„ჯორჯიან მენტალიტეტი“ ანუ ბოსკამპანია დასრულდა

„ჯორჯიან მენტალიტეტი“ ანუ ბოსკამპანია დასრულდა

ყველანაირ კამპანიას თავისი დრო და ადგილი აქვს. იგი იწყება, ვითარდება და ბოლოს, როგორც ყველაფერი ამქვეყნად, წყდება. ამ კანონის თანახმად დაიწყო, განვითარდა და შეწყდა საშუალო გაქანების ჰოლანდიელ მწვრთნელ იოჰან ბოსკამპისადმი მხარდასაჭერი კამპანია საქართველოში. თუმცა ძალიან ადრე, მაგრამ კანონზომიერადაც.

უამრავი რამ შეიძლება მოვიყვანოთ ბოსკამპანიის უდროოდ დასრულების მიზეზად, მაგრამ მათგან მაინც უმთავრესი მომენტების გამოყოფა ღირს. ახლა წვრილმანებში ქექვის დრო არ არის, თუმცა არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ყველა საქმე წვრილმანებიდან იწყება და მასზეა აგებული.

მაშ ასე, დავსვათ კითხვა, რატომ ჩაფლავდა ბოსკამპანია საქართველოში. ვწეროთ ობიექტურად, შეძლებისდაგვარად გვერდი არ ავუაროთ ბოსკამპანიაში მონაწილე ობიექტებს, მაგრამ სათქმელი ვთქვათ იმ სუბიექტებზეც, რომლებიც საქართველოში ჰოლანდიელის ჩამოყვანას ქართული ფეხბურთის უეჭველ აღორძინებას უკავშირებდნენ.

მომენტი პირველი - შედეგი

შედეგზე საუბარი იმადაა ადვილი, რომ იგი თვალსაჩინოა. მას ყველა ხედავს. შედეგი ბრაზილიელი დე სოუზა არ არის, რომელზეც თანაგუნდელს ჰოლანდიურ შეკრებაზე კარგი შეხედულება აქვს, თბილისში კი ყველა უბედურების მიზეზად ის გამოჰყავს. რაც უნდა ჩქმალო და მალო, შედეგით ვერავის მოატყუებ. კიდევ ვიმეორებ - მას ყველა ხედავს და იმიტომ.

მაგრამ შედეგსაც გააჩნია თავისი საზომი პარამეტრები. იგი ძირითადად დროს ემორჩილება. კერძოდ, შეიძლება საფეხბურთო გუნდმა რაღაც ეტაპზე წააგოს, ვერ აჩვენოს რეზულტატი, მაგრამ საბოლოოდ, ყოველივე მისთვის სასიკეთოდ მორჩეს. ანუ როცა საუბარია შედეგზე, იქვე უნდა წამოვწიოთ დროის ფაქტორი და რა თქმა უნდა, დროზე და შედეგზე გათვლილი სტრატეგია. სტრატეგია, რომელიც ფაქტობრივად არც არსებობს საფეხბურთო საქართველოში.

იქ კი, სადაც სწორი კურსი და სამოქმედო პროგრამა არ არსებობს, სადაც შედეგი გაიგივებულია ლოკალურ, პატარ-პატარა მიღწევებთან, სადაც მაქსიმუმ ერთი სეზონის იქით არავინ იყურება, აზრი არა აქვს საქმის კეთებას.

ერთმა სხვებზე ავტორიტეტულმა ქართველმა მწვრთნელმა ახალ გუნდში მისვლისას ჟურნალისტის კითხვაზე - რა სამოქმედო პროგრამით აპირებთ მუშაობასო - გაიღიმა და ეს უპასუხა - პროგრამა მე არ ვიცი, მომცეს ადგილი, დამპირდნენ ხელშეწყობას და ფულს, გუნდის გაკეთება კი ჩემი საქმეაო. საქმე სწორედ ამ „გუნდის გაკეთებაშია“ - ჩვენს ფეხბურთში გაჩნდა „ელიტარულ მწვრთნელთა კასტა“, რომელთაც ყოველთვის სხვაზე მეტს უხდიან, ჰყავთ თავისთვის სასურველ ფეხბურთელთა ბირთვი და ამ „ერთგულ“ მოთამაშეებზე დაყრდნობით იქმნება „ერთწლიანი“ გუნდები ამა თუ იმ რეგიონში.

შედეგი? საკმაოდ პროზაული - რეგიონის მავან მოხალისეს ბეზრდება ფულის მოგების გარეშე ხარჯვა, ერთ დღეს გვარიანად შემსუბუქებულ ჯიბეს ამოიბერტყავს და მწვრთნელს, გუნდსაც და ფეხბურთელებსაც თავს დაუკრავს.

ხომ ნაცნობი სცენარია? აბა გაიხსენეთ, რომელ მეცენატს ეყო მოთმინება და გაუჭრა მხედველობამ ერთი სეზონის იქით?

იგივე მოხდა იოჰან ბოსკამპის შემთხვევაშიც - გაზაფხულის მიწურულს ჩამოყვანილ კაცს, ზაფხულში ჩემპიონთა ლიგა მოსთხოვეს, შემოდგომაზე – წიწილების დათვლა და რა ნახეს, ბევრიც არაფერი აღმოაჩნდა დასათვლელი - თბილისის „დინამოდან“ გაუშვეს.

ფაქტობრივად, ბოსკამპი ნაკრებიდანაც მაშინ წავიდა. მისი სხეული აქ დიღმის ბაზაზე კი არის, მაგრამ საფეხბურთო, სამწვრთნელო, პროფესიული სული უკვე „ასტრალშია გასული“.

ამიტომაც იქცა ლამის ისტერიკამდე მისული, ყვირილისგან ხმაჩახრინწული „ჰომო ნუოვო”, უკანალზე ხელშემოწყობილ, ქუთაისლები რომ იტყვიან, „ფეხებზე მკიდია, ღადო“ კაცად.

შედეგიც და სტრატეგიაც ეს არის - ვეძებდით ახალ კაცს, ფეხბურთის ამაღორძინებელს და მივიღეთ... ვერც ვერაფერი.

მომენტი მეორე - მენტალიტეტი

 

ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ბოსკამპი საშუალო გაქანების მწვრთნელია. მაგრამ ერთს დავიჩემებ, ბოსკამპი იმაზე კარგი ფსიქოლოგია და აზროვნების გაცილებით ფართო დიაპაზონი აქვს, ვიდრე ეს ზოგიერთს ჰგონია.

ჰოლანდიელს ტყუილად არ წამოუწყია „ჯორჯიან მენტალიტეტზე“ და საერთოდ მენტალიტეტზე საუბარი. თანამედროვე ევროპელისთვის წარმოუდგენელია საქმის ზერელედ კეთება. მან იცის, რომ საქმემ პური უნდა აჭამოს და აკეთებს ზუსტად იმდენს, რამდენსაც საქმე ითხოვს მისგან. ამიტომ იყო, პროგრამა-მინიმუმად ჩემპიონთალიგადასახული ბოსკამპი ლამის ასათიანზე წასაყვანი გახდა, როცა ერთმა შეაგინა, მეორემ თითი საფეთქელთან დაუტრიალა, მესამე „ველად გაიჭრა“ და ამგვარები. სწორედ მაშინ ისწავლა, ვგონებ, ერთადერთი ქართული სიტყვა „დებილი“ უცხოელმა და იგი „ჯორჯიან მენტალიტეტს“ მიაბა.

ეს ჩვენში ყბად აიღეს - დაგვცინისო. არასწორი აზრია. დაგვცინის კი არა, ცივი შხაპი უნდა იყოს ეს სიტყვები მართლაც რომ დაბალ დონეზე მოაზროვნე ქართული საფეხბურთო მენტალიტეტისთვის. როცა ამგვარი რაღაცები ხდება ნორმალურ საფეხბურთო ქვეყნებში, ხალხი დგება და მარტო მწვრთნელს არა, მის ჩამომყვანსაც სთხოვს პასუხს. ჰოდა, ალავერდიც ბოსკამპის აქ ჩამომყვანებთან - თუკი არ იცნობდით, აწონ-დაწონილი არ გქონდათ და არც ცდა შეგეძლოთ, რაღას მოგყავდათ, დალოცვილებო? პრობლემა აკლია ქართულ ფეხბურთს? ამისთანების შემდეგ, თუ მენტალიტეტზეა საუბარი, ბოსკამპის მომყვან-მიმღები ხალხისა უფრო მიკვირს.

თავად ჰოლანდიელი კი ნურავის ეგონება „ჩახსნილი ვაგონი“. იგი, დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთხელ ჰკრავს წიხლს სკამს, ძველებურადაც იჭიხვინებს და ევროპაშიც გაიტანს მოგონებას „გადასარევ ქართულ პურზე“ (შოთი მოსწონებია) და დაუწყობელ ქართულ ფეხბურთზე. იგი კიდევ იშოვის სამუშაოს. ქართულ საფეხბურთო მენტალიტეტზე კი, აბა რა მოგახსენოთ - თუ ასე მახინჯად განვითარდა... ფეხბურთის ახალი მოდიფიკაცია, სადაც საკუთარ კარში ერთი გოლის გამშვებია გამარჯვებული, შეგვრჩება ხელში.

მომენტი მესამე - ფეხბურთელები

 

ამ ხალხს რა უნდა, არც ახლა მესმის და კარგა ხანს ვერც გავიგებ. მათ ნათამაშებზე და შედეგებზე აქამდეც მრავალს და მრავალჯერ უთქვამს. და მაინც, თავი არავისზე ნაკლები ჰგონიათ.

პირველ რიგში, თანამედროვე ქართველი ფეხბურთელის და მასმედიის ურთიერთობაზე ვიტყვით და მერე მთავარს, მწვრთნელთან ურთიერთობას დავუბრუნდებით. არც მასმედიაა ქერუბიმთა საკრებულო და არც ჟურნალისტია ანგელოზი. პრესაშიც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, არის ნაკლოვანებები, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ტენდენცია უკეთესობისკენ მიდის (ფეხბურთში)?

ჩვენი მოთამაშეების უმეტესობას მასმედიასთან ურთიერთობა აღიზიანებს. ეს იმიტომ, რომ ვერ ფლობს ამ ურთიერთობის ხელოვნებას. და ერთიცაა, ბევრი მათგანი სახარებისეულ „სახლში ლომს და გარეთ კურდღელს“ მაგონებს. აქ, საქართველოში, ინტერვიუ რომ გამოსტყუო, ჯადოქარი უნდა იყო და იქ, საზღვარგარეთ, როგორი დამყოლები არიან?

თუმცა მასმედიას არც არაფერი აქვს საწუწუნო. თუ კურსი მსოფლიოს ფეხბურთისკენაა აღებული, მალე ჩვენშიც ყველაფერი ისე მოეწყობა, როგორც სხვაგან. ვერც ინტერვიუს დაგამადლებს ვინმე და ვერც ბლიცს. და ერთიც, როცა ფეხბურთელი ინტერვიუს „ჟმოტავს“, იგი მკითხველს ან ემალება, ან პატივს არ სცემს. აუჩემებიათ, ერთს ვამბობთ, მეორეს წერენო. რა, ჟურნალისტი ვერ აგებს პასუხს? თუ მართლა ანგელოზები ჰგონიათ ფეხბურთელებს? პრესისა და ფეხბურთის ურთიერთობაზე ამდენი იმიტომ გავაგრძელეთ, რომ ბოსკამპიც გვარიანი გაქირი გამოდგა. მასაც ყოჩაღად ეკიდა ფეხბურთისგან საფუძვლიანად მონგრეულ ფეხებზე ქართული მასმედიის საწუხარი. შინაურ პრესკონფერენციებს თავი დავანებოთ, უცხოეთშიც არ დაბრძანდებოდა ხოლმე მატჩისშემდგომ თავყრილობებზე.

რაღა დარჩა, ალბათ, ერთი მატჩი ალბანეთთან და ბოსკამპიც წავა. და თუ ასე არ მოხდა, სფფ გვარიან სანქციას აიკიდებს უეფასგან მისი უპასუხისმგებლობის გამო.

ახლა კი მთავარზეც: ბოსკამპანიის ჩაფლავების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მწვრთნელთან „ყალყზე მდგარი“ ფეხბურთელებიც მიმაჩნია. გუნდში, როგორც წესი, ოცდაორი ფეხბურთელია და თუ მწვრთნელად თითოეული მათგანისთვის მოსაწონი პიროვნების ძებნას შევუდექით, კონტრაქტის გაფორმება ან მამაზეციერთან, ანაც სინდი კროუფორდთან მოგვიხდება. ამ თაობის ქართველ ფეხბურთელებს სერიოზულად მიაჩნდათ, რომ შეუცვლელები არიან, რაც კარგია მინდორზე, მათი „კლასია“, რაც ცუდი კი, „მწვრთნელის დაბალი კვალიფიკაცია“. ძნელია მათთან დავა, მაგრამ დაკნინებული ქართული ფეხბურთის ცქერა უფრო ძნელია და ამისთანებიც ამიტომ იწერება.

ჩვენში ჯერაც ერიდებიან ჟურნალისტურ ძიებებს, თორემ ხალხში მოარული ხმები - თუ სად, როდის და რომელ მატჩში რომელი მწვრთნელი „ჩაუშვეს“ ფეხბურთელებმა, პრესიდანვე ეცოდინებოდა ყველას. მანამდე შორია, ასეთ მტკიცებებს ფაქტები სჭირდება და სანამ ფაქტი არა გაქვს, ვერ დაწერ. ისე კი, ყველას ყურამდე აღწევს რაღაც-რაღაცები.

ბოლო მომენტი - მთავრდება ერთი, იწყება მეორე

 

ნებისმიერი დასასრული, თავისთავად, რაღაც ახლის დასაწყისიცაა. ფაქტობრივად დასრულებულმა ბოსკამპანიამაც ახალს, უკეთესს უნდა ჩაუყაროს საფუძველი. უნდა შეიცვალოს საერთო მიდგომა. თორემ სანამ ფეხბურთი იარსებებს, მწვრთნელები და ფიფა-უეფას ტურნირები არ დაილევა და როდემდე ველოდოთ?! ამდენ ლოდინში ის ფეხბურთელებიც დაამთავრებენ კარიერას, „რომელთა ნიჭს და მნიშვნელობასაც ვერ აფასებენ ჩვენში“.

დედამიწაზე და საფეხბურთო მინდორზეც დროზე ძვირფასი კაპიტალი არ არსებობს, ამიტომ სფფ ახლავე უნდა შეუდგეს ფიქრს ახალ კანდიდატურაზე. ბოსკამპი ქართული ფეხბურთისთვის არც ფაქტობრივად, თითქმის არც იურიდიულად არ არსებობს. ხოლო ვინც მოვა, მას მისცენ დრო, უფლებები და მოსათხოვიც კონტრაქტის მიხედვით მოსთხოვონ.

მაშ ასე, ბოსკამპანია დამთავრდა. დაწყებით კი უამრავი რამ უნდა დაიწყოს. და ისევ თითქმის ნულიდან.