ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. დეტალები კონფიდენციალურია. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ უკვე დაჰკითხეს ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია, და კიდევ რამდენიმე პირი.
პატიმარი გია ალავიძე სასჯელს მატროსოვის ციხეში, ე.წ. კრიტში იხდის. ალავიძემ, როგორც საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრს, წერილით მომმართა და ციხეში მასთან მისვლა მთხოვა. ალავიძე თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, თუმცა, ჩემთან შეხვედრა ამჯერად სულ სხვა მოტივით სურდა. კერძოდ, ამბობს, რომ ჟვანიას მკვლელობასთან კავშირში მყოფ პირებზე ინფორმაცია აქვს და ციხეში პროკურორის შესვლას ითხოვს. გია ალავიძე 2009 წელს ხელმეორედ დააკავეს. ის ყოფილი პოლიციელია და პირველად სასჯელს ქრთამის აღების ბრალდებით იხდიდა.
"პირველად სასჯელს ყოფილი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ციხეში, ავჭალაში ვიხდიდი. ახლა ამ ტიპის მსჯავრდადებულები მატროსოვის ციხეში ვართ. ავჭალაში რომ ვიყავი, გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდადებულები მოიყვანეს. ოთხივე: გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა პრივილეგირებული პატიმრები იყვნენ. ციხე სამსახურივით ჰქონდათ - დილით მოვიდოდნენ, ღამით გადიოდნენ მანქანებით. პოლიციის სამმართველო გეგონებოდათ. ამ ყველაფერს ვხედავდი... გირგვლიანის მკვლელები აგვისტოს ომის დროს, 20 დღის განმავლობაში საერთოდ არ შესულან ციხეში, ცოტა ხანში კი ისინი პრეზიდენტმა შეიწყალა. მეც შეწყალებით გამოვედი, მაგრამ მოვახერხე, გადამეღო, თუ როგორ გამოდიოდნენ და შედიოდნენ ციხეში ისინი პატიმრობის პერიოდში. გადავწყვიტე, გადაღებული მასალა "მაესტროში" მიმეტანა ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილთან", - ამბობს ალავიძე.
2009 წლის 24 მაისს, გვიან ღამით, "მაესტროს" ეზოში აფეთქება მოხდა.
"იცოდნენ, რომ რაღაც მასალები მქონდა და რაც გავთავისუფლდი, უკან დამდევდნენ კუდ-ის თანამშრომლები, ყველაფერს მიკონტროლებდნენ. თუმცა "პროფესია ჟურნალისტში" რესპონდენტად მივიღე მონაწილეობა და ეს წინასწარ ჩაწერილი იყო. ეს კადრები მაინც გავიდა ეთერში და საზოგადოებამ იხილა. გადაცემის გასვლამდე ერთი დღით ადრე კი აფეთქება მოხდა - ამბობს ალავიძე.
ალავიძის თქმით, გადაცემის გასვლიდან ცოტა ხანში ერთ-ერთი კაფედან გამოსვლისას მეორედ დააკავეს, ვიღაც ქალისთვის მობილური ტელეფონის წართმევა დააბრალეს და თაღლითობის მუხლით გაასამართლეს. გია ალავიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
"მაიძულებდნენ, ეს აფეთქება დამებრალებინა. ჩემთან არაერთხელ მოსულა გაგა მკურნალიძე, რომელიც რაღაც გარიგებებს მთავაზობდა. არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ამ ყველაფერს ჩემთვის რაიმე სარგებლობის მისაღებად ვახმოვანებ. მაქვს ბევრი ინფორმაცია და ყველაფრის მტკიცებულება. მინდა, გამოძიებასთან ვითანამშრომლო...
გირგვლიანის მკვლელობის შემსრულებელი ოთხი პირიდან ორი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან არის დაკავშირებული. ისინი მკვლელობის ღამეს მოვლენების ინსცენირებაში იყვნენ ჩართული".
პატიმარი ციხეში პროკურორის შესვლას ითხოვს. ამბობს, რომ გამომძიებელი უკვე იყო მასთან და არ ენდობა. "დიდუბე-ჩუღურეთის მეოთხე განყოფილების გამომძიებელი იყო, მაგრამ მიზეზთა გამო, მინდა, პროკურორი მოვიდეს. ეს გამომძიებელთან, დაკითხვის ოქმშიც დავაფიქსირე, მაგრამ რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია".