შალვა რამიშვილი - „ბინძური კეშის“ მოყვარული ჟურნალისტი!

შალვა რამიშვილი - „ბინძური კეშის“ მოყვარული ჟურნალისტი!

„ჟურნალისტიკაში თუ მიდიხარ ადამიანი, 30 წლის ასაკში შენი ან უნდა ეშინოდეს ვინმეს, ან უყვარდე. მაყურებელი შენს გამოჩენას ეკრანზე, გულის ფანცქალით უნდა ელოდეს, არა აქვს მნიშვნელობა რა სფეროში ხარ ჟურნალისტი. ჩემი აზრით, სწავლა სისულელეა, მაგრამ სულელური ლექციები რომ არ მოისმინოთ, გექნებათ განცდა რომ კლასიკური განათლება ვერ მიიღეთ", - აღნიშნა სამუშაო კვირის ბოლოს, ზურაბ ჟვანიას სახელობის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, მედიისა და კომუნიკაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტებთან შეხვედრისას რამიშვილმა და თავისი ხედვები ჟურნალისტიკაზე, ასე განაგრძო: - „ჟურნალისტმა რომ ფაქტების სიზუსტე უნდა გადმოსცეს, სისულელეა! ჩვენ ვართ „ბინძური კეშის" მოყვარულები და ამიტომ ვაკეთებთ ტელევიზიებს.

მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა, არ არსებობს. ეს არის პირველი სისულელე, რასაც აქ გასწავლიან. „ჯუნგლის კანონით მაცხოვრებელი მედიატყეში" არ გამოდგება! ჟურნალისტის ემოცია არ მაინტერესებს, მე თუ „ბოსი" ვარ და ჟურნალისტმა თავისი იდეები გამოაჩინა, მე მას გავაგდებ! მირჩევნია, მქონდეს დაბალი ხარისხის პროდუქცია, ვიდრე ვინმეს ვუხსნა რაღაცეები", - განუმარტა მომავალ ჟურნალისტებს.

რამიშვილმა ისიც თქვა, რომ ჟურნალისტის ღმერთი რეიტინგია, პატიოსნება არაფერ შუაშია და თვალსაჩინოებისთვის, კონკრეტული მაგალითიც დაასახელა:

„გადაცემა ძუძუებზე იქნება თუ პოლიტიკაზე, ეს უნდა იყოს შოუ! ადამიანი უნდა მივიზიდოთ სანახაობით. რა არის პრიორიტეტი, რეიტინგი თუ სიმართლე? არსებობს „ენჯეოები", „მასტურბაცურები", სადაც მაგაზე შეიძლება ლაპარაკი, მაგალითად ბლოგები, ტელევიზიაში კი, მთავარი შოუა! „რესპუბლიკურ პარტიაშიც" არიან პატიოსნები, მაგრამ არ აქვთ რეიტინგი. - რეიტინგი კი ჩვენი ღმერთია!“

შალვა რამიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე, „საკუთარი გამოცდილების" გაზიარებისას იმის თქმა არ იკმარა, რომ ჟურნალისტმა რეიტინგის გულისთვის მაყურებელი უნდა ატყუოს და საუბარი იმ ადამიანების კრიტიკით განაგრძო, ვისაც ჟურნალისტიკის მთავარ პრიორიტეტეად, ინფორმაციის კეთილსინდისიერად გავრცელება მიაჩნია.

„თქვენ შეიძლება ფიქრობთ, მე „ერთი ადგილი მივეცი" მუშაობა რომ დამეწყო...

გგონიათ, გამაჩუმებენ? უბრალოდ, მომწყინდა თავისუფალი სიტყვის დამცველის მანტიაში გახვეული გმირის თამაში! თქვენ ზვიად ქორიძე ჩემზე პატიოსანი გგონიათ? როგორ ფიქრობთ, ჯერ არ უმუშავია მთავრობის მიერ დაფინანსებულ გაზეთებში. „ჩემი დედა ვატირე"?! „საქართველოს გაზეთი", რომელსაც ქორიძე უშვებდა 90-იან წლებში, ლევან მამალაძის დაფინანსებული იყო!“ - განაცხადა რამიშვილმა.

საბედნიეროდ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ერთი საათის განმავლობაში, აუდიტორიას მოწვეულ სტუმართან, საკმაოდ კითხვის დასმის საშუალება ჰქონდა, მათ შორის მეც. – „შალვა, არცერთ საკითხში არ გეთანხმები! საერთოდ მგონია, რომ საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს! რატომ უნდა დაგიჯერო, რომ მთავარი რეიტინგია? უყურე გუშინ „მაესტროს" (8 ოქტომბერს, გადაცემა „საკანში", ჟურნალისტები: ზვიად ქორიძე, ია ანთაძე, ელისო ჩაფიძე და ქეთი ხატიაშვილი, ქართულ ჟურნალისტიკაში არსებულ პრობლემებს განიხილავდნენ) (?) როგორ გგონია, დღეს შენი რეიტინგი უფრო მაღალია, თუ იმ ჟურნალისტების რომლებიც ჩამოვთვალე?

„ქალიშვილები და უკარებები საქმეს ვერ აკეთებენ, საკნის სტუმრებს ვგულისხმობ"! - მიპასუხა მისთვის დამახასიათებელი ვულგარულობით შალვა რამიშვილმა, რომელმაც საუბრის დასასრულს, კბილი ტელეკომპანია „მაესტროსაც" გაჰკრა და აუდიტორიიდან წამოსულ რეპლიკას, რომ ის „იმედში" გიორგი არველაძესთან სამუშაოდ არ უნდა მისულიყო, უპასუხა: - „მაესტროშიც” ვცადე მისვლა, მაგრამ არ მიყვარს, როცა ადამიანები შეხვედრაზე იგვიანებენ და მერე ნასვამები მიდიან"! - განმარტა რამიშვილმა.

მივიდა თუ არა შეხვედრაზე დაგვიანებით ნასვამი მამუკა ღლონტი, შალვა რამიშვილმა შეკითხვას აღარ უპასუხა, - „შეხვედრისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურაო" და აუდიტორია დატოვა.