მორჩა, ჩვენც გვეღირსა, ნიკოლოზ ცქიტიშვილსაც და იმედი ვიქონიოთ, რომ „დენვერსაც“. დრაფტზე „ოქროს“ ზოდებმა“ ჩვენი თანამემამულე პირველსავე არჩევანზე მე - 5 ნომრად აიყვანეს. ნიკას მომავალ შემოსავალზე რომ არაფერი ვთქვათ, ცქიტიშვილი გახდა მეორე ევროპელი მოთამაშე ბრწყინვალე პაუ გაზოლის შემდეგ, რომელსაც ნბა-ს დრაფტზე ესოდენ მაღალი ნომერი ერგო.
ნიკა ცქიტიშვილზე ამერიკელებმა ისეთი აურზაური ატეხეს, გეგონებოდა, ნბა-ს დრაფტზე კიდევ ერთი ჰაკიმ ოლაჯუონი ან ტიმ დანკანი ყოფილიყო. ქება - დიდება „ბენეტონის“ ექსმოთამაშეს მიმდინარე სეზონის სტარტიდან არ მოჰკლებია. ხოტბას ხომ ასხამდნენ, გარდა ამისა, ოკეანისგაღმელი სკაუტები და ჟურნალისტები ნიკას მომავალ დირკ ნოვიცკად მიიჩნევდნენ.
თქმა არ უნდა, საპატიო შედარებაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰერ დირკმა ბოლო დროს მაიკლ ფინლის „დალასში“ ლიდერობა იგდო ხელთ. ავტორიტეტი მოიპოვა ნოვიცკიმ, რომელსაც ევროპელობის აღარაფერი შერჩენია. აკი, თვითონვე განაცხადა გერმანელმა სტარმა, თავს ამერიკელად ვგრძნობ, გერმანელობიდან კი ერთადერთი სალაპარაკო ენა და შუადღისას შემწვარი სარდელები შემომრჩაო.
ცქიტიშვილი ამერიკელებს ალბათ ხინკლითა და სხვა ქართული კერძებით გააკვირვებს, მაგრამ ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ როგორ იმპაქტს მოახდენს „სკიტა“ თავის პირველსავე პროფესიულ სეზონში.
„დენვერის“ გენერალურ მენეჯერს, კიკი ვანდევეგეს თუ ვენდობით, ცქიტიშვილი პოტენციურად ნბა-ს „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის მონაწილეა.
აუჰ, ეს რა უთქვამს ექსვარსკვლავს, ასე ხომ გამორიცხული არაა, ჩვენს იმედსა და ევროპული კალათბურთის ამომავალ ვარსკვლავს „სტარომანია“ შეეყაროს.
ვანდევეგე ამასაც გამორიცხავს.
„ნიკა საოცრად აღზრდილი, თავმდაბალი ბიჭია. თავად მითხრა, ნბა-ში თამაში ყოველთვის მსურდა, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, ყველაფერი ასე სწრაფად თუ დატრიალდებოდაო. ქართველს არ უჭირს თანაგუნდელებთან კონტაქტი. მართალია, ცქიტიშვილი „ნაგეტსის“ ამჟამინდელი გუნდის ბევრ მოთამაშეს არ იცნობს, მაგრამ იმის პოტენციალი ნამდვილად აქვს, რომ სულ მალე ჩვენი გასახდელის მთავარ შოუმენად იქცეს.
განგებ არ ვსაუბრობ ცქიტიშვილის მართლაც რომ არანორმალურ, იშვიათ სპორტულ მონაცემებზე. დღევანდელ ნბა-ში „მაღლებიდან“ მხოლოდ ნოვიცკი და გარნეტი ატარებენ ასე უნაკლოდ ბურთს. თანაც გაითვალისწინეთ, რომ დირკიც და კევინიც თავიანთი კარიერის დასაწყისში რიგით მოთამაშეებად ითვლებოდნენ, ნიჭიერებად, თქმა არ უნდა, მაგრამ მაინც მომავლის მოთამაშეებად.
ცქიტიშვილი შეიძლება პირველსავე სეზონში ვერ „გაიხსნას“. „დენვერში“ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებია. გულშემატკივრებმა ვერ გაიგეს, რატომ გავუშვით გუნდიდან ანტონიო მაკდაიესი. ამ ეტაპზე ჩავთვალეთ, რომ ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. ლიმიტირებულ სახელფასო ფონდის შემოღებიდან ვერც ერთი წესიერი მოთამაშე ვერ შევიძინეთ, მაკდაიესი კი ერთ - ერთი ყველაზე ძვირადღირებული იყო. თამამად შეიძლება განვაცხადო, რომ 2002 წლის დრაფტზე „დენვერმა“ საუკეთესო შევსება მიიღო. ცქიტიშვილის გარდა გუნდს ულაპარაკოდ გააძლიერებს ბრაზილიელი ილარიო. მარკუს კემბის რაც შეეხება, საბოლოოდ მოირჩინა ზურგისა და მაჯის ტრავმები. ეს უდავოდ უნიჭიერესი მოთამაშე ხშირი ტრავმიანობით ბოლომდე ვერ ამჟღავნებდა უშრეტ პოტენციალს. ამას დაამატეთ მარკ ჯექსონის გამოცდილებაც. ჩემპიონობისთვის ალბათ ვერ ვიბრძოლებთ, მაგრამ ფლეი - ოფში რომ ვერ გავიდეთ, საკუთარ თავს პატივს აღარ ვცემ,“ - ასე დაახასიათა „დენვერის“ სადრაფტო მიდი - მოდი ვანდევეგემ.
რას ამბობს თავად ცქიტიშვილი? ბევრს არაფერს. ბუნებრივია უღიმის ჟურნალისტებს, რომლებმაც ნიკა მოიწონეს, როგორც გარეგნულად, ასევე შინაგანად.
მასმედიით ისიც ითქვა, კობი ბრაიანტისა და გრანტ ჰილის შემდეგ ამერიკელ ჟურნალისტებს ასე არ მოსწონებიათ არც ერთი კალათბურთელიო. კარგი შედარებაა, არა? მერე რა, რომ ნიკას სუპერვარსკვლავებს ამ ეტაპზე მხოლოდ ჟურნალისტებთან დახვეწილი ურთიერთობის გამო ადარებენ.
როგორც სუპერპოპულარული, კალათბურთის უპირველესი მცოდნე და „იუ - ეს - ეი თუდეის“ მთავარი ჟურნალისტი დევიდ დუპრი ამბობს, ცქიტიშვილი ბრაიანტისა და გარნეტის ჰიბრიდია, ზოგჯერ კი ტიმ დანკანს წააგავს.
„ცქიტიშვილისთვის ოპტიმალური იქნებოდა დასავლეთის ერთ - ერთ გრანდში თამაში. „დენვერიც“ ნორმალური გუნდია, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორ გაიუმჯობესებდა ქართველი თამაშის ხარისხს, ვარჯიშებზე დანკანისთვის ან ბრაიანტისთვის რომ თვალყური ედევნებინა.“ - აცხადებს დუპრი.
ცქიტიშვილმა კი უკვე მოასწრო ვანდევეგესთან დამეგობრება, რომელმაც ჩვენი თანამემამულე „დენვერის“ სუფთა ჰაერითა და ბევრი სხვა რამით განთქმულ მთებში მიიპატიჟა. მეეჭვება, რომ იანკურ ჯიხვებზე სანადიროდ. არც კოლორადოს ვარძიას ნახავს. უბრალოდ, დასხდებიან რესტორანში, გაიხსენებენ ორივეს ცხოვრებიდან ღირსშესანიშნავ მომენტებს და უარეს შემთხვევაში, რომელიმე პაპარაციც „ჩააკარტოჩკებს.“