გუშინ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალთა და სანაპირო დაცვის კატარღებმა ბათუმის აკვატორიაში დააკავეს და ფოთისკენ გააბრუნეს სატვირთო გემი, ანუ რეალურად დაიწყო ეკონომიკური სანქციების განხორციელება, პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად.
უნდა აღინიშნოს, რომ მცირე მასშტაბით ანალოგიური მოქმედება თბილისმა 4 წლის წინათაც სცადა, ანუ საქართველოს ხელისუფლება მაშინაც (ძალიან ფრთხილად და შიშნარევად) ცდილობდა, როგორმე გაეკონტროლებინა ბათუმის აკვატორია. თანაც, მაშინ საუბარი იყო არა ბლოკირებაზე, არამედ თუნდაც აღრიცხვაზე იმ ტვირთისა, რაც ბათუმში შედიოდა.
მაგრამ იმ დროს ასლან აბაშიძე ჯერ კიდევ „ყინჩად იყო” და ასე ადვილად ვერაფერს უბედავდნენ. საქართველოს სასაზღვრო გემებს აჭარის სანაპირო დაცვის ერთი კატარღა მოადგა და მოსთხოვა „ტერიტორიული წყლების დატოვება“... წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლის გახსნით დაემუქრა.
თბილისს, რა თქმა უნდა, შეეშინდა და ფლოტი უკან გამოაბრუნა. ასლან აბაშიძემ კი ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე ცინიკურად იხუმრა: ახლა თბილისი კუდამოძუებით აცხადებს, რომ აჭარის წყლებში აღარ შემოვა. ჩვენი ინფორმაციით ამას მართლა ვერ ბედავენ და ეკონომიკურ წყლებს გარეთ დაცურავენ - ასე შეუძლიათ ხმელთაშუა ზღვაშიც იცურონ და იქიდან გვაკონტროლონო.
ეს განცხადება დიდად არ განსხვავდებოდა იმ კომენტარებისაგან, რაც მაშინ სოხუმიდან ისმოდა.
სწორედ ასეთი დამცინავი განცხადების თანდათანობით დაგროვებისა და მოთმინების ფიალის საბოლოოდ ავსების გამო აღმოჩნდა ასლან აბაშიძე და მისი დაჯგუფება იმ მდგომარეობაში, რომელშიც ამჟამად იმყოფებიან.
რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, უეჭველია, რომ ცენტრის მიზანი ამ შემთხვევაში არის არა ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის შიმშილით ამოწყვეტა, არამედ იმ ფინანსური ნაკადების „გადამისამართება“, რომლებიც დღემდე ბათუმის გავლით მოძრაობდნენ და ადგილობრივ სტრუქტურებში ილექებოდნენ ისე, რომ ცენტრალურ ბიუჯეტს არაფერი ხვდებოდა.
უკვე გაისმა პანიკური გაფრთხილება იმისა თაობაზე, თითქოს „საქართველო ვეღარ მიიღებს ტვირთების უდიდეს ნაწილს“ და ასე შემდეგ.
სინამდვილეში, სარფისა და ბათუმის ტერმინალთა ჩაკეტვა თითქმის ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის მომარაგებაზე.
ფოთის პორტს, როგორც გუშინ პორტის ხელმძღვანელმა ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, აქვს საშუალება, მთლიანად მოემსახუროს ამ ტვირთებს, რომლებიც ამიერიდან ამ პორტისკენ დაიძვრება, ნაცვლად აჭარის მიმართულებისა. განსაზღვრულია, რომ რიზედან ტვირთები ბორნებით გადაიგზავნება ფოთში, ხოლო სარფის საბაჟოს ნაცვლად, ტვირთებს ვალეს (ახალციხის) საბაჟო და ტერმინალი მოემსახურება.
ერთადერთი პრობლემა შეექმნება ამერიკელ კომპანია „შევრონს“ რომელიც ყაზახეთიდან და აზერბაიჯანიდან ნავთობის გადაზიდვას აწარმოებდა ბათუმის ტერმინალებამდე. მაგრამ, აქვე უნდა ითქვას, რომ იმ გროშების გარდა, რასაც საქართველოს რკინიგზა იღებდა ამ პროექტიდან, ბიუჯეტს არაფერი ხვდებოდა. ხოლო ბათუმის ტერმინალიდან და პორტიდან თბილისში არაფერი ირიცხებოდა ანუ დანაკარგი აქაც მინიმალურია.
ფოთის პორტს უკვე დღეს აქვს საშუალება, ყოველწლიურად 3-4 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახუროს. მცირე დანახარჯების შემდეგ ეს ოდენობა შეიძლება 10 მილიონამდე გაიზარდოს. გარდა ამისა, სამეგრელოში დაგეგმილია ყულევის ტერმინალის აგება, რაც ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გააძლიერებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფოთის პორტში გაიგზავნება საბაჟოს რამდენიმე ათეული თანამშრომელი, რათა განბაჟების პროცედურა მაქსიმალურად გაიოლდეს და იმპორტიორებმა გართულება ვერ იგრძნონ. ეს მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობის წარმატებით დასასრულებლად. თუმცა, ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის ცნობით, პროექტს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ფოთის პორტი პირველ რიგში სწორედ ამ ტვირთებს ემსახურება, ანუ ზემოთხსენებული „შევრონის“ ხელშეკრულების გარდა, საქართველოს არც ერთ საერთაშორისო ხელშეკრულებას არ შეექმნება პრობლემა.
სამაგიეროდ, გაორმაგდება და გასამმაგდება ფოთის პორტის შემოსავალი, რომელიც სახელმწიფოს არ უქმნის პრობლემებს და მთლიანად რიცხავს ცენტრალურ ბიუჯეტში მის კუთვნილ გადასახადებს.
სახელმწიფოს ფუნქციაც ხომ ეს არის: წაახალისოს ერთგულნი და დასაჯოს ისინი, ვინც წლების განმავლობაში თავხედურად არ ეპუება საერთო საქვეყნო ინტერესებს.