ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორე არის გმირობის, პატრიოტიზმის, პრაგმატიზმის, თავდადების სიმბოლო, მისი უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს ერეკლე მეორის ძეგლი შეემატება

ირაკლი კობახიძე: ერეკლე მეორე არის გმირობის, პატრიოტიზმის, პრაგმატიზმის, თავდადების სიმბოლო, მისი უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს ერეკლე მეორის ძეგლი შეემატება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერ კახა კალაძესა და კულტურისა და სპორტის მინისტრ თინათინ რუხაძესთან ერთად, ახლად რეაბილიტირებული „სამგორის პარკი" დაათვალიერა, სადაც ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდება.

მთავრობის მეთაური პარკში შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა განახორციელა.  ახლად რეაბილიტირებულ პარკში მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრის მიხედვით შექმნილი ერეკლე მეორის ძეგლის გახსნა 2025 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

„ერეკლე მეორე არის გმირობის, პატრიოტიზმის, პრაგმატიზმის, თავდადების სიმბოლო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქს შეემატება ერეკლე მეორის ძეგლი. მისი უკვდავყოფა თითოეული ჩვენგანის ვალია და ეს ძეგლი ამაში თავის წვლილს შეიტანს. ძალიან მნიშვნელოვანი სარეკრეაციო სივრცე ეწყობა თბილისში. კახა კალაძის მერობის პერიოდში მწვანდება, კიდევ უფრო მეტად ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი და რა თქმა უნდა, ასეც უნდა გაგრძელდეს. ჩვენ გვჭირდება განვითარება და ეს პროექტიც ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მაგალითია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარკის რეაბილიტაციის პროცესში, 2 ჰექტარ ფართობზე მოეწყო სასეირნო ბილიკები, სპორტული მოედანი, ამფითეატრი, საბავშვო მოედნები და მოსასვენებელი სივრცეები. სამუშაოების ღირებულებამ 5 მილიონი ლარი შეადგინა.