1999 წლის 31 დეკემბერს, თბილისის დროით დაახლოებით 15 საათზე, ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა, რომელიც სამართლიანად ითვლება „გლობალურ ტელევიზიად“, ვინაიდან მართლაც მთელს მსოფლიოში უყურებენ, შეწყვიტა გადაცემები და განახორციელა „პირდაპირი ჩართვა“ წყნარი ოკეანის კუნძულებიდან, სადაც აბორიგენთა ანსამბლი ეროვნული სიმღერისა და ცეკვის შესრულებას იწყებდა.
პირდაპირი ჩართვა განხორციელდა თბილისის დროით 14 საათსა და 50 წუთზე, როდესაც წყნარი ოკეანის კუნძულებზე 23 საათი და 50 წუთი იყო, CNN-ის წამყვანმა საზეიმო ტონით გამოაცხადა: ყურადღება, ათიოდე წუთში კაცობრიობა შეეგებება ახალ ათასწლეულს! ჩვენ ვიწყებთ დედამიწაზე ახალი ათასწლეულის შემოსვლის გაშუქებას!
მართლაც, როგორც კი ადგილობრივი დროით შესრულდა 12 საათი, CNN-ის კორესპონდენტმა ოკეანეთის კუნძულებზე, ატლანტაში მყოფმა წამყვანმა და მოცეკვავე-მომღერალმა „პაპუასებმა“ საზეიმო ყიჟინა დასცეს, CNN-ის ეკრანზე გაჩნდა წარწერა „New millennium!!!“ (ახალი ათასწლეული), ხოლო აბორიგენთა რიგებიდან „სცენის ცენტრში“ გამოვარდა პატარა აბორიგენი ბიჭუნა, როგორც ახალი ათასწლეულის განსახიერება.
6 საათის შემდეგ CNN-მა კვლავ განახორციელა პირდაპირი ჩართვა იმავე კუნძულებიდან - ოღონდ, ამჯერად ახალი ათასწლეულის მზის ამოსვლის აღსაბეჭდად: „ამოდის, ამოდის ახალი ათასწლეულის მზე, აი, პირველი სხივიც გამოჩნდა“ – ყვიროდა და ლამის ქვითინებდა ამერიკელი კორესპონდენტი აბორიგენთა ყიჟინის თანხლებით. მართლაც სულის შემძვრელი სანახაობა იყო - ახალი ათასწლეულის მზის ამოსვლა, წყნარ ოკეანეში!
ეს ოკეანე შემაძრწუნებლად გრანდიოზულია. საკმარისია ითქვას, რომ ტოკიოდან - სან-ფრანცისკომდე 12 საათის საფრენია „ბოინგ-747-ით“. ამ სტრიქონების ავტორს წყნარი ოკეანე უნახავს „ორივე მხრიდან“. ანუ როგორც ტოკიოდან, ასევე სან-ფრანცისკოდან. ადამიანი რაღაც მისტიური „მეექვსე გრძნობით“ აღიქვამს „დიდი ოკეანის“ გრანდიოზულობას, თუმცა კი თითქოს რა განსხვავებაა - ადამიანის თვალი ხომ წყნარი ოკეანის მეორე სანაპიროს ისევე ვერ სწვდება, როგორც აზოვის ზღვის მეორე ნაპირს.
იმ დროს, როდესაც წყნარი ოკეანის კუნძულებზე ამერიკული CNN-ის კორესპონდენტები „ათასწლეულის რეპორტაჟისათვის“ ემზადებოდნენ, - საქართველოში დასრულდა და „საბოლოო წერტილი დაესვა“ დისკუსიას იმის თაობაზე, თუ „როდის იწყება ახალი ათასწლეული და ახალი საუკუნე - 2000 წლის 1 იანვარს თუ 2001 წლის 1 იანვარს“.
როგორც ჩანს, შედგა საბოლოო შეთანხმება და „სოციო-ინტელექტუალური აღმატებულობის“ ნიშნად ჩაითვალა ის, რომ ახალი საუკუნე და ახალი ათასწლეული იწყება „არა უადრეს“, 2001 წლის 1 იანვრისა.
განსხვავებული აზრი ამ საკითხზე კატეგორიულად აიკრძალა, ვინაიდან „ეს არ არის განსხვავებული აზრი, არამედ, უბრალო, შეცდომაა“.
ამ ხალხთან კამათსა და დიალოგს არანაირი აზრი არა აქვს. მათ მოახერხეს შეექმნათ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტი და იგი „ბოლომდე“ განახორციელეს კიდეც საქართველოში.
ამრიგად, მოსახდენი - მოხდა: საქართველო შეეგება არა ახალ საუკუნესა და ახალ ათასწლეულს, არამედ „უბრალოდ“ 2000 წელს. თუმცა, დისკუსიას არც მანამდე ჰქონდა აზრი, ვინაიდან სავსებით განსაკუთრებული ფსიქიკური წყობის ადამიანებთან გვაქვს საქმე, რომელთაც ყოველთვის მიაჩნდათ და ამჟამადაც მიაჩნიათ, რომ ადამიანი არის ასტრონომიული, ისტორიული და მათემატიკური თეორიების „თვალსაჩინო ილუსტრაცია“.
ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საწინააღმდეგო არგუმენტები არ არსებობს, მაგრამ ისინი ხომ თავად ქმნიან მათთვის სასურველ კონტრარგუმენტებს, რათა შემდგომ ადვილად „გააცამტვერონ“.
მაგალითად, ისეთი დაჟინებით იმეორებენ „ნულოვანი წელი არ არსებობსო“ თითქოს ვინმე ამტკიცებდეს საწინააღმდეგოს და ამბობდეს, რომ „ნულოვანი წელი არსებობს“. რა თქმა უნდა, ნულოვანი წელი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ, არსებობს (ასევე არ შეიძლება არ არსებობდეს) პირველი წლის ნულოვანი ნიშნული! ამ ნულოვანი ნიშნულიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე კი 365 (ან 366) დღე გავიდა ზუსტად ორი ათასჯერ!
ამიტომ, 2000 წლის 1 იანვარი უკვე არის მესამე ათასწლეულისა და 21-ე საუკუნის ნულოვანი ნიშნული, უფრო ზუსტად ნულოვანი ნიშნულია 2000 წლის 1 იანვრის 0 საათი. რაც იმავდროულად 1999 წლის 31 დეკემბრის 24 საათია.
კვლავ ვიმეორებ: დისკუსიას აზრი აღარ აქვს - მოსახდენი მოხდა, ამიტომ ნუღარ ვიკამათებთ ამ საკითხზე. მოდით, შევხედოთ პრობლემას სხვა კუთხით და უეჭველად შევამჩნევთ შემაძრწუნებელ ფაქტს: საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა პლანეტაზე, სადაც 2000 წელს შეხვდნენ მხოლოდ როგორც „ჩვეულებრივ ახალ წელს“ - უკეთეს შემთხვევაში „დამაგვირგვინებელ წელს“ და არავითარ შემთხვევაში, როგორც „ახალ საუკუნესა და ახალ ათასწლეულს“.
მაშ ასე, წყნარი ოკეანის კუნძულებიდან თბილისის დროით 15 საათზე „ახალი წელი“ დაიძრა დასავლეთისაკენ. ორ საათში მან მიაღწია ახალ ზელანდიას. ოკლენდში ასეულობით ათასი ადამიანი ზეიმით, სიხარულით, სიმღერით, ცეკვით, აღტაცების ყიჟინით ითვლიდა ახალ ათასწლეულამდე დარჩენილ წამებს: „ხუთი... ოთხი... სამი... ორი... ერთი...“
როგორც კი უზარმაზარ ციფერბლატზე (Sony-ს გრანდიოზულ ეკრანზე) დაიწერა 0- ცაში აიჭრა ათი ათასობით მაშხალა, იქუხა ფეიერვერკმა, ხოლო ეკრანზე გაჩნდა წარწერა: „New millennium!!!“ ამ დროს თბილისში 31 დეკემბერს საღამოს 17 საათია. კიდევ ერთი საათის შემდეგ ავსტრალია (სიდნეი) შეეგება ახალ ათასწლეულს გამაოგნებლად მშვენიერი ფეიერვერკით, ასეულობით ქვემეხის გრგვინვით და ისევ და ისევ წარწერით „New millennium“.
ასეთივე სცენა აღბეჭდა CNN-მა ტოკიოში: ადამიანები ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ, ზეიმობდნენ ახალი ათასწლეულის (და არა „უბრალოდ“ 2000 წლის) დადგომას. ასევე დელიში, სადაც ისევ და ისევ ინგლისური წარწერის „New millennium“ ფონზე უპრეცედენტოდ გრანდიოზული სანახაობა მოაწყვეს, რომელშიც ასობით სპილო მონაწილეობდა.
მოსკოვში, წითელ მოედანზე, არყითა და სიხარულით გადარეული ბრბო ლამის კრემლის ქონგურებზე მიძვრებოდა, რამდენიმე წუთით ადრე კი რუსეთის ტელევიზიამ მერამდენედ გაიმეორა ბორის ელცინის სენსაციური გამოსვლა, რომელშიც მან ხაზი გაუსვა: „Я Ухожу... сегодня - в последний день уходящего века“, ხოლო ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერს ასე მიულოცა: „С новым годом - с новым веком!“.
ქართველი ტელეჟურნალისტები მთელი ღამის განმავლობაში კეთილსინდისიერად და ნიჭიერად აშუქებდნენ 2000 წლის მსველელობას პლანეტაზე. ერთ-ერთმა ტელემაყურებელმა სტუდიაში დარეკა და „გაჯავრებით უსაყვედურა“: „რატომ ამბობთ, რომ დაიწყო მესამე ათასწლეული მაშინ, როდესაც იგი მხოლოდ 2001 წელს იწყება?“
ჟურნალისტებიც იძულებულნი გახდნენ ასე ეპასუხათ: „ეს ჩვენც ვიცით, მაგრამ რა ვქნათ, მთელი მსოფლიო ახალ ათასწლეულს ხვდება და იძულებულნი ვართ ავყვეთო“.
ამასობაში 12 საათი დადგა იერუსალიმში. იქაც თვალისმომჭრელად აკაშკაშდა წარწერა „New millennium!!!“
ეგვიპტეში, სპეციალურად ახალი ათასწლეულის შესახვედრად, პირამიდებთან მოაწყვეს შესანიშნავი „შოუ“. სფინქსის ფონზე ამჯერად "Sky-news" და „BBC“ კვლავ გვამცნობენ წარწერით „New millennium!!!“
იგივე მოხდა ევროპის დედაქალაქებში. ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, მილიონობით გერმანელი შეეგება ახალ ათასწლეულს.
რომში, წმინდა პეტრეს ტაძართან, რომის პაპმა, იოანე პავლე მეორემ, ზუსტად 24 საათზე (ანუ 0 საათზე) ფანჯრიდან მიმართა მილიონობით კათოლიკეს ვატიკანის მოედანზე და ასეულობით მილიონს მთელს მსოფლიოში: „გილოცავთ ახალ ათასწლეულს“ (მიაქციეთ ყურადღება - არა ქრისტეშობის 2000 წელს, არამედ ახალ ათასწლეულს!).
პარიზში, ელისეის მინდვრებზე და მარსის მოედანზე, - ეიფელის კოშკთან, მილიონნახევარი ფრანგი ზეიმით შეეგება ახალ ათასწლეულს. ეიფელის კოშკი „ცაში აფრინდა“.
თბილისის დროით დილის 9 საათზე ახალმა ათასწლეულმა მიაღწია მსოფლიოს დედაქალაქს.
ახლა არ შევუდგები მტკიცებას, რატომ არის ნიუ-იორკი მსოფლიოს დედაქალაქი. იმ ხალხის უმრავლესობა, ვინც ჯიუტად ამტკიცებდა, რომ ახალი ათასწლეული „მხოლოდ და მხოლოდ“ 2001 წელს იწყება - უეჭველად შემეკამათება და მეტყვის, რომ ნიუ-იორკი „არათუ მსოფლიოს, არამედ ამერიკის დედაქალაქიც კი არ არის“.
ამ ხალხს მაინც ვერაფერს გააგებინებ, ამიტომ: „სწორი ხართ, სწორი!“
ერთი სიტყვით, ღამის 12 საათი დადგა ნიუ-იორკში. „თაიმს-სქვერზე“ ჯერ კიდევ დღის 3 საათიდან დაიწყო ხალხის შეკრება. შუაღამისათვის იქ ორი მილიონი ნიუ-იორკელი სიხარულით ითვლის: „ხუთი-ოთხი-სამი-ორი-ერთი...“ თაიმს-სქვერის ორივე მხარეს, სარეკლამო „კოშკურებზე“ სადაც არც ერთი წამით, 24 საათის განმავლობაში არ წყდება სარეკლამო „ფეიერვერკი“ - ჩნდება წარწერა: „New millennium“
ბროდვეი ზეიმობს, ცეკვავს, მღერის. ნიუ-იორკის მერი საზეიმოდ აცხადებს, რომ ახალი ათასწლეულის შემობრძანების საპატივცემულოდ, ამიერიდან, ბროდვეის, ნაცვლად სახელისა „დიადი თეთრი გზა“ ეწოდოს „ათასწლეულის გზა“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვაშინგტონში, სპეციალურად მოწყობილ ბრიფინგზე ულოცავს ქვეყანას არა უბრალოდ 2000 წელს, არამედ ახალ ათასწლეულს!
ახლა კი, ყოველივე ზემოთაღწერილის გათვალისწინებით, მე ვეკითხები მკითხველს: კი მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა ვიყოთ ეს ქართველები ასეთი ვირებივით ჯიუტები?
რატომ უნდა ყოფილიყო საქართველო ერთადერთი ქვეყანა (ირანს თუ არ ჩავთვლით), სადაც შეხვდნენ არა ახალ ათასწლეულს, არამედ „უბრალოდ“ 2000 წელს?
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქართველოს პრეზიდენტი აღმოჩნდა ერთადერთი პრეზიდენტი ჩვენს პლანეტაზე, ვინც საახალწლო მილოცვაში (!!!) იძულებული გახდა ეთქვა დაახლოებით ასეთი რამ: „ახალი ათასწლეული ახლა კი არ იწყება, არამედ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ!”
სხვა არც ერთ პრეზიდენტს ჩვენს პლანეტაზე, არც ერთ ლიდერს საახალწლო მილოცვაში (!!!) ასეთი რამ არ უთქვამს. შეიძლება ყველას მართლაც არ უთქვამს: „გილოცავთ ახალ ათასწლეულს“, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არც იმას იტყოდა ხაზგასმით, რომ „ახალი ათასწლეული იწყება მხოლოდ...“ და ა.შ.
ედუარდ შევარდნაძე ნამდვილად აიძულეს ეს ეთქვა, ვინაიდან იგი ყოველთვის იძულებულია უპირველესად გაითვალისწინოს ჩვენი შესანიშნავი, ბრძენი და შორსმჭვრეტელი ე.წ. „ინტელიგენციის“ აზრი.
ასეა თუ ისე, „მოსახდენი მართლაც მოხდა“. ახლა უკვე აღარაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება. მაგრამ მაინც გულისტკივილით უნდა ვიკითხოთ: კი მაგრამ, რატომ?
რატომ არ შეიძლებოდა ქართველ ხალხსაც გაეზიარებინა ეს დიდი სიხარული, ეგრძნო თავი საკაცობრიო თანამეგობრობის განუყოფელ, სისხლ-ხორცეულ ნაწილად?! რატომ არ შეიძლებოდა მასაც ეზეიმა მთელს კაცობრიობასთან ერთად?! რატომ არ შეიძლებოდა, მაგალითად, რომ იმ დღეს, როცა წყნარი ოკეანის კუნძულებზე აბორიგენები ახალი ათასწლეულის „საპატივცემულოდ“ ცეკვავდნენ თავიანთ უბრალო, მარტივ, მაგრამ მშვენიერ ცეკვას, ხოლო მსოფლიოს უპირველეს საბალეტო სცენაზე (მოსკოვის „დიდ თეატრში“) „გედების ტბა“ სრულდებოდა, როცა მთელი ვენა ახალ ათასწლეულს ეგებოდა შტრაუსის ვალსით, ხოლო ახალ ზელანდიაში სპეციალურად ჩასული მშვენიერი ირლანდიელი გოგონები უძველესი კელტური „ფეხების ცეკვით“ - რატომ არ შეიძლებოდა ამ დროს, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, სპეციალურად აგებულ ფიცარნაგზე ქართველებსაც ეცეკვათ ახალი ათასწლეულის საპატივცემულოდ ჩვენი შესანიშნავი, ულამაზესი „ცეკვა ქართული“, რომლის თვით შინაარსი და ფორმა მოითხოვს შესრულებას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ხოლო რომელიმე ხალხურ ანსამბლს, ახალი ათასწლეულის ქართული სადიდებელი - გენიალური კახური „მრავალჟამიერი“ დაეგუგუნებინა?!!!
მე ვეკითხები იმ ხალხს, ვინც დაჟინებით იმეორებდა (ახლაც იმეორებს და კვლავაც გაიმეორებს - თითქოს ვიღაცის ჯიბრზე), რომ ახალი ათასწლეული იწყება „მხოლოდ და მხოლოდ“ 2001 წელს 1 იანვარს: ბატონებო, ჩავთვალოთ, თქვენ ხართ „სწორი“ და ყველა დანარჩენი (მთელი მსოფლიო) „არასწორია“. ანუ თქვენ ხართ სწორი და რომის პაპი „არასწორია“, თქვენ ხართ „სწორი“ და რუსეთის პრეზიდენტი „არასწორია“, თქვენ ხართ „სწორი“ და ამერიკის პრეზიდენტი „არასწორია“ - თქვენ ხართ „სწორი“ და „არასწორია“ მილიარდობით ადამიანი მთელს პლანეტაზე. ერთი სიტყვით, დავუშვათ, მთელი კაცობრიობა ჭკუიდან შეცდა და მხოლოდ თქვენ ხართ „ნორმალურები“ - ამ შემთხვევაშიც კი, რა იქნებოდა, ქართველი ხალხიც „შეშლილიყო“ დროებით (მთელს კაცობრიობასთან ერთად) და მასაც ეზეიმა არა უბრალოდ 2000 წლის, არამედ 21-ე საუკუნისა და ახალი ათასწლეულის დადგომა?
ხომ არ გგონიათ, ეს შესაძლებელი გახდება 1 წლის შემდეგ? 2001 წლის 1 იანვარს მთელი მსოფლიო შეხვდება, როგორც „უბრალოდ 2001 წელს“, ხოლო თუ საქართველოში ამ დროს „ათასწლეულის ზეიმი“ გაიმართება - ისეთივე უბადრუკნი ვიქნებით, როგორიც ვიყავით იმ დაუვიწყარ დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო, მთელი კაცობრიობა ზეიმით შეეგება ახალ ათასწლეულს.
მთელი მსოფლიო - საქართველოს გარდა!