ევროპარლამენტის დებატები არა მარტო საქართველოზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც ჯგუფური თერაპიის სესიას ჰგავს, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.
მისი თქმით, ევროპის პოლიტიკურ ელიტას ჰგონია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მხოლოდ ის უნდა გააკეთონ, რასაც ბრიუსელი ეტყვის.
„ისინი არიან იმედგაცრუებული და ნაწყენნი, რომ აშშ-ში ამომრჩეველმა არ გააკეთა ისეთი არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. ზუსტად იგივე ამბავია საქართველოზეც. აქ ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც მათ ბრიუსელი ეტყვის. უნდა გააკეთონ ისიც კი თუ ეს სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ქართველებს ეს არ სურთ. ჩემი აზრით საქართველომ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი“, - განაცხადა ანდრაშ ლასლომ.
ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დებატები თითქმის ცარიელ დარბაზში წარიმართა. ევროპარლამენტარების პოზიციები განსხვავებულია. ნაწილმა თქვა, რომ ქართველ ხალხს თავისუფლად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ევროპარლამენტარების ნაწილმა კი ყველას მოუწოდა, პატივი სცენ ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ გამოხატულ პოზიციას.