სოზარ სუბარი: მიხელ ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ხალხის გაერთიანებას და გახდება ეროვნული ერთიანობის სიმბოლო

სოზარ სუბარი: მიხელ ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ხალხის გაერთიანებას და გახდება ეროვნული ერთიანობის სიმბოლო

შეძლებს თუ ვერა მიხეილ ყაველაშვილი ქართული საზოგადოების გაერთიანებას და მთავარი ამოცანის - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? - ამ კითხვაზე ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სოზარ სუბარმა უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მიხელი ყაველაშვილი არის ჭეშმარიტი პატრიოტი და მისი სახით საქართველოს ეყოლება პრეზიდენტი, რომლისთვისაც სამშობლო არის მთავარი საზრუნავი. 

„ბუნებრივია, როგორც ნებისმიერ საზოგადოებაში, ქართულ საზოგადოებაშიც არის განსხვავებული ხედვები, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება. შესაბამისად, ზოგი ერთ პარტიას აძლევს ხმას და ზოგი - მეორეს. მაგრამ, როდესაც საქმე მიდგება ქვეყნის ინტერესების მსახურებაზე, როცა დგება ჩვენი სამშობლოსთვის ნამდვილად ეგზისტენციალური საკითხი, მაგალითად, შევინარჩუნოთ მშვიდობა თუ კიდევ ერთხელ ჩავრთოთ ქვეყანა ომში, მაშინ ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის ერთიანი და მიხეილ ყაველაშვილი იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც ამ ერთიანობის სიმბოლოც იქნება და შეძლებს ჩვენი ხალხის გაერთიანებას.
ცხადია, არ ვგულისხმობ იმ ძალიან მცირე რაოდენობას, რამდენიმე ათას ოპოზიციონერ აქტივისტს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თავიანთ ლიდერებთან ერთად დააზიანონ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები. ამ თვალსაზრისით, მიხეილ ყაველაშვილი ნამდვილად იქნება ქვეყნის გამაერთიანებელი. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, დღესაც არაერთხელ ისმოდა ქუჩაში აქციების მონაწილეების მხრიდან ლოზუნგები - რომ ისინი ბოდიშს არავის მოუხდიან და ა.შ. ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეს კი ვერ მოხდება, თუ არ გვექნება დიალოგი ჩვენს თანამოქალაქე აფხაზებთან, ოსებთან და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა ადამიანებთან. ვერ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა, თუ არ მოხდება შერიგება, თუ მათ არ ექნებათ ნდობა ქართული სახელმწიფოს მიმართ. ბუნებრივია, შერიგებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს სწორედ ბოდიში საკუთარი მოქალაქეების მიმართ იმის გამო, რომ ვერ შევძელით ომის თავიდან აცილება, იმის გამო, რომ არაერთი შეცდომა დავუშვით ჩვენივე მოქალაქეების მიმართ. ხოლო ვისაც ბოდიშის მოხდა არ უნდა, მას არ უნდა საქართველოს ერთიანობა, რადგან ის ასრულებს უცხო ქვეყნის დაკვეთას. როდესაც გვეყოლება პატრიოტი პრეზიდენტი, მაშინ იხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ასპარეზი, რომლისკენაც გზა გადის ისევ და ისევ შერიგებაზე. ადამიანებს შორის შერიგებას უნდა მოჰყვეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა,” - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. 

რაც შეეხება იმას, დატოვებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სოზარ სუბარის თქმით, ზურაბიშვილს დარჩა ერთი ღამე და ის აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი. „დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილი 29 დეკემბერს დატოვებს პრეზიდენტის სასახლეს. არა მგონია, ვინმემ გარისკოს მასთან ერთად იმ სასახლეში გამაგრება, იმიტომ, რომ ეს არის სერიოზული დანაშაული. ვფიქრობ, ყველას ეყოფა გონიერება და ასეთ პროვოკაციაზე არ წავლენ, არ გაწირავენ საკუთარ თავს მრავალწლიანი პატიმრობისთვის. ასე რომ, ხვალ ყველაფერი იქნება ძალიან ნორმალურად - პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი, შედგება ინაუგურაცია და საქართველოს ეყოლება მართლა პატრიოტი პრეზიდენტი, კაცი, რომლისთვისაც საქართველო არის მთავარი სალოცავი, მთავარი საზრუნავი და კაცი, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტს მოაქცევს კონსტიტუციურო ჩარჩოებში," - განაცხადა სოზარ სუბარმა.