თუ ვინმეს რამე განცხადების დაწერა უნდა, მოვიდეს და ახლა დაწეროს. ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ახლა არის ის დრო, როდესაც განცხადებების დაწერას შესაძლოა შესაბამისი შედეგი მოჰყვეს.
„მინდა მივულოცო ყველას, ვინც ხმა მოგვცა და ვინც ხმა არ მოგვცა, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ ყველაფერი წესით და რიგით მიდიოდეს. მთავარია, რომ პრობლემა არ შეექმნას ინსტიტუტების მუშაობას. არათუ პრობლემა, ხარვეზიც კი არ არის არანაირი არცერთი ინსტიტუტის მუშაობაში. მათ შორის, შედგა მე-11 მოწვევის პარლამენტი. უფლებამოსილებაც ცნობილია ყველა დეპუტატის. ეს მილოცვაც ჩემი ამას ეძღვნება.
რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მობრძანდნენ, მიიღონ მონაწილეობა, ან დაწერონ განცხადება. ახლა არის ის დრო, როდესაც განცხადებების დაწერას შესაძლოა შესაბამისი შედეგი მოჰყვეს. ვინმე ხომ არ გამოჩენილა, ხომ არ იცით ვინმე რომ გამოჩნდა და განცხადება დაწერა, მანდატი დატოვა? ასეთი არ გამოჩენილა. შესაძლოა კაი ხანი არ გამოჩნდეს არავინ, დააკვირდით, იმიტომ, რომ როდესაც არ იყო ამის დრო, უდროო დროს ეს იგივეა შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ შეიტანო, ვთქვათ, რაღაც ჯანდაცვის სფეროდან დაფინანსების მიღებაზე ან თხოვნაზე განცხადება, ვინაიდან ზუსტად რომ იცი იქიდან ვერ დაგაფინანსებენ ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, ასეთი განცხადებები დაწერეს. ეს კიდევ შეიძლება ლეგიტიმური იყოს, შეიძლება გადააგზავნონ, მაგრამ იმ განცხადებებს ასეთი ხარისხის იურიდიული ძალაც კი არ აქვს. თუ ვინმეს რამე განცხადების დაწერა უნდა, მოვიდეს და ახლა დაწეროს. ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.