როგორ გავიდა საქართველოს სუკი-ს საარქივო ფონდი სმოლენსკში

როგორ გავიდა საქართველოს სუკი-ს საარქივო ფონდი სმოლენსკში

საქართველოს უშიშროების ორგანოებში მთელი მისი არსებობის მანძილზე საქმიანობის წარმოება მიმდინარეობდა ცენტრალიზებულად, იმართებოდა  მოსკოვიდან. გამონაკლისს არც უწყების არქივის საქმის წარმოება წარმოადგენდა. საარქივო ქვედანაყოფის თანამშრომლები შეირჩეოდნენ, ინიშნებოდნენ, საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებოდნენ კიდევაც და თავისუფლდებოდნენ სამსახურიდან უშიშროების ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ, მაგრამ მათი ყოველდღიური საქმიანობა წარიმართებოდა საკავშირო სუკ-ში შემუშავებული და დამტკიცებული ბრძანებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. არქივის თანამშრომლების საქმიანობა პერიოდულად მოწმდებოდა როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრიდან მოვლინებული მაკონტროლებელი სტრუქტურის - ინსპექციის სამუშაო ჯგუფის მიერ. შემოწმების შედეგები, როგორც წესი, ხსენდებოდა ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც.

ნებისმიერი დაწესებულებისათვის საარქივო ფონდები მნიშვნელოვან საკითხთა კატეგორიას მიეკუთვნება და ურიგო არ იქნება, თუ არქივის გამოცდილი სპეციალისტები შესაბამისი პუბლიკაციებით მიაწვდიან ინფორმაციებს მკითხველთა ფართო საზოგადოებრიობას მათთვის საჭირბოროტო საკითხებზე.

ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ჩვენ ხელთ არსებული, შესაძლოა, მწირი, მაგრამ საჭირო ინფორმაცია, საქართველოს სუკი-ს არქივებიდან გასული საუკუნის 90-იან წლებში რუსეთში, კერძოდ კი ქ. სმოლენსკში, საქმეების გარკვეული ნაწილის მოულოდნელი გატანის შესახებ.

1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ თბილისში საგრძნობლად გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა. სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების წინ ეწყობოდა მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგები. ერთ-ერთი ასეთი აქციის დროს ლესია უკრაინკას ქუჩაზე, სადაც გვერდიგვერდ შსს და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის შენობები იდგა, მიტინგის ორგანიზატორთა მოწოდებით ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა შეძლო სუკ-ის ადმინისტრაციული შენობის დაცვის თანამშრომელთა ზღუდეების გარღვევა და მოახერხა შენობაში შეჭრა, სადაც დაარბიეს სამუშაო ოთახები, გაიტაცეს პირადი ნივთები და დოკუმენტაცია, მათ შორის, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის რამდენიმე ტომი.

მომხდართან დაკავშირებით უშიშროების ინსპექციის განყოფილების საკუთარი უშიშროების ჯგუფმა (ხელმძღვანელი გ. მაისურაძე), ჩაატარა სამსახურებრივი მოკვლევა, რომლის პროცესშიც დადგინდა ხარვეზები, რომლებმაც განაპირობეს ამ შემთხვევის უარყოფითი შედეგები. ხსენებული ჯგუფის ფუნქციებში შედიოდა სუკ-ის საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფა გარეშე პირთა ხელყოფისაგან, მოსალოდნელი, ან შექმნილი საშიშროების შემთხვევაში საიდუმლო დოკუმენტაციის საიმედო ადგილზე ევაკუაციისა და დაცვის ორგანიზება. იმავდროულად, მომხდარი ფაქტის შედეგების გათვალისწინებით, იმჟამინდელი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ-მაიორ ოთარ ხატიაშვილთან ჯგუფის მიერ დაისვა საკითხი ახლო მომავალში უმნიშვნელოვანესი ფასეულობების მქონე (ოპერატიული, ისტორიული და სხვა) მასალების უშიშროების კომიტეტის შენობიდან სხვა უფრო საიმედო, სათადარიგო სათავსოებში დროებით ევაკუაციის შესახებ, მანამ, ვიდრე ოპერატიული ვითარება ქ.თბილისში დაწყნარდებოდა.

გენერალ-მაიორ ოთარ ხატიაშვილისაგან აღნიშნულზე თანხმობის მიღების შემდეგ, გ. მაისურაძემ საორგანიზაციო-სამობილიზაციო განყოფილების უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ე. გიქოშვილმა შეარჩიეს ერთ-ერთი შენობა, რომლის შესახებაც მოხსენდა ბატონ ოთარ ხატიაშვილს. მან გასცა განკარგულება, საკუთარი უშიშროების ჯგუფს კომიტეტის არქივის თანამშრომლებთან ერთად შეედგინათ საევაკუაციო დოკუმენტაციის და ფასეულობების ნუსხა. აგრეთვე ევაკუაციისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალებების ოდენობა და იმ თანამშრომელთა სიაც, რომლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. აღნიშნული გეგმა ო. ხატიაშვილის მიერ დამტკიცებულ იქნა.

წინასაევაკუაციო მზადება დამთავრდა პარასკევს საღამოს, ხოლო საარქივო დოკუმენტაციის ევაკუაცია უნდა დაწყებულიყო ორშაბათიდან. მეორე დღეს, შაბათს, დაახლოებით 19 საათისათვის, გ. მაისურაძეს ბინაზე დაურეკა უშიშროების კომიტეტის ოპერატიულმა მორიგემ და გადასცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საარქივო დოკუმენტაციის ევაკუაცია ორშაბათისთვის საჭირო აღარ იყო, რადგან უკვე სმოლენსკში გაიგზავნა. უშიშროების კომიტეტიდან მისი ქ. თბილისის აეროპორტამდე ევაკუაცია ოთარ ხატიაშვილის მოადგილეებმა გენერლებმა ედუარდ ვოიციცკიმ და ვიტალი ნოვოდნიჩიმ იგორ გიორგაძეს დაავალეს. მანაც ეს დავალება „თავისი ბიჭებით“ პირნათლად შეასრულა.

ორშაბათ დილით გ. მაისურაძემ და ე. გიქოშვილმა თავის მოვალეობად ჩათვალეს, ხლებოდნენ კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ოთარ ხატიაშვილს, რომელიც საკმაოდ უხასიათოდ დახვდათ. მათ შორის შედგა მოკლე დიალოგი მომხდართან დაკავშირებით.

ჩვენთვის უცნობია, საარქივო დოკუმენტაციის ევაკუაციისათვის იგორ გიორგაძე ხსენებული ორი რუსი გენერლის მიერ იქნა შერჩეული, თუ ცენტრიდან მიიღეს ასეთი დავალება. ჩვენ ის ვიცით, რომ გენერალ ოთარ ხატიაშვილს არ ჰქონდა შეთანხმებული მოსკოვთან საარქივო მასალების დროებითი ევაკუაციის საკითხი, რაც მოქმედი ინსტრუქციის დარღვევა იყო, რადგან ხსენებული საკითხი აუცილებლად უნდა შეთანხმებულიყო საკავშირო სუკის ხელმძღვნელობასთან.

ალბათობა იმისა, რომ მოსკოვი საარქივო მასალებზე კონტროლს დაკარგავდა, დიდი იყო. იგრძნეს რა ასეთი საშიშროება კრემლის ემისრებმა, გენერლებმა ედუარდ ვოიციცკიმ და ვიტალი ნოვოდნიჩიმ, საკავშირო სუკს მოამზადებინეს ბრძანება, რომლის თანახმად საბოლოო ჯამში, 1990 წელს ქალაქ სმოლენსკში გატანილ იქნა ოპერატიულ ქვედანაყოფებში არსებული ოპერატიული მასალა, აგენტების პირადი და სამუშაო საქმეები და ასევე მთელი ოპერატიული საარქივო ფონდი. იგივე განხორციელდა ავტონომიურ რესპუბლიკებშიც.