დობრინინმა საქართველოში „მოკრძალებით“ იმღერა

დობრინინმა საქართველოში „მოკრძალებით“ იმღერა

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი. მცველების ცოცხალი კედელი. გარეთ დარჩენილი უბილეთო მელომანები. იღბლიანი მაყურებელი 15-ლარიან ადგილებს იკავებს. სცენის ღარიბი დეკორაცია. ხალხი კუმირს აპლოდისმენტებით მოუხმობს.

დარბაზი ნელ-ნელა ბნელდება და განათებულ სცენაზე გამოსული, ექსტრავაგანტური კონფერანსიე იუბილარი დობრინინის პერსონას წარმოგვიდგენს - ესტრადის ჯადოქარი და მელომანთა კერპი 50 წლისაა!

30 წელი ესტრადაზე, ხალხის სიყვარული, პოპულარობა, სახელი, დიდება, ფუფუნება და ყველაფერი ეს დობრინინის განუყოფელი „ატრიბუტებია“, რაც მრავალთათვის სიკვდილის ბოლომდე მხოლოდ ოცნებად რჩება. მქუხარე აპლოდისმენტებს რიტმული მუსიკა შეერწყა და... „დოქტორშლაგერი“ სცენაზეა.

მცირე ხანში ემოციები ჩაცხრა, დარბაზში დობრინინისეული მუსიკა დაიღვარა. მომღერალს „ფანების“ ერთი ჯგუფი თავის ხმას უერთებს. ახალგაზრდა მამაკაცი დროს უქმად არ კარგავს, რიგებს შორის სხარტად „დასრიალებს“ და მაყურებელს კუმირის პლაკატებს 4 ლარად სთავაზობს, მაგრამ მას უყურადღებოდ ტოვებენ და „ნაღდი“ დობრინინის ყურებით ტკბებიან.

პროგრამა თვალსა და ხელს შუა ილევა. კონცერტი მთავრდება, მაგრამ ხალხი ესტრადის ჯადოქარს ვერ ელევა. ყვავილებში ჩაძირული სცენიდან კერპს აპლოდისმენტებით აცილებენ. როგორღაც მასთან მისვლას ვახერხებ. დაცვა მხოლოდ სამი კითხვის საშუალებას მაძლევს.

„ალიასთან“ საუბარში ვარსკვლავმა განაცხადა: „საქართველო დიდი იმპერიის ყოფილი ნაწილია. ქართველებს ჩვენგან არაფერი ესწავლებათ. ეს მომღერლების ქვეყანაა, აქ ქართველივით ვერ იმღერებ, ეს შეუძლებელია. ამას თავად ვგრძნობ და ამიტომაც, სცენაზე, მოკრძალებულად დავიწყე სიმღერა“.

ქართველი პუბლიკით აღფრთოვანებული განაგრძობს: „გასაოცარი ტემპერამენტის, ემოციების ხალხი ხართ და თქვენში ზღვა ენერგიაა...“

საუბრის ბოლოს იგი შეგვპირდა, რომ მეორედ ქართული სიმღერების რეპერტუარით გვესტუმრება. ვიაჩესლავ დობრინინი ლურჯი ლიმუზინით „ბერიკონში“ ქართულ „პურ-მარილზე“ წაბრძანდა. კონფერანსიემ, სერგეი კუზნეცოვმა კი „ალიას“ ირონიაშეპარული ღიმილით განუცხადა: ანსამბლის წევრები სასტუმრო „ივერიაში“ ლტოლვილების გვერდით დაგვაბინავეს, ბობოლები კი „მეტეხში“...

აუდიტორია დარბაზს ღიღინ-ღიღინით ტოვებს.