31 წლის ტელეჟურნალისტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ოპოზიციურად განწყობილი ნაწილისთვის და არამარტო მათთვის ძალიან პოპულარული სახეა, თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიმდიდრედ, ხმამაღალი ნათქვამი გამოგვივა, მაგრამ ასეა - მეგობრებს და საკუთარ სინდისს მიიჩნევს. მისმა ოჯახმაც, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, გამოიარა გაჭირვებისა და დეპრესიის წლები გასული საუკუნის 90–იანებში. თავად ალეკოს დიდი შანსი ჰქონდა, მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭი, „ავტომატიანებს" ჩაეთრიათ, რომელთაგანაც ცოცხალი დღეს ძალზე ცოტაა დარჩენილი. მაშინდელმა „დაყაჩაღებებმა" არც მის ოჯახს აუარა გვერდი, ალეკოს მამას მანქანა წაართვეს.
ალეკო პროფესიით ჟურნალისტი არ არის, შემთხვევით აღმოჩნდა ამ სფეროში და ზუსტად აქ იპოვა თავისი ადგილი. ერთ ოცნებას კი დღემდე ვერ ელევა - სამხედრო კარიერას. ოფიცრობა ძალიან უნდოდა, მაგრამ ხელი უფულობამ შეუშალა. მერე კი უთხრეს, ამ საქმისთვის უკვე გვიანიაო. ორჯერ ჰქონდა უმუშევრობის მძიმე პერიოდი, რომელიც მეგობრებმა გადაატანინეს. ასეთია რამდენიმე შტრიხი მისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან, დანარჩენს კი თავისი წარმატებულ–წარუმატებელი პერიოდების შესახებ თავად გვიამბობს.
ალეკო ელისაშვილი: ბავშვობაში რა გატაცებაც მქონდა, დღემდე მივტირი - ეს იყო სამხედრო კარიერა. სულ ადრე მზვერავობა მინდოდა. საკუთარ თავს სასტიკ ექსპერიმენტებს ვუტარებდი. მაგალითად, ცხელ წყალში ხელს ვყოფდი, რომ გამეძლო. ბაბუაჩემის მამა იყო უშიშროების მაიორი, ვიცე პოლკოვნიკი, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და არ მახსოვს. მოკლედ, მზვერავობა მინდოდა. მერე ყველაფერი აირია. გავიგე ზვიად გამსახურდიას, კოსტავას შესახებ. ცხინვალსა და აფხაზეთში ომი იყო. ერთხელ გავიპარე ომში, უფრო სწორად, რკინიგზის სადგურამდე მივედი, მაგრამ იქიდან ვეღარ წავედი. მაშინ 14 წლის ვიყავი და დედაჩემმა საბერტყით მცემა.
მარტო მიდიოდით ომში?
- ვაგზალზე შეხვედრა გვქონდა დათქმული უბნელებს, ომში უნდა წავსულიყავით. აღმოჩნდა, რომ მარტო მე მივედი. ფული არ მქონდა, მხოლოდ დანა მედო. მიხვდნენ, რომ ფული არ მქონდა, სამხედრო პოლიციელმა ყურში ხელი მომკიდა და სახლში წამომიყვანა. ოჯახში პანიკა იყო. ვთქვი, პურის საყიდლად გავდივარ–მეთქი, მაგრამ წავედი და წავედი... ოფიცრობა მინდოდა. სულით ხორცამდე სამხედრო ცხოვრებით ვცხოვრობდი. ამაზე ოჯახში მებრძოდნენ, მაგრამ მაინც ფორმით დავდიოდი და სამხედრო ლიტერატურას ჩუმად ვკითხულობდი. ბოლოს დედაჩემი დამთანხმდა, ჯანდაბას, ჩააბარეო. 1994 წელს დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა. სამხედრო აკადემიაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ერთი კვირით ადრე გადაწყვეტილება შევიცვალე და ისტორიის ფაკულტეტზე შევიტანე საბუთები.
ამდენ ხანს ოცნებობდით და უცებ გადაწყვეტილება შეცვალეთ?
- ორი მომენტის გამო - ჯერ ერთი, ნადიბაიძის პერიოდი იყო და პერსპექტივა სამხედრო საქმეს არ ჰქონდა, მაქსიმუმი, რუსეთში წასულიყავი სამხედრო სასწავლებელში. ვიცნობდი ოფიცრებს, რომლებსაც თეთრეულის ქურდობით გაჰქონდათ თავი. ვიცოდი, რომ ჩემი შემოსავალი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცოტათი მდიდარი ოჯახი რომ მყოლოდა, აუცილებლად ოფიცერი ვიქნებოდი. ჩავაბარე ისტორიის ფაკულტეტის პოლიტოლოგიის სპეციალობაზე. ეს ოჯახს ძალიან გაუხარდა. ისტორიას ყოველთვის კარგად ვსწავლობდი. შეგიძლიათ ჰკითხოთ ჩემს ისტორიის პედაგოგს, ზაქრო ქუცნაშვილის დედას.
ჟურნალისტიკაში როგორ აღმოჩნდით?
- შემთხვევით შემომთავაზეს, „დილის გაზეთში" მეწერა, რადგან პოლიტოლოგიაზე ვსწავლობდი. მაშინ მეორე კურსზე ვიყავი, 17 წლის. ვერც ისტორიკოსი გავხდი და ვერც დიდი პოლიტოლოგი. ამას ნებისყოფა უნდა, სახლში ჯდომა და წიგნებთან გულმოდგინედ მუშაობა. მთლად ასეთიც ვერ ვარ.
გახსოვთ თქვენი პირველი ჰონორარი?
- 40 ლარი ავიღე და ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს ფული ოჯახში რომ შევიტანე, ჩემზე მაგარი ტიპი არავინ იყო! დედაჩემიც ძალიან გავახარე. მერე „მერიდიანი 44"–ში ვაკეთებდი ინტერვიუებს. თითო ინტერვიუში 5 ლარს მიხდიდნენ და ბედნიერი ვიყავი. მერე, ერთი პერიოდი, 800 ლარი მქონდა შემოსავალი, მაგრამ არანორმალურ გრაფიკში ვმუშაობდი. „ალიონის" წამყვანი ვიყავი. დილის ექვსის ნახევარზე ვდგებოდი და ზამთარში ლამპის შუქზე ვიპარსავდი წვერს. იმავე პერიოდში რამდენიმე რადიოშიც ვმუშაობდი, ყველაფრიდან შემოსავალი 800 ლარი გამომდიოდა. ეს ისეთი ფული იყო, რომ თავი ჯორჯ სოროსი მეგონა, მაგრამ ასეთი რეჟიმით ცხოვრება ორი თვის მეტი ვერ შევძელი. პრაქტიკულად ღამე არ მეძინა. ბალიში და საბანი მიმქონდა, რომ რადიოში დამეძინა. იქაც გათბობა არ იყო.
თქვენი მოზარდობის და ყმაწვილკაცობის პერიოდი გაიხსენეთ, სად იზრდებოდით, როგორ ატარებდით თავისუფალ დროს.
- თბილისში, პავლოვის ქუჩის დასაწყისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი უბნელები იყვნენ „კულინარიელები". როცა ბავშვობაში სილაში ერთად ვთამაშობდით, მაშინ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მაგრამ დრომ და ვითარებამ წაახდინა. ვისთან ერთადაც ფეხბურთს ვთამაშობდი, უმეტესობა ცოცხალი არ არის, ვინც ცოცხალია, ან ციხეში ზის, ან უბედური ნარკომანია, ან გაქცეულია. არადა მათგან ზოგი მაგარი მხატვარი გამოვიდოდა, ზოგს ექიმობა უნდოდა... ყაჩაღად არავინ იბადება, მაგრამ ვითარებამ იმოქმედა. ყოველთვის საშინელი პროტესტი მქონდა კრიმინალისადმი. ხომ იყო „წითელი" და „შავი" გაგება, მე „წითელს" ვაწვებოდი, არც ვმალავდი და სამხედრო ფორმით დავდიოდი ქუჩაში. „კულინარიელები" ამის გამო ჯერ დამცინოდნენ, მაგრამ მერე მოსწონდათ კიდეც. იყო ორი კატეგორია უბანში, ერთნი, რომლებიც კრიმინალები გახდნენ და ყაჩაღობა დაიწყეს, მეორე კი პანკები და როკის მიმდევრები იყვნენ. მოკლედ, ამის გამო დეპრესია დამეწყო და ვერავისთან ვურთიერთობდი.
ყველაზე დიდი გართობა ის იყო, რომ ძმაკაცებთან ერთად ვსვამდი. არც ახლა მიყვარს დისკოთეკები და არც მაშინ მიყვარდა. ორჯერ წავედით მეგობრები და ორივეჯერ ვიჩხუბეთ. გართობა ჩხუბი იყო. უბნელები ერთმანეთს უშარდებოდნენ. ვიღაცას თუ გამოიცეკვებდი, გეუბნებოდნენ, კაი ბიჭის და არისო და ატყდებოდა ჩხუბი.
ბეწვზე ყოფილხართ გადარჩენილი, რომ ცუდმა წრემ არ ჩაგითრიათ.
- გაფაციცებული მშობლები მყავდნენ. 12 წლის ვიყავი, როცა ქვეყანა აირია. ღმერთმა გადმომხედა და ჩემი ახლობლების ოჯახი მოსკოვიდან ჩამოვიდა. ორი ძმა იყო. მათთან დავმეგობრდი. ბევრი საერთო ინტერესი გვქონდა. გაგანია ომის დროს ლაშქრობებს ვაწყობდით, უბანში ცეცხლს ვანთებდით და კარტოფილს ვწვავდით. მერე „კულინარებიც" მოდიოდნენ, უყვარდათ ჩვენთან ლაპარაკი. განსხვავებულები ვიყავით და ჩვენთან მეგობრობდნენ. პროტესტის ნიშნად ვთამაშობდით ჭადრაკს, არ გვინდოდა კრიმინალობა და ავტომატით სირბილი. ეს ამბები რომ მორჩა, ჭადრაკი აღარ მითამაშია, ცუდ პერიოდს მახსენებს და მძულს. „კულინარებს" შორისაც იყო ბევრი განათლებული ადამიანი, უბრალოდ იმდენად შეტოპილი ჰქონდათ, ვეღარ გამოდიოდნენ. ჩხუბიც ხშირად ხდებოდა და ცხვირიც ამიტომ მაქვს ასეთი.
ჩხუბში გაგიტეხეს ცხვირი?
- ერთხელ ისე მცემეს, ჩემი ცხვირი ძლივს ვიპოვე. 20 კაცი ცხვირში მირტყამდა. ეს ჩემი ძმაკაცის შეყვარებულის გამო მოხდა. იმ დროს საბურთალოელი მთაწმინდაზე ვერ დადიოდა. არადა მე და ჩემი მეგობარი მთაწმინდაზე, ეკლესიაში დავდიოდით. იქ სულ შარი იყო. მთაწმინდელმა საბურთალოელი მოკლა თუ პირიქით, ამიტომ ამ უბნელები წაკიდებულები იყვნენ. ისეთი ტანსაცმელი არასოდეს მეცვა, რომ ჩემი „შეყენება" მონდომებოდათ. იმ პერიოდში შარვლებს და ფეხსაცმელებს ხშირად ხდიდნენ. მაშინ, მგონი, მარტო სამი „ტუფლი" ბრუნავდა მთელ თბილისში...
ვინ იყო იმ პერიოდში ადამიანი, რომელიც თქვენთვის ავტორიტეტს და მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა?
- გია ყარყარაშვილი. მაგარი მეომარი იყო. აფხაზეთში ვეფხვივით იბრძოლა. 17 წლის ასაკში თავდაცვის მინისტრი გახდა. სამოქალაქო ომში, როგორც სხვა ბევრმა, მანაც მიიღო მონაწილეობა და ეს მის წარსულს არ ამშვენებს, მაგრამ რომ მახსენდება, როგორ იბრძოდა აფხაზეთში, სხვა ყველაფერს ხაზს ვუსვამ. დღემდე ეს კაცი რჩება ავტორიტეტად და იმის სიმბოლოდ, რომ ქართველში მეომრული და ვეფხვური შემართება არ მომკვდარა.
სპორტს თუ ეჭირა რაიმე ადგილი თქვენს ცხოვრებაში?
- ტანმოვარჯიშე ვიყავი, სპორტულ ტანვარჯიშში საქართველოს ნაკრების წევრი. შვიდი წელი ვიარე. ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გავხდი და სამჯერ მესამე ადგილზე გავედი. სამოქალაქო ომი რომ დაიწყო, ჩემები ვეღარ მიშვებდნენ, რადგან ქუჩაში ბევრი ავტომატიანი დარბოდა. სამ–ოთხთვიანი ჩავარდნის პერიოდი მქონდა და ამიტომ შევეშვი.
ეტყობა, ოჯახი სულ გაკონტროლებდათ. მამა მკაცრად გზრდიდათ?
- კი და ამან მიხსნა კიდეც. მამაჩემი მიკრძალავდა სიგარეტის მოწევას. ერთხელ ექსკურსიაზე ნასვამმა ერთი ღერი მოვწიე, კინაღამ დავიხრჩვი და ვთქვი, ეს რა უბედურებაა, ამის მერე აღარ მოვწევ–მეთქი და ასეც მოხდა. ცოტა ხნის წინ მაღაზიაში სიგარეტი ვიყიდე მეგობრისთვის, ქუჩაში გამოსულმა ჯიბეში ჩავიდე და დავმალე, თითქოს მესირცხვილა.
ალბათ სასიყვარულო გატაცებებიც გქონდათ, გოგონები მოგწონდათ...
- ვინც მიყვარდა, არავის ვუყვარდი. რამდენიმეს კი მაშინ მოვეწონე, როცა უკვე აღარ მიყვარდა. ცალმხრივი სიყვარულით ვიტანჯებოდი, ხან ლექსებს ვწერდი და ხან - მოთხრობებს. სად იყო მაშინ საიტები და ინტერნეტი! სიმწრით და ვაებით ვშოულობდი იმ გოგოს ფოტოს, ვინც მომწონდა, შემდეგ კი გულისჯიბით დამქონდა.
ორმხრივი სიყვარული როდის გამოსცადეთ?
- როცა ცოლი მოვიყვანე. მანამდე ორმხრივი სიყვარული არ მქონია.
დაქორწინების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეთ თუ ოჯახს დაეთათბირეთ?
- მათი აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა 99%–ით გადაწყვეტილი მქონდა დაოჯახება. მერე აღმოჩნდა, რომ მამაჩემი და ჩემი სიდედრი კლასელები ყოფილან, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ამ ფაქტის გაგებამ ორივე გაახარა.
მშობლების მხრიდან მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, მაინც თქვენსას გაიტანდით?
- მაინც მოვიყვანდი ცოლად. თუ რამე გადავწყვიტე, „ხისთავიანობები" მახასიათებს. სამხედრო კარიერაზე მხოლოდ იმიტომ ვთქვი უარი, რომ ოჯახს ჩემი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა. 26 წლამდე, სანამ დავოჯახდებოდი, ოჯახის წევრებს, ყველაზე მცირე, შემოსავლის ნახევარს ვაძლევდი.
ყველაზე რთული პერიოდები როდის გქონდათ ცხოვრებაში?
- ორჯერ მქონდა ასეთი პერიოდი, როცა სამსახურები დავკარგე. ეს იყო ჩემი „ხისთავიანობის" გამო, მაგრამ არ ვნანობ. ერთხელაც, ახალდაოჯახებული, სამი თვე ვიყავი უმუშევარი. შარშან კი, როცა „მაესტრო" დახურეს, შვიდი თვე დავდიოდი უმუშევარი.
„ხისთავიანობაში" რას გულისხმობთ?
- „პირველი არხიდან" როცა გამომიშვეს, ზაზა შენგელია იყო ხელმძღვანელი. ჩემს უფროს ზვიად ქორიძეს შარი მოსდეს და რაღაც სისაძაგლე დააბრალა იმ ხალხმა, ვინც თვითონ ჩადიოდა სისაძაგლეებს. ეს ყველაფერი გავაპროტესტე. ფულის შეჭმას აბრალებდნენ პატიოსან კაცს, თან აბრალებდნენ ვინ - ზაზა შენგელია, კახა ბექაური, რომელიც ფინანსური დირექტორი იყო, მილიონები სად გააქრო ამ კაცმა, არავინ იცის და ლევან ყუბანეიშვილი! ამაზე ავხტი–დავხტი. შემომითვალეს, შენ არაფერი გეხება და იყავი შენთვისო. არ გავჩერდი. ადამიანს ტალახს ესროდნენ და ეგრე სად არის?! მოკლედ, მეც მიმაყოლეს. მერე სასამართლოებშიც ვიარე, მაგრამ შენც არ მომიკვდე! არაფერი გამოვიდა.
არ ეცადეთ, ხელმძღვანელობასთან ყველაფერი გაგერკვიათ?
- არ მიმიღო შენგელიამ. ვთქვი, სხდომა მოიწვიეთ და აგვიხსენით, ეგებ მართლა კორუმპირებულია და ფული შეჭამა–მეთქი. არ იკადრეს, კუდი ყავარზე ჰქონდათ.
ამის შემდეგ ეს ადამიანები არ გინახავთ?
- ქუჩაში რამდენჯერმე შევეფეთეთ მე და ზაზა შენგელია, მომესალმა და მივესალმე. პირადი ბოღმა კი არ მქონია მის მიმართ, უბრალოდ კორუმპირებული ტიპები იყვნენ, რომელთათვისაც პროფესიონალი და წესიერი კაცი, რომელიც არავის დაკრულზე არ ცეკვავს, მიუღებელი იყო. დღემდე რას ჰგავს „პირველი არხი"?! ოქრუაშვილს ვერ ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში - ძებნილიაო. ლევან პირველი ჩართეს და კახა თარგამაძე, თითქოს ისინი ანგელოზები არიან! მოკლედ, ასეთი სახელმწიფო რომ იყო და ასეთი მოხელეები გვყავდა, იმიტომ ვართ ასეთ დღეში.
როგორ გაგქონდათ თავი უმუშევრობის პერიოდში? თან უკვე ოჯახიც შექმნილი გქონიათ.
- მშობლები და მეგობრები რომ არ მყოლოდნენ, უმუშევრობის 7 თვის მანძილზე ამოვწყდებოდით. პატარ–პატარა სტატიების წერა და ერთჯერადი გადაცემის წაყვანა იყო, მაგრამ უფრო სერიოზულად ახლობლები დამიდგნენ გვერდში.
ფსიქოლოგიურად როდის გქონდათ ყველაზე რთული პერიოდი?
- როცა უმუშევარი ვიყავი და კიდევ აგვისტოს ომის შემდეგ მქონდა საშინელი პერიოდი. ორი შვილი მყავს და რომ მეტყოდნენ, კანფეტი მიყიდეო, როგორია, აუხსნა, რომ პოლიტიკური სიტუაციის გამო დახურეს „მაესტრო" და სამსახური არ მაქვს?! მართლა არ მქონდა კანფეტის საყიდელი ფული. შემოთავაზებები იყო, „რუსთავი 2"–ში ან „იმედზე" მემუშავა, ჩემთვის ჩუმად ვყოფილიყავი და არაფერი მეთქვა ან ხმამაღლა მელაპარაკა, ოღონდ ყველაფერი - შებრუნებულად. ვიღაცამ შეიძლება ეს არ დაიჯეროს და იფიქროს, „ტრიპაჩობსო". ტელეფონით ეს შემოთავაზება რომ მივიღე, ვუთხარი, სინდისს ვერ გავყიდი და ჯობია, ისე ვიცხოვრო, რომ ზოგჯერ ქამარი შემოვიჭირო–მეთქი. ჩემმა ცოლმა ყველაფერი გამიგო. ისედაც ერთი სინდისი მაქვს, ისედაც მაწუხებს და ამაზე რომ დავთანხმებულიყავი, მაშინ თავი უნდა მომეკლა! რა ფულად ღირს, საკუთარ სინდისზე უარი თქვა?! ამას სადღეგრძელოდ არ ვამბობ. მართლა უნდა გენახათ, ჩემს თავს რა ხდებოდა.
ახლა ყიდულობთ ბავშვებისთვის კანფეტებს?
- ღვთის წყალობით, კანფეტებსაც ვყიდულობ და მეტსაც. არ მილხინს ნამდვილად და თავზე არ გადამდის, მაგრამ მე და ჩემი ოჯახი ვყოფნით იმ ფულს, რაც გვაქვს.
სამსახურებრივი ინტრიგები გამოგიცდიათ?
- არ გადავაჭარბებ და გეტყვით, ეს მომენტი, „მაესტროს" და „კავკასიის" გარდა, ყველგან იყო. დიპლომატია არ შემიძლია და პირდაპირ ვეუბნები, ნერვებს მიშლი და თავი დამანებე–მეთქი. ერთ–ერთ სამსახურში ისეც მოხდა, რომ ჩემს სახელზე ანონიმური წერილები გააგზავნეს უფროსთან. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ამის გამო ერთ ადამიანს ყურისძირში მოხვდა. დიდი ხანი ხმას არ ვცემდი, მერე კი ყელში ამომივიდა. ინტრიგები იყო იმ სამსახურებში, სადაც უსაქმურები იყვნენ. „მაესტროში" არ იყო ინტრიგების დრო, რადგან ყველას საქმე ჰქონდა.
ამის მიუხედავად, იქიდან მაინც წამოხვედით. რა იყო ამის მიზეზი?
- ორ არხზე ერთად ვერ შევძელი მუშაობა, ერთ–ერთი უნდა ამერჩია. „კავკასია" ჩემს სახლთან ახლოს არის, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფეხით სიარული მიყვარს. მთაწმინდიდან დიდუბეში, სადაც „მაესტრო" მდებარეობს, ფეხით დავდიოდი და ხშირად მშიერიც ვრჩებოდი. „კავკასიიდან" კი ავირბენ ხოლმე სახლში, შევჭამ და ჩამოვრბივარ. გარდა ამისა, სხვა მიზეზებიც იყო. არ არის ნორმალური, ორ არხზე ერთი და იგივე სახე იყოს. ხმები მომდიოდა, რა გახდა ეს ელისაშვილი, მასზე კარგი ჟურნალისტი ვერ ნახესო. ფაქტია, არავისთვის მითქვამს, ეთერში გამომიყვანეთ–მეთქი, თვითონ შემომთავაზეს მუშაობა. ვიღაცამ შეიძლება გადაცემა დაამთავროს და იქვე გაწყვიტოს ამ თემაზე ფიქრი, მაგრამ მე ასე არ ვარ. გადაცემის მერე ღამეები არ მძინავს. ამან მომკლა, რომ პოლიტიკოსები მოდიან, გიყურებენ, გატყუებენ და ქვეყანაზე ლაპარაკობენ! ბოლოს გადაცემაში უკვე ვჩხუბობდი. ახლა ორი დღე მიმყავს ეთერი, ამიტომ მხოლოდ ორი ღამის გათენება მიხდება. თავისუფალი დღეებიც უფრო მეტია, ბავშვებსაც ვასეირნებ და ფეხითაც დავდივარ. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ თბილისზე წიგნის დაწერაც დავიწყე - „ფეხით შემოვლილი თბილისი". ვნახოთ, რა გამომივა.