგადად, ელჩები თავისით არაფერს აკეთებენ, მათ უნდა ჰქონდეთ მითითებები ცენტრიდან.
„ახლანდელი ელჩი - დანიგანიც არ ჩამორჩება წინამორბედს. ბაიდენის ადმინისტრაცია რომ არ დამარცხებულიყო, დეგნანზე უარესი იქნებოდა ელჩი დანიგანი. საბედნიეროდ გაიმარჯვა ტრამპმა. ამის გამო ნამეტანი ეიფორიაში ნუ ჩავცვივდებით, ვინაიდან ტრამპი ატარებდა და ატარებს ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს. არავითარ შემთხვევაში, ტრამპი ამერიკის ინტერესებს არ უღალატებს, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ ის პერიოდი, როდესაც მიმდინარეობს „დიფ სთეითთან“, „იუესაიდთან“, „ნედთან“ ბრძოლა. მართალს ბრძანებთ, აშშ-ის საელჩოს მხილება ჩვენი პრემიერის მხრიდან ერთგვარი უვერტიურა ხომ არ არის, რომ ტრამპმა დაიწყოს შეტევა ცალკეულ საელჩოებში გაბატონებულ „დიფ სთეითებზე“, მე ამას არ გამოვრიცხავ, რადგან საქართველოდან დაიწყო ყველაფერი, მათ შორის, ლგბტ-ობის საწინააღმდეგო კანონის მიღება. იმ დროს ამერიკის საელჩო და მთელი დასავლეთი როგორ გვეწინააღმდეგებოდა, როგორ თუ ამ კანონს იღებთო. გამჭვირვალეობის კანონს ახსენებს ახლა ვინმე? პირიქით, აშშ-ის ადმინისტრაცია უტევს იმ ორგანიზაციას, რომელიც აფინანსებდა და რევოლუციურ სცენარებს ქმნიდა ამა თუ იმ ქვეყანაში. თვითონ გამოსცა ტრამპმა ამის შესახებ ბრძანებულება, ჩვენთან კი კარგა ხნით ადრე, 2023 წლიდან დაიწყო ეს პროცესი, როდესაც მარტის თვეში რუსთაველი გადააქციეს ბრძოლის ასპარეზად და ამაში უდიდესი როლი მიუძღვის აშშ-ის საელჩოს და თავად ამერიკას. გახსოვთ, ალბათ, ზურაბიშვილი რომ ჩაიყვანეს ამერიკაში, დააყენეს თავისუფლების ქანდაკების ფონზე და იქიდან აძახებინეს, მოკალით, ცოცხლად დაწვით პოლიციელებიო“, - აცხადებს ედიშერ გვენეტაძე.
მისივე მოსაზრებით, ამჟამად გატრუნულია აშშ-ის საელჩო, რადგან გაურკვევლობაშია, მათ იციან, რომ ტრამპის ადმინისტრაციიდან წამოსული ტალღა მათაც მისწვდება და აშშ-ის საელჩოში გაბატონებულ ე.წ. საელჩო ბიუროკრატიას, რომელიც აუცილებლად უნდა წაილეკოს. ჩვენ ვნახეთ, რამდენი ადამიანი გათავისუფლდა უცბად „იუესაიდიდან“, რამდენი ტრანსგენდერი თავისუფლდება ჯარიდან, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან უამრავ ადამიანს უშვებენ. ესაა გაჯანსაღების პროცესი, რომელიც აუცილებლად მისწვდება საქართველოში მოქმედ აშშ-ის საელჩოსაც და ყველა დანარჩენ საელჩოსაც.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მმართველ გუნდს აქვს ძალიან სწორი გათვლები და რა გათვლებსაც აკეთებს, ყოველთვის იღებს იმ სასურველ შედეგს, რაც დაგეგმა და განახორციელა. შესაბამისად, აქ ჩაირთვება ე.წ. დომინოს პრინციპი, იუესაიდს მიჰყვებიან სხვა ტოქსიკური ფონდებიც, რომლებიც უწინარესად უყაირათოდ ფლანგავდნენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს. ზუსტად ამაზე აქვს ტრამპის ადმინისტრაციას აქცენტირება, რომ არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით, არამედ გლობალურად დაიხარჯა მილიარდები არაფერში.
„დიდი ეჭვია, ეს თანხები კორუფციული გარიგებების და პროექტების მიხედვით იხარჯებოდა. შესაბამისად, ამ ყველაფერს ასე მალე ვერ ამოატივტივებენ, ამას სჭირდება საგამოძიებო კომისიები, შიდა უწყებრივი აუდიტები, სახელმწიფო დეპარტამენტი იქნება, თუ კიდევ სხვა ამერიკული სახელმწიფო დაწესებულებები. ყველაფერს პასუხი გაეცემა და წერტილი დაესმება. გაირკვევა, აშშ-ის საელჩოს როლიც როგორი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ეს იქნება გლობალური პროცესი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი სუბიექტური ინტერესი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთლიანად სახელმწიფო საგარეო პოლიტიკა იცვლება ვაშინგტონიდან. „იუესაიდი“ იყო ერთ-ერთი უდიდესი მონსტრი, რომელიც გაანეიტრალეს, მას მიჰყვებიან სხვა მონსტრებიც. უკვე ვეღარ ვასწრებთ, ყოველდღიურად იმდენი ახალი ამბავია ამერიკაში იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა სახელმწიფო ფულის გაფლანგვა და უყაირათოდ ხარჯვა“, - აცხადებს გია აბაშიძე.
ანალიტიკოსის აზრით, სახელმწიფო დეპარტამენტს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, მარკო რუბიო და ამჯერად აშშ-ის შეცდომების გაანალიზება მიმდინარეობს, ვაშინგტონმა ვისთან როგორ გაიფუჭა ურთიერთობა. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ ამერიკის სხვა სტრატეგიულ პარტნიორებსაც. ერთი პერიოდი, ამერიკას ისრაელთან ჰქონდა გაფუჭებული ურთიერთობა. ეს უკვე გამოსწორდა პრემიერ ნეთანიაჰუს ვაშინგტონში ვიზიტით. დარჩნენ სხვა სტრატეგიული მოკავშირეები, იქნება ეს თურქეთი თუ საქართველო, რომელთანაც გადასალაგებელია ურთიერთობა. წარსული ოთხი წლის განმავლობაში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკაში თუ მის ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი რამ გააფუჭა. ამ აურზაურს, რომელიც მან მემკვიდრეობით დაუტოვა ტრამპს, დიდი საქმიანობა დასჭირდება გამოსასწორებლად და კალაპოტში დასაბრუნებლად.