ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უახლოეს დღეებში მოაწერს ხელს ბრძანებულებას შეიარაღებულ ძალთა შტაბის მეთაურების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის გათავისუფლების შესახებ. შალიკაშვილი პენსიაზე გავა. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ამერიკის კანონმდებლობით „გენერალური შტაბის“ ხელმძღვანელი ორი ვადით ინიშნება.
თავის დროზე დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ 1993 წელს გენერალ ჯონ შალიკაშვილის დანიშვნა ამ თანამდებობაზე შემთხვევითი მოვლენა არ უნდა ყოფილიყო. ვაშინგტონში უეჭველად ითვალისწინებდნენ, რა რეაქცია მოჰყვებოდა ამას რუსეთში. მაგრამ ეს დემარში მაინც გაკეთდა, რამაც მოსკოვი აშკარად გააღიზიანა და დააეჭვა. სამაგიეროდ, საქართველოში გაჩნდა (რბილად რომ ვთქვათ) გულუბრყვილო იმედები „ქართველი კაცის“ ასეთ თანამდებობაზე აღზევების გამო.
აქ გარკვეული ისტორიული ტრადიციაც ასრულებდა თავის როლს - ქართველები ხომ ადრეც ყოფილან უცხო ქვეყნის სათავეში. მაგალითისათვის სტალინიც კმარა, შუა საუკუნეებში კი ვინმე სინჯიკაშვილი (მამლუქად გატაცებული კახელი ბიჭი) ლამის მთელი აზიის მპყრობელი გახდა, მაგრამ შალიკაშვილის შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია - იგი მსოფლიოში უძლიერესი არმიის მხედართმთავარი იყო. სამხედრო თვალსაზრისით, მისი თანამდებობა უპირველესად ითვლება, ვინაიდან თავდაცვის მინისტრი და პრეზიდენტი სამოქალაქო პირები არიან. არ არის გამორიცხული, მალხაზ შალიკაშვილმა შეასრულოს პირობა, დაბრუნდეს მამამისის სამშობლოში და მშობლიურ სოფელში მუზეუმის გახსნით თავისი გვარის მხედრული დიდების პოპულარიზაციას მიჰყოს ხელი.
საინტერესოა, რა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება საქართველოსათვის გადამდგარი ამერიკელი გენერლის დაბრუნებას „წინაპართა მიწაზე“. მიუხედავად ქართული წარმომავლობისა, შალიკაშვილი ამერიკელი გენერალია, ისევე როგორც პეტრე ბაგრატიონი იყო რუსი გენერალი. ამდენად, მას არასდროს დაავიწყდება პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ყველაფერი მისცა, მათ შორის პენსიაც.
სასაცილოა იმის ფიქრიც კი, რომ გენერალი შალიკაშვილი რაიმე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, რომც მოინდომოს - არაფერი გამოუვა. საქართველოს არმია, გვინდა თუ არა, რუსეთის არმიის განაყოფია. ამერიკული არმია კი სულ სხვა პრინციპებზეა აგებული. ამდენად, ჩვენი არმიის „მხედართმთავრად“ ვარდიკო ნადიბაიძის ყოფნა უფრო ბუნებრივია, ვიდრე შალიკაშვილისა. სამაგიეროდ, თუ საქართველომ მართლაც აიღო კურსი დასავლეთზე, ჯონ შალიკაშვილი მნიშვნელოვან სიმბოლურ ფიგურად იქცევა. მასზე უკეთესი „გამაღიზიანებელი“ რუსეთისთვის შეიძლება არც კი არსებობდეს.
თავის მხრივ საქართველოს ამჟამად უამრავი საშუალება აქვს, შალიკაშვილს განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა მიაგოს. შეიძლება მას მიანიჭონ საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება. მოახდინონ შალიკაშვილთა საგვარეულო სახლ-მუზეუმის პოპულარიზაცია. ბოლოს და ბოლოს, ფორმალურად დანიშნონ პრეზიდენტის მრჩევლად სამხედრო საკითხებში. ყოველივე ეს რეალური გახდება, თუ გადამდგარი გენერალი მართლაც დაბრუნდება საქართველოში, ან ხშირად მაინც ესტუმრება ჩვენს ქვეყანას.