ბუნდესტაგის ასზე მეტმა დეპუტატმა გერმანიის პარლამენტში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა

ბუნდესტაგის ასზე მეტმა დეპუტატმა გერმანიის პარლამენტში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა

ბუნდესტაგის სხვადასხვა ფრაქციის ასზე მეტმა დეპუტატმა გერმანიის პარლამენტში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვის შესახებ შუამდგომლობა შეიტანა.

როგორც ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრმა, მარკო ვანდერვიცმა განაცხადა, დოკუმენტს ხელი მოაწერა 113-მა პარლამენტარმა.

გამოცემა Die Welt-ის ცნობით, მათი უმრავლესობა პარტია „კავშირი 90“/„მწვანეების“ წარმომადგენლები არიან. მემარცხენე პარტიიდან ინიციატივას მხარი დაუჭირა პარტიის ოთხმა ყოფილმა ლიდერმა.

შუამდგომლობის ავტორები დაჟინებით მოითხოვენ, რომ პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოში იყოს განხილული.

„სასწორზე დევს ჩვენი ლიბერალური დემოკრატია“, – განაცხადა ვანდერვიცმა.
გერმანული კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვის პროცედურის დასაწყებად ბუნდესტაგში ხმათა უმრავლესობაა საჭირო.

პარტიის აკრძალვის პროცედურის ინიციირება შეუძლიათ ბუნდესტაგს, ფედერალური მიწების წარმომადგენლობას – ბუნდესრატს და ფედერალურ მთავრობას.

დოკუმენტის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, კარმენ ვეგემ ხაზი გაუსვა ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე.

„ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანისთვის“ არაკონსტიტუციურია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას“,- განაცხადა ვეგემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეძლებს თუ არა ბუნდესტაგი ინიციატივის განხილვას 2025 წლის 23 თებერვლისთვის დანიშნულ არჩევნებამდე, მარკო ვანდერვიცმა განაცხადა, რომ ამ საკანონმდებლო პერიოდში აუცილებლად გაიმართება პლენარული დებატები, თუმცა გაურკვეველია, ჩატარდება თუ არა კენჭისყრა.