საქართველოს მომავალი ოკუპაცია ახალგორიდან დაიწყება?!

საქართველოს მომავალი ოკუპაცია ახალგორიდან დაიწყება?!

კრემლში საქართველოს ოკუპაციის გეგმა მუშავდება, რომლის მიხედვითაც, რუსული სამხედრო ძალები თბილისში ცხინვალიდან და ახალგორიდან შემოვლენ და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს დაიკავებენ. ამის შესახებ რუსმა სამხედრო ექსპერტმა პაველ ფელგენგაუერმა ერთ–ერთ ქართულ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მეორე სამხედრო კამპანია მცირე ინციდენტით დაიწყება, რომლის დროსაც რამდენიმე რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპება და ამას მოსკოვი ახალი ომის საბაბად გამოიყენებს.

- იგეგმება თბილისის აღება. უფრო თბილისის ჩრდილოეთის მხარე, რადგან მოსკოვში თვლიან, რომ არ არის აუცილებელი ცენტრის აღება. ჩემი ინფორმაციით, პირველ რიგში, რუსული ჯარები აიღებენ ვაზიანს, მერე - საავიაციო ქარხანასა და საერთაშორისო აეროპორტს. ეს ობიექტები მნიშვნელოვანია, რადგან თბილისი რჩება საავიაციო დახმარების გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელებს თქვენი დახმარების სურვილი გაუჩნდებათ. შემოჭრა მოხდება ცხინვალიდან და ახალგორიდან და ამით ყველაფერი დამთავრდება, - აცხადებს ფელგენგაუერი.

რუსი ექსპერტის თქმით, დასავლეთ საქართველოს ოკუპაცია აფხაზეთიდან მოხდება. კითხვაზე, თუ საიდან ფლობს რუსული გეგმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, სამხედრო ექსპერტი პასუხობს, რომ დღემდე აქვს ურთიერთობა ძველ ნაცნობთან, გრიგორი კარასინთან, რომელიც ამჟამად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა და სხვა სამხედრო და პოლიტიკურ მაღალჩინოსნებთან. იგი აქვე აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლებაც ფლობს. ფელგენგაუერი აღნიშნავს, რომ საქართველოსთან მცირე ომი რუსეთისთვის ქვეყანაში არსებული ფინანსური დეპრესიის გადასაფარად მომგებიანი იქნება.

- თუ საქართველოში ომი დაიწყება, მთავარი მიზანი სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა იქნება. რეჟიმის შეცვლა კი ავტომატურად გამოიწვევს ორიენტაციის შეცვლას. ვის მოიყვანს კრემლი - აბაშიძეს თუ სხვას, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. კრემლში კარგად ესმით, რომ, თუ საქართველოს დანაწევრება და სააკაშვილის შეცვლა უნდათ, პირველ რიგში, უნდა დაამარცხონ საქართველოს შეიარაღებული ძალები. ეს კი რუსეთისთვის ამ ვითარებაში არც ისე იოლია, - განაცხადა რუსმა სამხედრო ექსპერტმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რუსეთს აგვისტოს ომის განმეორებისთვის თავზეხელაღებულობა ეყოს, თუმცა მაინც არაფერს გამორიცხავს.

-  სამწუხაროდ, არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არაფრის გამორიცხვა შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კრემლში მიღებულ ან მისაღებ გადაწყვეტილებებს ეხება. ეჭვი მეპარება, რომ რუსეთს დღეს ეყოს თავზეხელაღებულობის რესურსი ისეთი ტიპის ოპერაციისთვის, როგორიც აგვისტოში განახორციელა, - განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, გიორგი თარგამაძე, რუსეთის მხრიდან მთელი საქართველოს ოკუპაციაზე მეტად, შიდა სამოქალაქო დაპირისპირების სამხედროში გადაზრდის საფრთხეს ხედავს და ყურადღებას გასული საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისის სცენარის განმეორების საფრთხეზე ამახვილებს.

- ძალიან სერიოზულია ალბათობა იმ გეგმის გახორციელებისა, რომელიც საქართველოში რუსეთმა არაერთხელ განახორციელა. ეს არის შიდა სამოქალაქო დაპირისპირების სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდის საფრთხე, ანუ საფრთხე, რომელიც ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნას უკავშირდება. ეს არის რუსული ხელი და ყველამ ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ, - ამბობს თარგამაძე, თუმცა რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელგანგაუერის საექსპერტო შესაძლებლობებს ყურადღების ღირსად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ აგვისტოს მოვლენების წინ მან ზუსტად აღწერა სცენარი, რომელიც შემდგომში განვითარდა.

- ფელგენგაუერის პროგნოზი შეგვიძლია მივიღოთ, როგორც საფრთხე, ან გავუკეთოთ იგნორირება, მაგრამ პირადად მე იგნორირებას ვერ გავუკეთებ, რადგან მის მსჯელობაში არის ლოგიკა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ეკონომიკური კრიზისი გაზაფხულზე რუსეთში კიდევ უფრო გამწვავდება და სოციალური ბუნტია მოსალოდნელი. ასეთ დროს რუსეთი იწყებს ხოლმე სამხედრო ავანტიურას ყურადღების გადატანის მიზნით, - ამბობს თარგამაძე და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, დიდი სიფრთხილით მოეკიდოს და გააანალიზოს მოსალოდნელი საფრთხე, რაც ადრე არ გააკეთა.