თაბუკაშვილის 50-ის მობინადრეების ქონება განადგურებულია, ინვესტორი კი - გაქცეული

თაბუკაშვილის 50-ის მობინადრეების ქონება განადგურებულია, ინვესტორი კი - გაქცეული

თბილისის ცენტრში, თაბუკაშვილის 50 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნგრევის ამსახველი სკანდალური კადრები მთელ საქართველოს ახსოვს. ამ დღეებში ეს ფაქტი ისევ წინ წამოიწია და ზედაპირზე სავალალო დეტალები ამოტივტივდა.

მაშინ, 2007 წლის ზაფხულში, ხალხი მოწმე გახდა იმისა, როგორ უყრიდა თბილისის მერია ფანჯრებიდან მობინადრეებს მათ ქონებას და როგორ გადაჰყავდათ სასწრაფო დახმარების მანქანებით დასანგრევად განწირული სახლის გულშეღონებული მცხოვრებლები.

საზოგადოებამ ეს ფაქტი საკუთრების ვანდალურ ხელყოფად შეაფასა, ხელისუფლება კი ირწმუნებოდა, რომ შენობა არ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების სტანდარტებს, კედლების არასაკმარისი სიმტკიცე საშიშროებას უქმნიდა ხალხს და და აუცილებელი იყო მისი დემონტაჟი. კორპუსის მობინადრეები საპირისპიროს დასამტკიცებლად ექსპერტიზის დასკვნებს იშველიებდნენ, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, თაბუკაშვილის ქუჩაზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა.

ცხადი იყო, რომ ეს ვიღაცის ინტერესებში შედიოდა. თბილისში უამრავი შენობა ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს, მაგრამ ასე დაუნდობლად ისინი არავის მოუსპია. თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლები და ამ ნგრევის შემყურე ხალხი დღესაც დარწმუნებულია, რომ ამ ამბავში ხელისუფლების ჩინოსნების კერძო ინტერესები იდო. თბილისის მერმა, გიგი უგულავამ საჯაროდ განაცხადა, რომ იმ ადგილზე ინვესტორი ძალიან მაგარ გასართობ შოპინგ–ცენტრს ააშენებდა.

მობინადრეების პროტესტის შესაჩერებლად პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბრძანება გამოსცა, მათთვის პირველი სკოლის უკან კორპუსი აშენებულიყო და ყველა მათგანი კეთილმოწყობილი ბინით დაკმაყოფილებულიყო. მოქალაქეებს ხელშეკრულებებიც გაუფორმეს. დაპირებული სახლის აშენებამდე ნაქირავები ბინის გადასახადიც ინვესტორს უნდა გადაეხადა. მაგრამ თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს, როგორც ჩანს, ეჭვის ჭია მაინც ღრღნიდათ და არცთუ უსაფუძვლოდ, ამიტომ სამართლიანობისთვის ბრძოლა სასამართლოს გზით გააგრძელეს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

2007 წლის ივნისიდან მოყოლებული დღემდე სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. ამა წლის 13 თებერვალს თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ თაბუკაშვილის 50 ნომრის მცხოვრებლების სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო. მოსამზადებელ სხდომაზე მათ განუცხადეს, რომ საჩივრის შეტანის ვადები დარღვეული იყო. მოქალაქეები იმავე დღეს სახალხო დამცველის ოფისთან შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ მათ ბრძოლა გამოუცხადა და ამ გამოწვევას იღებენ. მათ ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იცავს, რომელმაც "სარკეს" საქმის ახლანდელი ვითარება გააცნო.

დიმიტრი გაბუნია:

- 2007 წლის 20 ივლისს შევიდა სასამართლოში ჩვენი განცხადება. არანაირი ვადები არ დაგვირღვევია. არგუმენტი, რომ სარჩელი შეტანილია დაგვიანებით, აბსოლუტურად ულოგიკო და აბსურდულია. ვითხოვდით ზედამხედველობის იმ დადგენილების ბათილად ცნობას, რომელიც 20 ივნისს მივიღეთ. ადმინისტრაციული წარმოება, როგორც მინიმუმი, 10 დღით ადრე უნდა დაწყებულიყო. სახლის დემონტაჟისთვის მოვიდნენ და ალყა შემოარტყეს კორპუსს. მაშინ ჩაგვბარდა ეს დადგენილება, რასაც ხელს აწერს მაქაცარია. ეს დადგენილება ვადებში გავასაჩივრეთ. დაახლოებით ორი წელი თითქოს მიდიოდა მოლაპარაკებები ამ ხალხთან, რომ მათ აუშენებდნენ პირველი სკოლის უკან სახლს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ინვესტორმა ვერაფერი გააკეთა, ფუნდამენტიც კი ნახევრამდეა ჩასხმული. ხელშეკრულებით კი, ამ წლის ბოლოს, 19 დეკემბერს, სახლი უნდა ჩაბარდეს. ინვესტორი მათ ეუბნება, რომ არ აქვს საშუალება, ააშენოს სახლი. ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი მშენებლობა, ხალხს საკუთრება დაუნგრიეს, კეთილი ინებოს და სახელმწიფომ გამოყოს შეღავათიანი სესხი იქნება თუ სხვა რამ და დროულად მისცეს კუთვნილი ქონება.

ამ ხალხს უკვე აღარაფრის სჯერა. ამ ადამიანებს მოუსპეს უფლება, თავიანთი ინტერესი დაიცვან ეროვნულ სასამართლოში. ძალიან კარგი! არ დაველოდებით სხვადასხვა ინსტანციებს, უკვე შეგვიძლია წავიდეთ სტრასბურგში. ამის პარალელურად საქართველოს გენპროკურორს, იუსტიციის მინისტრ ადეიშვილს მივმართავთ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით ქალაქის მერიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ. ეს ხალხი უჩივის ბატონ გიგი უგულავას, ლაშა მაქაცარიას და ყველა იმ ხელმძღვანელ პირს, ვისი მითითებით და მონაწილეობით დაინგრა მათი საკუთრება. მათ წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. მოტივი სახეზეა - სხვისი საკუთრების უხეში ხელყოფა, სხვისი ქონების განზრახ განადგურება სპეცრაზმისა და პოლიციის ძალის გამოყენებით. ეს ყველამ ვიხილეთ და ამის ვიდეომასალა არსებობს.

კითხვაზე, თუ რატომ არ მოითხოვეს აქამდე, თითქმის 2 წლის განმავლობაში ამ პირების წინააღმდეგ სს საქმის აღძვრა, დიმიტრი გაბუნია გვპასუხობს:

- თითქოს დაკმაყოფილდა ეს ხალხი. სხვა გზა არ იყო, სახლი დაუნგრიეს და დათანხმდნენ პირველი სკოლის უკან სახლის აშენებას. წელიწადნახევარი ელოდებოდნენ სახლს და იმიტომ არ შევიდა საჩივარი. ვადები დარღვეული არ არის. სისხლის სამართლის საქმის დადგენა ახლაც შეიძლება. ფაქტია, ეს ხალხი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ხახამშრალი დატოვეს. ნამდვილად არ მინდოდა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე წავა სტრასბურგში. ზიანის ანაზღაურებაზე ცალკე სარჩელი შევიტანეთ და მოვითხოვთ, სახელმწიფომ ამ ბარბაროსული დანგრევის გამო მიყენებული ქონებრივი ზიანი აანაზღაუროს. უკვე ორი თვეა ამ ხალხს ბინის ქირასაც არ უხდიან და სულ იმის შიშის ქვეშ არიან, როდის გამოყრიან ქუჩაში. თან ქონება გაუნადგურეს. 24 ოჯახი დარჩა ასეთი უგუნური გადაწყვეტილების გამო ქუჩაში. გამოწვევა მიღებულია და ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. მერწმუნეთ, ეს ძალიან ცუდად დაუმთავრდებათ!

"სარკე" დაზარალებულ მოქალაქეებს ესაუბრა.

- ძალადობრივი გზით გამოგვასახლეს, გამოგვაგდეს საკუთარი სახლებიდან. გაგვინადგურეს ქონება და დაგვინგრიეს წლობით ნაშენები, ოფლით და შრომით შეძენილი ჩვენი ქონება. შემდგომ ბევრი ბრძოლით ურთიერთობა თითქოს მოწესრიგდა და მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უნდა მიგვეღო კუთვნილი უძრავი ქონება. ბევრი განცხადება გაკეთდა. კონკრეტულად ნინო ბურჯანაძემ თქვა, რომ ჩვენ თურმე მივიღეთ ოთხმაგი თუ ხუთმაგი კომპენსაცია. ეს ტყუილია! ყველას გასაგონად ვაცხადებ, ეს ხელშეკრულებები არის ღია, ყველამ მიიღო ზუსტად ადეკვატური ფართები, არანაირი დამატება ან ფულადი კომპენსაცია არ ყოფილა. ყველას უნდა ჩაბარებოდა ისეთი ფართი და ისეთი კეთილმოწყობილი, როგორიც ჰქონდა. კითხულობთ, დღემდე რატომ ვიყავით მშვიდად? ჯერ ერთი, იყო მყარი დაპირება, რომ "კაპიტალვოსტოკი", რომელიც საკმაოდ სერიოზული კომპანიაა, ააშენებდა ამ სახლს, მაგრამ დეველოპერს შეექმნა პრობლემები. აღიარებს, რომ დაარღვევს კონტრაქტს. ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, ეს თემა არ ყოფილიყო რაიმე სპეკულირების და ხმაურის საგანი. არ გაგვიკეთებია მწვავე განცხადებები, რადგან ამ სახლში 24 ინტელიგენტი ოჯახი ცხოვრობს, ვისაც თავისი სამშობლო ძალიან უყვარს. იმედით ვიყავით დღემდე, მაგრამ ეს ბოროტად გამოიყენეს. ავირჩიეთ წმინდა სამართლებრივი გზა და მივყევით ყოველგვარი აღშფოთების, აღელვების გარეშე. სასამართლომ კი მიიღო შესაბამისი დავალება და საქმე განუხილველი დატოვა. არჩევანი აღარ დაგვიტოვეს, ომი ღიად გამოგვიცხადეს. ჩვენ ეს ომი მივიღეთ, საომარ რეჟიმში ვიქნებით ხისტები და შესაბამისად ვიმოქმედებთ, - აცხადებს ივანე ადამაშვილი.

მობინადრეებთან საუბრისას გაირკვა, რომ მხოლოდ ხუთი ოჯახია ქირით გასული, დანარჩენები კი ახლობლებთან ცხოვრობენ.

- ისიც გვითხრეს, ჩვენ ქირით ბინებს მოგცემთ და თუ თქვენ არ გინდათ, გააქირავეთო, მაგრამ ესეც არ გავიკეთებია, არ ვიკადრეთ. ჩემი შვილი დღემდე ჩემთან ცხოვრობს. ინვესტორები, ვის გამოც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩვენი სახლი დაანგრია, საქართველოდან წავიდნენ. ქუჩაში დავრჩით, საკუთრების გარეშე დაგვტოვეს, - გვითხრა მაია გოგოლაძემ.

მეგი კუხალეიშვილი ვერ ივიწყებს იმ დღეს, როცა სახლს უნგრევდნენ, ის კი იხვეწებოდა, ბინიდან ნივთების გატანის საშუალება მაინც მიეცათ.

- მთელი ვერაფერი გამოვიტანეთ. ვეხვეწებოდით, ნივთები მაინც არ გაენადგურებინათ, გასაღებს მოგცემთ, კარს ნუ შეამტვრევთ, ნივთებს გამოვიტან–მეთქი. არავინ გვისმენდა. გარედან ვუყურებდი, როგორ ცვიოდა ფანჯრიდან ჩემი ნივთები. ვერ წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესი მივიღეთ! - იხსენებს მეგი კუხალეიშვილი.

მარი მუზაშვილს იმ დღეს ექიმების დახმარება დასჭირდა. ახლა ქირით ცხოვრობს, მაგრამ ბოლო ორი თვის ქირა დაგვიანებით რამდენიმე დღის წინ გადაუხადეს მის დიასახლისს.

24 ოჯახი, რომელიც თავს ხელისუფლების მიერ მოტყუებულად თვლის, სამართალს საქართველოში ვერ პოულობს და ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგში აპირებს. ევროსასამართლოში საქართველოს ხელისუფლებამ უკვე არაერთი პროცესი წააგო თავისსავე მოქალაქეებთან. ამ პროცესის წაგების შემთხვევაშიც საკმაოდ სოლიდური თანხების გადახდა მოუწევს, რადგან მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანი უზარმაზარია, ამაზე აუდიტის დასკვნებიც მეტყველებს. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლების ჩინოსნებს ეს დიდად არ ადარდებთ, რადგან სტრასბურგში წაგებული თითოეული ევრო არა მათი საკუთარი, არამედ სახელმწიფოს ანუ სრულიად უდანაშაულო ხალხის ჯიბეებიდან იხდება.