კვირას ჩატარებული არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი გახდა „გაერთიანებული რესპუბლიკური პარტიის“ კრახი. რომ მოხდეს სასწაული და ამ პარტიამ ხუთპროცენტიანი ზღვარი გადალახოს, იგი მაინც დამარცხებულია, ვინაიდან მისი „ჰონორისა“ თუ შემადგენლობის ორგანიზაციას, რა თქმა უნდა, მეტის პრეტენზია ჰქონდა.
„რესპუბლიკელთა“ კრახის მიზეზების კვლევას ბევრ საინტერესო დასკვნამდე მივყავართ. მაგრამ თვით ამ მიზეზებთან დაკავშირებით საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგიერთი თვლის, რომ პარტიის დამარცხების მთავარი მიზეზი შიდა განხეთქილება გახდა. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო, მაგრამ არა განმსაზღვრელი, ვინაიდან „რესპუბლიკურ“ პარტიაში არსებული უთანხმოების შესახებ მხოლოდ პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებულმა ვიწრო სოციალურმა წრემ თუ იცოდა.
მეორე მიზეზად „უფულობას“ ასახელებენ, - აქაოდა, რესპუბლიკელები პატიოსანი (ანუ „ჯიბეგაფხეკილი“) ხალხია და ვითომდაც სწორედ ამიტომ ვერ აჯობეს „ფულის ტომრებს“. მაგრამ განა „XXI საუკუნე“ ნაკლებ „ჯიბეგაფხეკილი“ პარტიაა? ყოველ შემთხვევაში „რესპუბლიკელებზე“ მეტი ფული მათ ნამდვილად არ ექნებოდათ, თუმცა ასე თუ ისე სერიოზულ წარმატებას მაინც მიაღწიეს.
ზოგიერთები იმასაც კი აცხადებდნენ, რომ „რესპუბლიკელთა“ მარცხი მთლიანად „ეროვნული მოძრაობის“ დისკრედიტაციითაა გამოწვეული, მაგრამ ესეც არ არის ჭეშმარიტი მიზეზი, ვინაიდან, მაგალითად, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ იმავე მოძრაობას წარმოადგენდა.
ჩემი აზრით, რესპუბლიკელთა კრახი, რეალურად, ორმა ძირითადმა მიზეზმა განაპირობა. პირველი ორგანიზაციული ხასიათისა იყო, მეორე კი - მსოფლმხედველობრივი.
უპირველეს ყოვლისა, როგორც სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა ერთი ჩვენი კოლეგა, სამწუხაროდ „რესპუბლიკური პარტია“ სწორედაც რომ არ ყოფილა „პარტია“ ამ ცნების პირდაპირი და საყოველთაოდ აღიარებული გაგებით ანუ არ ყოფილა პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ნორმალური ფუნქციონირებისა და ცხოველმოქმედებისათვის აუცილებლად ესაჭიროება ორგანიზებულობა, დისციპლინა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გარკვეულწილად ერთმართველობაც - იმავე ორგანიზებულობის მოსაზრებიდან გამომდინარე.
„რესპუბლიკელებმა“ კი, ფაქტობრივად, არჩიეს „პოლიტიკურ კლუბად“ ანუ თანამოაზრეთა გაერთიანებად დარჩენილიყვნენ, რომელსაც ორგანიზებულობის ნიშან-წყალიც არ გააჩნია და რომელშიც ყველა აკეთებს იმას, რაც სურს.
სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ რესპუბლიკელებმა „ადგილებზე“ ანუ რეგიონებში ვერ შექმნეს თავისი განყოფილებები იმავე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა“ და (მით უმეტეს) „მოქალაქეთა კავშირისაგან“ განსხვავებით - ამგვარი განყოფილებები თუ არსებობდა, არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე და ეს არც არის გასაკვირი.
რეგიონული ორგანიზაციის შექმნა მხოლოდ პარტიას ძალუძს. ანუ ჩამოყალიბებულ, სტრუქტურიზებულ სისტემას, რომელსაც აქვს გარკვეული იერარქია და შინაგანაწესი. „თანამოაზრეთა კლუბი“ კი ამგვარ სისტემას ვერ შექმნის, რადგან მასში ყველა თანასწორუფლებიანია, ყველას თავი ლიდერად მიაჩნია და პარტიის უმთავრესი საქმიანობა მაგიდასთან თუ სალონური შეკრებებისას დინჯი და ღრმააზროვანი მუსაიფი ჰგონია.
ვის ეცალა „რესპუბლიკელთაგან“ საარჩევნო ოლქებში ენაგადმოგდებული სირბილისათვის? ვინ დაღვრიდა ოფლს, ვინ გაათევდა ღამეებს, ვინ ივლიდა კარდაკარ, ვინ გაიხეოდა შუაზე („ეროვნულ-დემოკრატების“ ან სხვათა მსგავსად) მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო „მნიშვნელოვანი“ საქმეები ჰქონდათ გადასაწყვეტი: გამოსამუშავებელი იყო „საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების კონცეფცია“ ყველა მიმართულებით. ვის ეცალა შავი სამუშაოსთვის? არადა, პარტია მხოლოდ ორგანიზებულობით იგებს - „ლამაზი კონცეფციის“ დაწერა ძალიან ადვილია, ბოლოს და ბოლოს სხვას დააწერინებ.
„რესპუბლიკელებმა“ ლიდერიც კი ვერ აირჩიეს. „ქარტიელთა“ წინადადება პარტიის თავმჯდომარის პოსტის დაწესების თაობაზე უმრავლესობამ უარყო, ვინაიდან ჩათვალა, რომ „კოლექტიური ხელმძღვანელობა“ უფრო დემოკრატიულია. არადა, კიდევ უფრო დემოკრატიული იქნებოდა კონსენსუსის პრინციპი, ანუ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ერთხმად - მგონი ყრილობაზე ასეთი წინადადებაც კი დაისვა და გარკვეული მხარდაჭერაც მოიპოვა.
თედო პაატაშვილს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი წინადადება რესპუბლიკურ პარტიაში თავმჯდომარის პოსტის დაწესების თაობაზე იყო პარტიის გადარჩენის უკანასკნელი შანსი, რომელიც უმრავლესობამ უარყო.
თუმცა, ზემოთთქმული არ ყოფილა „რესპუბლიკელთა“ დამარცხების მთავარი ფაქტორი. უმთავრესი მიზეზი მაინც ამ პარტიის პოლიტიკურ, უფრო ზუსტად კი მსოფლმხედველობრივ პოზიციაში უნდა ვეძებოთ.
ჩემი ღრმა რწმენით, „რესპუბლიკელთა“ კრედო, მათი მსოფლმხედველობის დედააზრი არათუ არ შეესაბამება საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის ინტერესებს, არამედ პირიქით - კიდეც ეწინააღმდეგება მათ. საბედნიეროდ, ამომრჩეველმა ეს იგრძნო და „რესპუბლიკელებს“ მხარი არ დაუჭირა.
უტრირებულად, გაუბრალოებულად, „რესპუბლიკელთა“ კრედო შეიძლება ჩამოყალიბდეს დევიზში: „ჯერ დემოკრატია - შემდეგ სახელმწიფოებრიობა“. ისინი თავად ამას, რა თქმა უნდა, უარყოფენ და კატეგორიულად განაცხადებენ: ამგვარი დევიზი არასდროს გვქონიაო. მაგრამ მათი განცხადება თავისთავად არაფერს ნიშნავს - ვიმსჯელოთ ფაქტებით.
ჯერ ერთი (ამას არც თუ მცირე მნიშვნელობა აქვს), „რესპუბლიკელებმა“ აქტიური მონაწილეობა მიიღეს „დეკემბერ-იანვრის“ სამხედრო გადატრიალების იდეოლოგიურ შემზადებაში, რომელიც ძირითადად სწორედ ზემოთხსენებული ბრიყვული დევიზის განხორციელებას წარმოადგენდა.
ამ ბრალდებაზე „რესპუბლიკელთა წარმომადგენლები“ გაგულისებულნი პასუხობდნენ: აბა რით უფრო ჭკვიანურიაო დევიზი „ჯერ დამოუკიდებლობა, - შემდეგ დემოკრატია?“ და ამ შემთხვევაშიც უარყოფით პასუხს ელიან.
სინამდვილეში კი, დიახაც, გაცილებით უფრო ჭკვიანური და მიზანშეწონილია დევიზი „ჯერ სახელმწიფოებრიობა, - შემდეგ დემოკრატია“, ვინაიდან დემოკრატიული სისტემა მხოლოდ რეალური სახელმწიფოებრიობის პირობებში შეიძლება განხორციელდეს. ხოლო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში „ჯერ დემოკრატიისათვის“ ბრძოლა სავსებით ბუნებრივად იქცა ბრძოლად დემოკრატიისათვის მთელი კავშირის ტერიტორიაზე (ეს კავშირი სახეცვლილი ფორმით დღემდე არსებობს).
გარდა ამისა, „რესპუბლიკელებს“ ყოველთვის ახასიათებდათ განსაკუთრებული სიჯიუტე და ერთგვარი პროვინციული აღტკინება თვით დემოკრატიული სისტემის მიმართ. მათი ერთ-ერთი ლიდერი სიხარულით აღნიშნავდა პრეს-კონფერენციაზე: „დასავლელმა ექსპერტებმა ჩვენს მიერ შემუშავებული კონსტიტუცია ევროპაში ყველაზე დემოკრატიულად აღიარესო“.
არადა, რას უნდა ნიშნავდეს ეს სასაცილო ფორმულირება - „ყველაზე დემოკრატიული კონსტიტუცია ევროპაში?!“ იმ ექსპერტებმა ან უბრალოდ დასცინეს ჩვენს „რესპუბლიკელებს“ ან ელემენტარულად ბრიყვები იყვნენ. „რესპუბლიკელებს“ კი, ამ განცხადების შემდეგ, ვერაფრით შეასმენდი, რომ საქართველოს მისი უზენაესი, სტრატეგიული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისი კონსტიტუცია ესაჭიროება და არა „ყველაზე დემოკრატიული“. მით უმეტეს ვერ შეაგნებინებდი, რომ ეს არ არის ერთი და იგივე.
ამის საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ: „რესპუბლიკური პარტია“ გააფთრებით იბრძოდა და იბრძვის ადგილობრივი თვითმმართველობის მაქსიმალური გაფართოებისათვის. რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის გაფართოება ნორმალურ, დალაგებულ, აწყობილ ქვეყანაში, რომელსაც სახელმწიფოებრიობის უწყვეტი და თავისთავადი გამოცდილება გააჩნია, - სავსებით ნორმალური და აუცილებელი პროცესია. მაგრამ საქართველოს პირობებში ეს უეჭველად ნიშნავდა ქვეყნის დაქცევას!
„რესპუბლიკელები“ ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში გააფთრებით იბრძოდნენ „პრეფექტის ინსტიტუტის“ წინააღმდეგ. აქაოდა, ეს ინსტიტუტი არადემოკრატიულიაო. დღეს ისინი იმავე მოტივით ებრძვიან სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტის) უფლებას, დანიშნოს რეგიონული ხელმძღვანელი ან მოახდინოს ამ უფლების დელეგირება ქვემდგომი ორგანოებისადმი.
რა თქმა უნდა, ყველა დონეზე ადგილობრივი ხელისუფლების არჩევა და არა დანიშვნა უფრო „დემოკრატიული“ იქნებოდა, მაგრამ საქართველოს პირობებში ეს უეჭველად გამოიწვევდა კრიმინალურ ანარქიას და, საერთოდ, სახელმწიფოებრივი ინტერესების უგულებელყოფას - რეგიონული მაფიოზური კლანების ინტერესთა სასარგებლოდ. ეს კლანები კი ადგილობრივ მოსახლეობასაც დააავადებდნენ პარტიკულარიზმის შხამით ისევე, როგორც ეს ხდება აჭარაში.
ყოველივე ამას „რესპუბლიკელებს“ ვერაფრის დიდებით ვერ გააგებინებდი. ვერ დაარწმუნებდი, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები საპროცესო კოდექსში მოშლიდა (და მოშლის!) სამართალდამცავ სისტემას - თუ სასამართლო რეალურად მიიღებს უფლებას, ჩაერიოს წინასწარი გამოძიების პროცესში, ჩვენს პირობებში ეს უეჭველად გამოიწვევს იმას, რომ დამნაშავე დაუსჯელი დარჩება, რადგან მოსამართლე პროკურორისაგან განსხვავებით საერთოდ არ ექვემდებარება კონტროლს და „არავის არა აქვს უფლება მას მოსთხოვოს განმარტება მიღებული გადაწყვეტილების გამო“. ანუ, მოსამართლეს თავისუფლად შეუძლია აიღოს ქრთამი და გამოიტანოს ის გადაწყვეტილება, რომელიც სურს და სჭირდება. შედეგად მივიღებთ აბსოლუტურად კორუმპირებულ სასამართლო სისტემას.
„რესპუბლიკელებს“ ვერაფრით ვერ შეაგნებინებდი, რომ ის საპროცესო სისტემა, რომელიც არსებობს, ვთქვათ, დიდ ბრიტანეთში ან საფრანგეთში, ეყრდნობა ამ სახელმწიფოთა შინაგან სიმტკიცეს, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას, - ჩვენ კი მხოლოდ ახლა ვიწყებთ სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების შექმნას.
ეს მხოლოდ ორი მაგალითია. ამგვარი მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. მაგრამ ვიმეორებთ: რესპუბლიკელთა მთავარი მანკი დემოკრატიის ცნების ვულგარული, პრიმიტიზირებული და ერთგვარად პროვინციული გაგება იყო. როგორც ჩანს, ამომრჩეველმა ეს იგრძნო და მათ მხარი არ დაუჭირა.