ადამიანი დღე და ღამე კლავიატურაზე კაკუნითაა დაკავებული იმისთვის, რომ მისმა ტვიტებმა რაიმე გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიგნით მდგომარეობაზე, რაღაც ხელმოსაჭიდი ჰქონდეს ოპოზიციას, იგივე სალომე ზურაბიშვილს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ამერიკელ კონგრესმენსა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონზე საუბრისას.
„რადგან ჯო უილსონი რესპუბლიკური პარტიის წევრია ამიტომაც შეირჩა, რომ აქ განცდა შეიქმნას, რომ ისიც ხომ იმ პარტიას წარმოადგენს, რომელიც ტრამპის მიერ არის მხარდაჭერილი“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
მისი თქმით, ჯო უილსონი ტრამპის გუნდის წევრად არ ითვლება.
„გარკვეული ძალები, რომლებიც ასე ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, ასე ღიად ერევიან საშინაო პოლიტიკასა და წინასაარჩევნო კამპანიაში, ერთი ხელიდან იმართებიან და ამ შემთხვევაში განსხვავება არ აქვს, შენ რომელ პარტიას წარმომადგენელი ხარ, მთავარია კონტრაქტი ჰქონდეს „ფორმულასთან“ და კეზერაშვილთან, კონკრეტულ ანაზღაურებას იღებდე კონკრეტულ ტვიტებსა და განცხადებებში საიმისოდ, რომ ამას რეაგირება მოჰყვეს ქვეყნის შიგნით“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.
ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სალომე ზურაბიშვილს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე იწვევს.