დაბა ფასანაური, რომელიც ყოველთვის ულამაზესი ლანდშაფტით იწონებდა თავს, ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე დგას. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ნაგავსაყრელის ფუნქციას მდინარე არაგვის კალაპოტი ითავსებს. უფრო მეტიც, მთელ სოფელში ანტისანიტარია მეფობს, რის გამოც ფასანაურში უკვე რამდენიმე ტიპის ეპიდემიამაც იფეთქა.
„ოდესღაც კოპწია ფასანაური დღეს ნაგავსაყრელად რომ ქცეულა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ადრე ნაგავს ვისაც სად მოუხერხდებოდა, იქ ყრიდა. ახლა კი ადგილობრივმა კომუნალურმა სამსახურმა მთლად „დაგვაგვირგვინა" ერთი აღმოჩენით, რომ თურმე ნაგავს განაპირა ადგილები ვერ მოუნახეს და კორპუსების პირდაპირ, 50 მეტრში, პირდაპირ არაგვის კალაპოტში, ნაპირსამაგრ კედელთან ამოუთხარეს ორმო, ძველი ნაგავი გორებად დააგროვეს და მთელი სოფლის ნაგავს იქ დაუწყეს ჩაყრა. ნაგვის მანქანა კვირაში ერთხელ დადის და აგროვილ ნაგავს ისიც იქ ყრის," - ამბობს „რეზონანსთან" საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივთაგანი.
ნაგვითა და უსუფთაობისგან გამოწვეული საფრთხით შეწუხებულ-შეშინებულმა ფასანაურელებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, მაგრამ - უშედეგოდ. შედეგად კი ფასანაური ეპიდემიის კერა გახდა.
„ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართეთ. მათ გვიპასუხეს, რომ ნაგავსაყრელად სოფლის განაპირას ადგილი ვერ ნახეს. რაიონის გამგებელმა რომ გაიგო, ძალიან შეშფოთდა და საჭირო ხალხს მდგომარეობის გამოსწორება დაავალა, მაგრამ, როგორც ჩანს, ფეხებზე დაიკიდეს. ჩვენ ადამიანებად რომ გვთვლიდნენ, ასე უღმერთოდ არ მოგვექცეოდნენ. საცხოვრებელ კორპუსებსა და სკოლებში იფეთქა ეპიდემიამ. ირგვლივ ათასნაირი ქვეწარმავლები დადიან. ყოველდღე იზრდება „ბოტკინით" დაავადებულ ბავშვთა რიცხვი, მომრავლდნენ შხამიანი გველები. ძაღლებს ამოაქვთ ნაგვიდან ნარჩენები და გზაზე ყრიან. ზაფხულამდე ასე თუ გაგრძელდა, სხვა ეპიდემიებიც დაგვემატება: ლეიშმანიოზი, ციებ-ცხელება და ათასი ჯანდაბა. ერთი სიტყვით, მდგომარეობა საგანგაშოა. იქნებ ვინმემ, სიკეთით სავსემ, მოგვხედოს, და ეს საშინელება სოფლის ცენტრიდან მოგვაშოროს“.
როგორც შევიტყვეთ, ფასანაურში ადგილობრივმა მმართველობამ საკანალიზაციო სისტემის კეთება დაიწყო, მაგრამ ადგილობრივებს ამაშიც არ გაუმართლათ. გამომდინარე იქიდან, რომ მდინარე არაგვით არა მარტო ფასანაურელები, თბილისიც საზრდოობს, ისინი ყურადღებასა და დახმარების ხელს ოფიციალურ თბილისს სთხოვენ.
„რომ გავიგეთ, კანალიზაციას აკეთებენ, გაგვიხარდა. გვეგონა, გვეშველებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაბის დასახლების გარკვეული ნაწილი, ბანაკიდან კორპუსამდე, არაგვის სანაპიროს მიმდებარე დასახლება ამ სიკეთის გარეშე დარჩა. სულ რაღაც 500-600 მეტრი. არაგვის დაბინძურებით არა მარტო ჩვენ, დედაქალაქიც ზარალდება: კარგად მოგეხსენებათ, თბილისისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის წყლის მიმწოდებელი არაგვია“.
რატომ იქცა ფასაური ნაგავსაყრელად და რატომ არ ექცევა ყურადღება არაგვის დაბინძურებას - ამის გარკვევა „რეზონანსმა" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში სცადა.
„ფასანაურის დანაგვინების საკითხი ჩვენ არ გვეხება, რადგან ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ამაზე რაიონის ხელმძღვანელობას უნდა დაუკავშირდეთ," - განაცხადეს ხაჩიძის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან.
დუშეთის რაიონის გამგებელი ზურა ოტიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მმართველობას კარგად მოეხსენება აღნიშნული პრობლემის შესახებ და შესაბამის ზომებს აუცილებლად მიიღებს.
ზურა ოტიაშვილი: "ფასანაურში ეს მართლაც დიდი პრობლემაა. ტერიტორიულად ვერ მოხერხდა ის, რომ ნაგავსაყრელს ცალკე ადგილი გამოეყოს. ამაზე მუშაობა სწორედ ახლა მიდის. შეიძლება ნაგავი საერთოდ აკრეფილი წამოვიდეს და დუშეთის ტერიტორიაზე დაიყაროს. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ნაგავსაყრელი არ გამოინახა. გარწმუნებთ, ამას აუცილებლად მივხედავთ და რაიმე ალტერნატიულ გამოსავალს მოვიფიქრებთ. საქმის კურსშია გამგებლობა და, შესაბამისად, რაიმეს ვიღონებთ“.
ფასანაურის დანაგვიანებას კატასტროფად მიიჩნევს „მწვანეთა პარტიის" ლიდერი, გიორგი გაჩეჩეილაძეც. მისი თქმით, თუკი ხელისუფლებას საქართველოში ტურიზმის განვითარება მართლაც სურს, პირველ რიგში ეკოლოგიურ პირობებს უნდა მიხედოს.
გიორგი გაჩეჩილაძე: „ეკოლოგიის პრობლემა არა მარტო ფასანაურში, მთელ საქართველოშია. ფაქტობრივად, ნაგავსაყრელი მრავალჯერ გაპიარებულ საკურორტო ზონებშიც კი არაა მოწესრიგებული. მაგალითისთვის გამოდგება ბათუმისა და ქობულეთის ნაგავსაყრელები, რაც ცუდ მდგომარეობაში აგდებს დამსვენებლებს. საერთოდ, ფასანაურსა და მსგავს ადგილებში, რომლებიც აქტიურ ზონად შეიძლება იქცეს, პირველ რიგში ეკოლოგიური საკითხები უნდა მოგვარდეს. კატასტროფაა ის, რომ ყველა ხეებსა და ბუჩქებზე ნაგავია შეკონწიალებული. ამაზე, რაც არ უნდა კარგი პიარი გაუკეთო კურორტს, არათუ უცხოელი, ადგილობრივი დამსვენებელიც უარს იტყვის. თუკი მართლა სურს ქვეყანას ტურიზმის განვითარება, თავდაპირველად ამ პრობლემას უნდა მიხედოს“.
„მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე „რეზონანსთან" საუბარში იმასაც აღნიშნავს, რომ არაგვის დაბინძურება თბილისისთვისაც საშიშია, რადგან არაგვის წყალი თბილისის წყალმომარაგების სისტემაში ხვდება.
„არაგვის დაბინძურება ძალიან სერიოზული პრობლემაა, რადგან ნარჩენები, რომლებიც მასში იყრება, ტოქსიკურ მავნე ნივთიერებებს წარმოშობს, სასმელ წყალში ერევა და თბილისის ცენტრალური წყალმომარაგების სისტემაში ხვდება. აქედან გამომდინარე, წმინდა უსაფრთხოების თვალსაზრისით, პრობლემა უაღრესად სერიოზულია," - აცხადებს გაჩეჩილაძე.