საქართველოს ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული აღმოსავლეთის ისტორიასთან. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, განსხვავებული მოსაზრებები იჩენს ხოლმე თავს ადგილობრივ და უცხოელ ისტორიკოსებს შორის. სწორედ ამ განსხვავებებზე გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მირიან მახარაძე.
- ისტორია არ არის ზუსტი მეცნიერება. ერთი ახალი ისტორიული წყაროს აღმოჩენაც კი ისტორიკოსებს საშუალებას გვაძლევს ახლებურად გადმოვცეთ ჩვენი ნააზრევი. ზოგჯერ ისეთიც, რომელიც კარდინალურად განსხვავდება მანამდე არსებული შეხედულებებისგან. ამ შემთხვევაშიც ასეა და ამჟამად ვისაუბრებთ ქართველ და თურქ ისტორიკოსებს შორის არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე.
კერძოდ?
- ყველა ისტორია სახელმწიფოსთვის იწერება. ისტორიით მოზარდი იგებს თავისი წინაპრის ნაღვაწს და ეამაყება, რომ ამა თუ იმ ეთნოსის წარმომადგენელია. ამიტომ, ამგვარი ისტორიებისთვის, ყოველთვის გმირობაზეა ყურადღება გამახვილებული და ჩრდილშია მოქცეული მისი უარყოფითი მხარეები. კარდინალურად განსხვავებულია მეცნიერებასა და ისტორიულ ფაქტებზე აღმოცენებული მოსაზრებები. აქ ისტორიკოსისთვის მთავარია ფაქტი და მოვლენა. პრაქტიკულად, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო გმირი და ვინ - ანტიგმირი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თუ რომელიმე ოსმალო დამპყრობელი საქართველოს ისტორიაში დამწიოკებლად და ამაოხრებლად აღიქმება, დღევანდელ თურქეთის რესპუბლიკაში ის მიღებული პიროვნება და გმირია. მაგრამ, სამეცნიერო ისტორია გამოკვეთილია იმით, რომ აქ არ არის აღნიშნული ისეთი ტერმინები, როგორიცაა დამპყრობელი, ამაოხრებელი და ასე შემდეგ. ამიტომ ქართველ და უცხოელ ისტორიკოსებს ყოველთვის ფაქტებისა და კამათის საფუძველზე უწევთ ჭეშმარიტების დადგენა. რასაც მნიშვნელოვანწილად ხელს უწყობს სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციები, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.
მოგიყვანთ რამდენიმე განსხვავებულ აზრს, რომელიც ზოგიერთ თურქ მკვლევარს გააჩნია საქართველოს მიმართ. მაგალითისთვის გაგაცნობთ ცნობილი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მკვლევრის, ფაჰრედინ კირზიოღლუს ზოგიერთ ნააზრევს. აღნიშნული მკვლევარი რამდენიმე მონოგრაფიის ავტორია, რომელიც პირდაპირ საქართველოს ეხება. მათგან გამოყოფის ღირსია 2 მონოგრაფია: „ყივჩაღები“ და „კავკასიის დაპყრობა ოსმალთა მიერ“.
რა სახის ინფორმაციას გვაწვდის ეს მონოგრაფიები?
- თითოეული მონოგრაფია ძალზე საინტერესოა. უამრავი აღმოსავლური და ევროპული წყაროთია შევსებული, რაც ჩვენ საქართველოს ისტორიაზე დამატებით ინფორმაციას გვაძლევს, მაგრამ მონოგრაფიების გაცნობის დროს თუ კარგად ჩავუკვირდებით, მკვლევარი წყაროებისა და მოვლენების ანალიზის საფუძველზე კი არ მიდის შედეგამდე, არამედ მას შედეგი თავიდანვე აქვს დასახული და მხოლოდ ამ შედეგს უფარდებს სათანადო ისტორიულ წყაროსა და მოვლენას. მაგალითისთვის გეტყვით იმასაც, რომ ქართული წყაროები ნაწილობრივ აქვს გამოყენებული, ანუ წყვეტს იქ, რა ინფორმაციაც მას სჭირდება. ერთი ასეთი წყაროა ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემა, რომელსაც კირზიოღლუ იყენებს. კერძოდ, 1454 წელს ოსმალებმა მარბიელი ლაშქრობა განახორციელეს სოხუმზე, რის შემდეგაც მათ გასადევნად გიორგი მერვე გაემართა. ვახუშტი შეცდომით, თარიღის 1454 წლის მაგიერ, 1451 წელს უთითებს. ამიტომ, კირზიოღლუ ასკვნის, რომ ოსმალები ორჯერ იყვნენ საქართველოში და ამ პერიოდიდან დასავლეთ საქართველო ოსმალეთის შემადგენლობაში შედიოდა. წყაროთა ანალიზი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ეს მხოლოდ ერთი მარბიელი შემოსევა იყო. ფაჰრედინ კირზიოღლუ ვახუშტის წყაროს წყვეტს. ანუ, მას ეს ისტორიული ფაქტი მოჰყავს იქამდე, სადაც ოსმალური ლაშქრობაა ასახული და არაფერს ამბობს თვითონ ამ წყაროს გაგრძელებაზე, სადაც აღწერილია, რომ გიორგი მერვე გაემათა ოსმალების გასადევნად. თუმცა, მან, მათ სოხუმში უკვე ვერ მიუსწრო.
კიდევ რას ასკვნის კირზიოღლუ?
- საინტერესოა კირზიოღლუს მონოგრაფია „ყივჩაღები“, რომელიც მთლიანად ეხება მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნეების საქართველოს ისტორიას. მასში იდეოლოგიური საკითხია გატარებული. მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნეები ერთგვარად უკავშირდება მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეების პრობლემატიკას. ანუ კირზიოღლუს იდეოლოგიური გზავნილია ის, რომ დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოსახლებული ყივჩაღები დაფუძნდნენ სამცხეში და ისინი იგივე დღევანდელი ახალციხელების წინაპრები არიან.
„დღევანდელ ახალციხელებში“ ვინ იგულისხმება?
- საქართველოში მათ მესხებს ვეძახით, ანუ ეთნიკურ ქართველებს. რუსულმა ისტორიოგრაფიამ დამახინჯებული სახელი - თურქი-მესხები უწოდა, რითაც ერთგვარად ეს ხალხი ქართველებს დააშორა. თურქები მათ ახისკას, ანუ ახალციხელებს უწოდებენ.
კირზიოღლუს აღნიშნული მონოგრაფია მიზნად ისახავს მხოლოდ ერთ რამეს - მესხები გააიგივოს ყივჩაღებთან და რადგანაც ყივჩაღები თურქული ტომისანი არიან, ესე იგი მესხებიც თურქები გამოდიან. ესე იგი სამცხე თურქული ტომის კუთვნილებაა.
რა აძლევს კირზიოღლუს ასეთი აბსურდული დასკვნის გაკეთების საფუძველს?
- ეს არის მთელი იდეოლოგიური მანქანა. საბჭოთა კავშირის დაშლის და ფერღანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ მრავალმა გადასახლებულმა მესხმა თურქეთს მიაშურა. აქ მათ ლტოლვილის სტატუსი მიიღეს და მრავალი პრივილეგიით სარგებლობდნენ. თურქეთმა მათ აგრძნობინა, რომ ისინი დაჩაგრულები იყვნენ მხოლოდ იმის გამო, რომ თურქები არიან და ჩაირთო ისტორიული მანქანაც. წინაპრებიც კი გამოუძებნეს ყივჩაღების სახით. ერთ-ერთმა არზრუმელმა პროფესორმა, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ დავასახელებ, ოშკისა და იშხანის დათვალიერების შემდეგ სიამაყითაც კი მითხრა: რა მაგრები ყოფილან ჩვენი წინაპარი ყივჩაღები, რომ ასეთ ძეგლებს აშენებდნენო.
თუ ყივჩაღებს წინაპრად ასახელებდა, თქვენს მიერ მოწოდებული ლოგიკით, ეს პიროვნება თურქეთში ეგრეთ წოდებული ახალციხელი იყო?
- ეს პიროვნება მართლაც თურქეთში ეგრეთ წოდებული ახისკა იყო, რომელმაც საფუძვლიანად გაიარა კირზიოღლუს სკოლა და თავის თავი ყივჩაღის შთამომავლად მიაჩნია. აღნიშნული პიროვნება საქართველოს ისტორიაზე მუშაობს, მაგრამ სამცხეში გრიგოლ ხანძთელის მიერ დაწყებული სამონასტრო აღმშენებლობა მთლიანად უგულებელყოფილი აქვს და ყივჩაღების ნამოღვაწარი ჰგონია.
კიდევ უფრო შორს მიდის კირზიოღლუს მოსწავლე იუნუს ზეირექი.
ვინ არის იუნუს ზეირექი?
- ეს არის პიროვნება, რომელიც ცენზით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია, თუმცა, როგორც მკვლევარს, მას თურქეთის ისტორიული საზოგადოება არ აღიარებს.
რატომ?
- თუ კირზიოღლუ ისტორიული წყაროს თავისთვის მისაღებ ნაწილს მაინც ეყრდნობა, ამ პიროვნებისთვის ისტორიული ფაქტი თითქმის არ არსებობს. სხვადასხვა ფონდების მეშვეობით, მან რამდენიმე მონოგრაფია გამოუშვა საქართველოს ისტორიული კუთხეების შესახებ. ამ მონოგრაფიათაგან საინტერესო და აღსანიშნავია „აჭარა და აჭარლები“, რომლის რამდენიმე დეტალზე შევაჩერებ ყურადღებას. რომ არაფერი ვთქვათ ისტორიულ ნაწილზე, ფართო მკითხველისთვის უფრო გასაგები იქნება აჭარის გეოგრაფიული მდებარეობის მისეული აღწერა და აჭარლების წარმოშობის საკითხი. გეოგრაფიულ ნაწილში იგი აჭარას შემდეგნაირად ახასიათებს: ვითომდა აჭარას ესაზღვრება თურქეთი, ახალციხე, გურია. მისი ვერსიით, ისტორიული საქართველო თბილისიდან ხაშურამდე შემოისაზღვრება. ყოველივე აქედან, ნათელი ხდება, რომ მონოგრაფია ერთგვარად იუმორისტულ ხასიათს ატარებს, ამას თურქი მკითხველი რომ არ ენდობოდეს.
საინტერესოა, აჭარლების წარმომავლობასთან დაკავშირებით რა დასკვნას აკეთებს ეს პროფესორი?
- ასობგერა „ჭ“ თურქულ ენაში არ არსებობს. ამიტომ „ჭ-ს“ ზეირექი თავისებურად გ ასოთი ცვლის. ეძებს თურქულ ისტორიულ-ტომობრივ სახელს და პოულობს აგართა ტომს, რომლის შესახებაც ცნობები თითქმის არ მოიპოვება. „აგარს“ უკავშირებს „აჭარს“ და ასკვნის, რომ აჭარლები აგარიანთა ტომის შთამომავალნი არიან. ამ საფუძველს ამტკიცებს ერთი უჩვეულო დასკვნით, მისი სიტყვებით სწორედ ამიტომ რამდენიმე სოფელი აჭარაში ცნობილია, როგორც აგარა. სავარაუდოდ, აღნიშნულ მკვლევარს არ გაუგია, საქართველოში სახელი აგარის წარმომავლობა. სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით „აგარა“ - აგარაკია და დასასვენებელ, მოსასვენებელ ადგილს ნიშნავს. ალბათ, იუნუს ზეირექს არ გაუგია, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი არსებობს სახელწოდებით აგარა, თორემ იქაც დაიწყებდა აგარიანთა ტომის ძიებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებს თურქეთის ნამდვილი ისტორიული საზოგადოება ყურადღებას არ აქცევს, ერთგვარად გახშირდა ამგვარი მონოგრაფიების დამოწმება სხვადასხვა კვლევებში. მათგან აღსანიშნავია, ისეთი სერიოზული ენციკლოპედიური გამოცემები, როგორიცაა: ლაროსის ენციკლოპედია და ისლამის დიდი ენციკლოპედია. მართალია, ამ ენციკლოპედიურ გამოცემებში მთლიანობაში არ იზიარებენ ზეირექის „აზრს“, გარკვეულწილად, რაღაც მიმხრობა მისი გადმოცემების მიმართ მაინც შეინიშნება.
მაგალითად?
- დიდი ისლამის ენციკლოპედიის ოცდამეორე ტომში დაბეჭდილია სტატია „საქართველო“, სადაც ერთგვარად მოიაზრება რომ საქართველო და აჭარა ერთ პოლიტიკურ სივრცეში არ განიხილება. ყოველივე აქედან, შესაძლებელია, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება: საქართველომ, რაც შეიძლება, მეტი საერთაშორისო კონფერენცია უნდა მოაწყოს თავის ქვეყანაში, რათა უცხოელმა მკვლევარმა გაიაზროს ქართველ მკვლევართა ნააზრევი. უფრო მეტიც, საქართველოს ისტორიული სინამდვილე უნდა ითარგმნოს უცხო ენაზე და პოპულარიზაცია გაუკეთდეს სხვადასხვა ქვეყანაში, რადგანაც უცხოელმა მეცნიერებმა, ნებსით თუ უნებლიეთ საქართველოს გამოსაკვლევად სამაგიდო წიგნად არ გაიხადონ ზემოთ აღნიშნული ავტორების მონოგრაფიები.