ბოლოდროინდელი მოვლენები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთგვარი „ქაოტურობის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ისევე როგორც ბუნებაში, მიკროსამყაროს დონეზე, - ამ ქაოსშიც შეიმჩნევა გარკვეული სწრაფვა წესრიგისა და სისტემატიზაციისაკენ.
ჩვენში დღეს არსებული პოლიტიკური ქაოსი „იმ დიდი აფეთქების“ ბუნებრივი შედეგია, რომელიც 3 დეკემბერს მოხდა. გიორგი ჭანტურიას მკვლელობა დიდმნიშვნელოვანი მოვლენა გახდა არა მხოლოდ ამ დანაშაულის საზარელი არსის გამო, არამედ იმ შედეგების გათვალისწინებითაც, რომელიც მან გამოიწვია.
გიორგი ჭანტურიას მკვლელობამ ერთბაშად დაამსხვრია პოლიტიკური ურთიერთქმედების ის ურთულესი სისტემა, რომელიც ხელისუფლების უმაღლეს სტრუქტურებში იქსოვებოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ამ სისტემას ქმნიდა არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაური და მისი „გუნდი“ - მის შექმნაში მონაწილეობდნენ შევარდნაძის მოწინააღმდეგეებიც. ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო პოლიტიკურ ძალას მასში საკუთარი ფუნქცია ჰქონდა - თვით რადიკალური ძალაც კი, საბოლოო ჯამში, ობიექტურად მუშაობდა „სტატუს-ქვოს“ შენარჩუნებაზე, რადგან იმ ხილულ თუ ფარულ „ანტიპოდს“ აწონასწორებდა, რომელიც სახელმწიფოს მეთაურისადმი მეტისმეტი ერთგულებისა და მეტისმეტი თავდაჯარებულობის გამო, ამ წონასწორობის დარღვევისაკენ მიისწრაფოდა.
რაც შეეხება სახელმწიფოს მეთაურს, მისთვის გიორგი ჭანტურიას მკვლელობა არა მხოლოდ ჰიპოთეტური თუ რეალური პოლიტიკური განზრახვების ჩაშლას მოასწავებდა, არამედ მნიშვნელოვანი დარტყმა იყო იმ ძალთა ბალანსზე, რომელსაც ესოდენი რუდუნებითა და მოთმინებით თავად ქმნიდა პერიოდის განმავლობაში.
ყურადღებით დავაკვირდეთ უკანასკნელ მოვლენებს საქართველოს პარლამენტში, რომელიც ყველა პროცესის ეპიცენტრია. სულ რამდენიმე თვის წინ, უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე, იგორ გიორგაძე პარლამენტში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მის გამოსვლებს საპარლამენტო ოპოზიცია (თვით ირაკლი წერეთელიც კი) აშკარა მოწონებით თუ არა, კეთილგანწყობით ხვდებოდა. გავიხსენოთ თუნდაც ის სხდომა, რომელიც პარლამენტის დაქვემდებარებაში შემავალ სახელისუფლო სტრუქტურათა (პროკურატურა, კონტროლის პალატა, უშიშროების სამსახური) ხელმძღვანელებთან შეხვედრას მიეძღვნა.
დღეს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა, - საპარლამენტო ოპოზიცია გააფთრებით ესხმის თავს უშიშროების სამსახურს და მის თავმჯდომარეს. ეს უკანასკნელი კი მიმართავს აპრობირებულ კონტრზომას - „ერთ-ერთი დეპუტატი მონაწილეობდა საქართველოდან სამასი ტონა ბამბის გატანაში“, „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას „მხედრიონის“ ოცდაოთხი ავტომატი მართებს“ და ასე შემდეგ.
სხვათა შორის, აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ფაქტის გახმაურება პოლიტიკური მიზნით ჯერ კიდევ არ ნიშნავს თვით ფაქტის არარსებობას. ანუ, თუ გიორგაძე „სამასი ტონა ბამბის“ ფაქტს იყენებს გარკვეული მიზნით, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, თითქოს რომელიღაც გაიძვერა დეპუტატს ბამბა მართლაც არ გაუტანია - ამ შემთხვევაში მხილების მოტივაცია თვით ფაქტს როდი აყენებს ეჭვქვეშ.
ეს თავისთავად ძალზე საინტერესო თემაა, მაგრამ ამაზე მსჯელობა სხვა მიმართულებით წაგვიყვანს. მთავარი ამჟამად ისაა, რომ სამი დეკემბრის მოვლენამ, ერთი მხრივ, საბოლოოდ გაწყვიტა კონსტრუქციული ურთიერთობა პარლამენტსა და მის ქვემდებარე ორგანოს შორის, ხოლო მეორე მხრივ - ააგორა „მხილებათა“ ახალი ტალღა, რომელიც, „ჯაჭვური რეაქციის“ პრინციპით, უეჭველად გამოიწვევს საპასუხო მხილებებს სახელმწიფოს მეთაურის მხარდამჭერთა წინააღმდეგ, რასაც თავის მხრივ მოჰყვება „უმრავლესობის“ კრიზისის გამძლავრება და მერკანტილური მოსაზრებით წარმოებული პოლიტიკური სპეკულაციების გაფართოება ფორმალურად ანტაგონისტურ ძალებს შორის.
ამავე დროს, ედუარდ შევარდნაძე, რომელიც არასდროს კარგავს ძალაუფლების ინსტინქტსა და მდგომარეობის თითქმის ინტუიციური აღქმის უნარს, იძულებულია გადადგას ნაბიჯი დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის და იგორ გიორგაძეს (რომლის მიმართ არც თუ სიმპათიითაა განწყობილი) მიანიჭოს გენერალ-ლეიტენანტის წოდება.
არადა, შევარდნაძეს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა - ამ ნაბიჯს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია საშინელ შეურაცხყოფად აღიქვამდა და საბოლოოდ დაუპირისპირდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელსა და მის გუნდს.
განსაკუთრებული ყურადღება მივაპყროთ ამ ბოლო მომენტს. იგი ძალზე სიმპტომურია - შევარდნაძეს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ გია ჭანტურიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგაძისათვის მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება ნიშნავდა ედპ-სთან საბოლოო და თვისობრივ დაპირისპირებას. მაგრამ მან მაინც გადადგა ეს ნაბიჯი და ლოგიკური შედეგიც მიიღო: ფრაქცია „ეროვნულ-დემოკრატმა“, სამშაბათს, საპარლამენტო სხდომაზე უპრეცედენტო დემარში მოაწყო - დემონსტრაციულად დატოვა სხდომათა დარბაზი და ეს გააკეთა იმგვარი ფორმით, რომ წარსული „სტატუს-ქვოს“ აღდგენა პოლიტიკური რენომესა და ავტორიტეტის დაუკარგავად უკვე შეუძლებელი გახდა.
თუმცა, ნუ დავივიწყებთ, საავადმყოფოში მყოფ ირინა სარიშვილს ჯერ არ მიუღია მონაწილეობა ამ თვისობრივ გამიჯვნაში. მას თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს.
მკვეთრად გამწვავდა ურთიერთობა აგრეთვე „მხედრიონის“ ლიდერსა და პოლიტიკურ ძალებს შორის. მაგრამ თუ ჯაბა იოსელიანის ბოლოდროინდელ გამოსვლებს ყურადღებით დავაკვირდებით, შევამჩნევთ „ანტიკომუნისტური“ და „ანტისოციალისტური“ თემის ერთგვარ გაძლიერებას. ქართული პოლიტოკრატიის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე (ამ შემთხვევაში ეს არ ეხება ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას), იგი მხოლოდ მანამ უპირისპირდება ჯაბა იოსელიანს, სანამ „მაშველთა კორპუსი“ ხელისუფლების ერთ-ერთი დასაყრდენია. როგორც კი ჯაბა იოსელიანი აღიდგენს „ოპოზიციონერის“ იმიჯს - იგი უმალვე იქცევა ისევ დღევანდელი ოპოზიციის გმირად.
არც ეს ავიწყდება შევარდნაძეს.
ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი სიმპტომი: ის ხალხი, ვინც შევარდნაძისაგან „მაშველთა კორპუსისა“ და მისი ლიდერის წინააღმდეგ სანქციათა განხორციელებას მოითხოვს, ერთი შეხედვით ცოტა უცნაურად ირჯება - გაცილებით ლოგიკური იქნებოდა, მათვე შეემუშავებინათ შესაბამისი დადგენილების პროექტი და გამოეტანათ იგი პარლამენტში დასამტკიცებლად. რატომ მოითხოვენ ესოდენი დაჟინებით, რომ ამგვარი ბრძანებულება მაინც და მაინც შევარდნაძემ გამოსცეს? პასუხი ისევე ნათელია, როგორც ის, რომ შევარდნაძეს ეყოფა ჭკუა, არ გაებას ამ საკმაოდ მარტივ მახეში.
გიორგი ჭანტურიას იდუმალებით მოცული მკვლელობის გასახსნელად აუცილებელია აგრეთვე ყურადღება მიექცეს იმ ბოლოდროინდელ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ხდებოდა ერთგვარი დაახლოება სამ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალას შორის: „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „მოქალაქეთა კავშირი“ და „ტრადიციონალისტები“.
მართალია ისინი დღენიადაგ აცხადებენ, რომ რაიმე ალიანსზე „ლაპარაკი ზედმეტია“ - მაგრამ აშკარა ხდება: „პოლიტიკური კლუბის“ ინიციატივით გამართულ შეკრებებს პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდა. აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვარ: სამი დეკემბრის სისხლიანი აქცია მიზნად ისახავდა ამ მძლავრი პოლიტიკური დაჯგუფების შიგნით გარკვეული პროცესების პროვოცირებას, მათ გააქტიურებას ან არსებული ვექტორის შეცვლას.
სახელისუფლებო სისტემა დიდხანს ვერ აიტანს ამორფულობასა და ქაოსს. ეს ქაოსი პოლიტიკური წონასწორობის მყისიერი დარღვევის დროებითი შედეგია. ანუ შედეგია იმისა, რომ სხვადასხვა ძალთა ურთიერთქმედებით წარმოშობილ კონსტრუქციას საფუძველი გამოეცალა. მაგრამ უახლოეს მომავალში კონსტრუქცია აღდგება. ოღონდ სხვა ფორმით. ამ ახალ კონსტრუქციაში, ახალ სისტემაში, თავის ადგილს მოიპოვებს „დიდი აფეთქების“ ავტორიც.