2010 წელს ყოფილი სამხედრო ექსპერტი და დიპლომატი ვახტანგ მაისაია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნეს და ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისი დაკავებიდან მეორე დღეს, 6 მაისს, სამხედრო სარდლობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მაისაიამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას. "ის გადასცემდა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ჯარის პოზიციებზე ინფორმაციას, რათა მოწინააღმდეგეს ეპოვა ჩვენი ნაწილები და უკეთესად დაებომბა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მაისაიას, რომელიც 2009 წლის მაისში დააკავეს, ბრალად დაედო უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა და ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი ჯაშუშობა. ვინაიდან საქმის განხილვა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, საზოგადოებას დღემდე არა აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. სხვათა შორის, მაისაიამ ტელეეთერში გაკეთებული ჩვენება სასამართლოში შეცვალა და ბრალის აღიარებაზე უარი განაცხადა.
ჩვენ შევეცადეთ, როგორმე დავკავშირებოდით ვახტანგ მაისაიას ციხეში, რაშიც მისი მეუღლე დაგვეხმარა.
წერილი ციხიდან
"2009 წლის 5 მაისს უნდა გამეკეთებინა სპეციალური კომენტარი ე.წ. მუხროვანის ამბოხებაზე დიდი ბრიტანეთისა და სლოვაკეთის მედიასაშუალებებით. ჩეხი და სლოვაკი ჟურნალისტებისთვის კომენტარი ჩემმა ბრატისლაველმა მეგობარმა დოდო დოლეჟანმა მთხოვა. უნდა გამოვსულიყავი რადიო "თავისუფლების" ეთერშიც. მე როგორც ნატოს "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის კონსორციუმის სპეციალური სამუშაო ჯგუფის წამყვანი ექსპერტი, ვამზადებდი სპეციალურ მოხსენებას ამ საკითხზე. ფარული მიყურადების საშუალებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე იცოდა ჩემი პოზიცია ეგრეთ წოდებულ ამბოხზე. სინამდვილეში ეს იყო დაუმორჩილებლობა და პროტესტი, რომლის უფლება ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ. იცოდნენ ისიც, რომ სააკაშვილის რეჟიმი მოვლენებს აყალბებდა. აი, ამის გახმაურებას ვაპირებდი იმ დღეს მთელ მსოფლიოში. სწორედ ეს სამოქალაქო და პრინციპულად ობიექტური პოზიცია გახდა მიზეზი ჩემი დაპატიმრებისა..
სხვათა შორის, ძალიან კორექტულად დამაპატიმრეს, როცა ლექციიდან შინ ვბრუნდებოდი. ბუნებრივია, ასეთ დროს ადამიანი ნერვიულობს. მე კი, ჩემდა გასაოცრად, სასწრაფოდ მომიტანეს მინერალური წყალი და ჩაი, რომელთაც ხშირ-ხშირად მთავაზობდნენ. ვეჭვობ, სწორედ მაშინ შემაპარეს პრეპარატი "სკოპოლამინი", რადგან სიმპტომები, რომლებიც მოგვიანებით დამეწყო, სწორედ ამ პრეპარატს ახასიათებს. "სკოპოლამინი" იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლას, ჩვეულებრივ, მას მინერალურ წყალში ან ჩაიში ურევენ.
თავგამოდებით ცდილობდნენ, როგორმე დაეკავშირებინათ ერთმანეთთან ჩემი და გენერალ კობა კობალაძის დაპატიმრება მუხროვანის ამბოხების გამო. კონტრდაზვერვის თანამშრომლები მაიძულებდნენ, მეთქვა, თითქოს კობალაძე იყო ჩემი ოპერატიული ინფორმაციის წყარო, ანუ "აგენტი" და თითქოს ვიცოდი, რომ ჩართული იყო მუხროვანის ამბოხებაში. ამაზე კატეგორიული უარი ვთქვი, მაგრამ დავთანხმდი, მეღიარებინა სლოვაკეთის ჯაშუშობა, რადგან ვიცოდი, რომ სლოვაკეთში ვერავის დაიჭერდნენ.
ჩემი სატელევიზიო აღიარება საშინელი ზეწოლის შედეგი იყო. შუბლზე იარაღი მომადეს და გასროლის იმიტაცია გააკეთეს. მერე საკანში შემოიტანეს თოკი და მემუქრებოდნენ, ან ფანჯრიდან გადაგკიდებთ, ან გადაგაგდებთ და ვიტყვით, თვითონ გადახტაო. ყველაზე მეტად ბავშვებისა და ქალების ხმებმა იმოქმედა, ქვემოდან
რომ ამოდიოდა. მოგვიანებით გავიგე, ოთანაძის ცოლ-შვილი ყოფილა. მათ გამო ხომ მთელი სანათესავო ჰყავდათ დაკავებული. ბოლოს მითხრეს, ხომ ხედავ, ყველანი აქა გვყავს და შენს ცოლსაც მოგისვამთ გვერდით და მერე ნახე, როგორ აჭუკჭუკდებიო. ასე დამუშავებულს გამაკეთებინეს ტელეაღიარება. მანამდე ტექსტი მომამზადებინეს, მაგრამ სამი ვარიანტი დამიწუნეს. ბოლოს თავად შეასწორეს, ჩაამატეს ვიღაც ტომი და იანი... და მე ვაღიარე სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის ჯაშუშობა.
ჩემი სისხლის სამართლის საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. მაგრამ იმედია, ოდესმე მოხსნიან. მაშინ საქმეში არსებული მასალებით ცხადი გახდება, რომ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაზე ლაპარაკი არ ყოფილა. ეს იყო მასალები, რომელთაც ტელეკომპანიები, საინფორმაციო სააგენტოები და გაზეთები ავრცელებდნენ. ჩემს მეილებში ზუსტად იყო მითითებული ინფორმაციის წყაროები (ტელევიზია, ექსპერტები, გაზეთები, ინტერნეტსაიტები).
სლოვაკეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ოთხი წელი ნატოს თანამშრომელი ვიყავი, წამოსვლის შემდეგაც ვთანამშრომლობდი ნატოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან, დავდიოდი კონფერენციებზე და ეს არის ჯაშუშობა?
თავიდან მითხრეს, რომ თითქოს სლოვაკეთში - დოდო დოლეჟანი და უკრაინაში ელენა იაცონსკა ჰყავდათ დაკავებული რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით და სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. მოგატყუეს შენმა მეგობრებმა, თურმე შენს გადაგზავნილ მასალებს გრუ-ში აგზავნიდნენო. გასაოცარი ის იყო, რომ ეს დამიდასტურა ჩემმა პირველმა ადვოკატმაც. ასე მაწვდიდნენ ცრუინფორმაციას.
პირდაპირ მითხრეს, თუ ვაღიარებდი ჯაშუშობას, სიმონ კილაძის ვარიანტს გამითამაშებდნენ, წელიწად-ნახევარს მომისჯიდნენ. გირაოზე ლაპარაკი არ ყოფილა. ციხეში, ცალკე საკანში მექნებოდა ლეპტოპი და არავინ შემაწუხებდა. სანაცვლოდ ჩვენი კონტრდაზვერვისათვის საჭირო ანალიტიკური მოხსენებები უნდა მომემზადებინა. ე.ი. მეთანამშრომლა როგორც ანალიტიკოსს... მაგრამ იმაზე დათანხმება, რაც მოგვიანებით მომთხოვეს, არ შემეძლო.
მიუხედავად ჩემი "აღიარებისა", გამოძიება ჩიხში მოექცა, რადგან ორი წელი იყო, აღარ ვმუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ ვიყავი საჯარო მოხელე. ამიტომ ეგრეთ წოდებული ინფორმატორის სახით სჭირდებოდათ ისეთი ვინმე, ვინც დაკავშირებული იქნებოდა თავდაცვის ან საგარეო საქმეთა სამინისტროებთან. ამიტომაც დააკავეს ჩემი მეგობარი, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ბატკუაშვილი. მოითხოვდნენ, მეთქვა, თითქოს ბატკუაშვილმა ერთი გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტი გადმომცა. აი, ეს იყო მიზეზი, რომ უარი ვთქვი ბრალის აღიარებაზე. მივხვდი, ამით ძალიან დიდი "ჯაშუშური რგოლის" შეკვრა ჰქონდათ ჩაფიქრებული. საქმე ის არის, რომ ბატკუაშვილს ხელი არ მიუწვდებოდა გასაიდუმლოებულ დოკუმენტებზე. ამიტომ, თუ დავასახელებდი, ბატკუაშვილს თავის მხრივ ხელი უფრო მაღალი რანგის პირებზე უნდა დაედო. სწორედ ამის გამო ვთქვი უარი ამ მოთხოვნის შესრულებაზე.
ამის შემდეგ დაიწყო ჩემი უკანონო ღამის დაკითხვები ციხის ადმინისტრაციის შენობაში. 2009 წლის 6 ივლისსაც ამიყვანეს ადმინისტრაციის შენობის მე-3 სართულზე. მე-8 საპყრობილის დირექტორის კაბინეტიდან კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ოთარი (გვარი არ მახსოვს) და კიდევ ერთი პირი გამოვიდნენ. შემიყვანეს ეგრეთ წოდებულ სათათბირო ოთახში. ოთარმა მითხრა, ცუდად იქცევი და ამ ამბავს ოცწლიანი პატიმრობით დაასრულებ (რაც ამისრულეს კიდეც), ჯოჯოხეთად გიქცევ ცხოვრებას, თავის მოკვლა სანატრელი გაგიხდებაო. ფეხებზე მკიდია შენი ადვოკატი, სახალხო დამცველი თავისი აპარატით, საზოგადოებრივი აზრი, მე ვარ აქ ყველაფრის პატრონიო. ამის შემდეგ გონზე მოსასვლელად 2-3 დღე მომცა მოსაფიქრებლად, რათა "ძველი თანამშრომლობა" გამეგრძელებინა.
ვახტანგ მაისაია"
ვახტანგ მაისაიას მეუღლე: - ბატკუაშვილი თავიდან კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებას, მაგრამ საბოლოოდ აღიარა, რომ თითქოს სკაიპით გადმოსცემდა ვახტანგს ინფორმაციას ომის დროს. ეს სრული აბსურდი იყო, რადგან ბატკუაშვილი ომის დროს დაკარგული იყო, მასთან ოჯახს სატელეფონო კავშირიც კი არ ჰქონდა. 10-11 აგვისტოს თავად დავრეკე მის მეუღლესთან, რომ გამეგო, ცოცხალი იყო თუ არა და რა სკაიპით ინფორმაციის გადმოცემაზე იყო ლაპარაკი? მან აღიარა, რომ მეგობრულ საუბრებში როგორც სამხედრო ექსპერტს გადასცემდა ინფორმაციას, მაგრამ ისე, რომ არ იცოდა, მაისაია სხვას თუ აწვდიდა. ისიც თქვა, მაისაიასთვის გრიფით "საიდუმლო" დოკუმენტი არ გადამიციაო. ბატკუაშვილს ჯაშუშობა მოუხსნეს, სამსახურებრივი დაუდევრობის მუხლით გაასამართლეს და დარბაზიდან გაათავისუფლეს...
რაც შეეხება დოლეჟანსა და იაცონსკას, დოლეჟანი დამოუკიდებელი ექსპერტია და დისერტაციას წერდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. მუხროვანის ამბოხების დროს დოლეჟანმა ვახტანგს დაურეკა და სთხოვა ინფორმაცია, რა მოხდა სინამდვილეში მუხროვანში. იგივე სთხოვა პოლიტოლოგმა იაცონსკამაც. სხვათა შორის, არც ერთ მათგანს რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობა არ დაუდასტურდა. როგორც კი მაისაიამ ჩვენება შეცვალა, პროკურატურამ დამატებით ერთი თვე მოითხოვა, საგამოძიებო მოქმედება არ არის დასრულებულიო. დოლეჟანი სლოვაკეთის სპეცსამსახურებში დაიბარეს და დაჰკითხეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს სამხილების არარსებობის გამო. იაცონსკაც დააკავეს რამდენიმე დღით, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.
პროცესზე არ უთქვამთ, რომ მათ ჯაშუშობა არ დაუდასტურდათ?
- რას ამბობთ, მეტიც, ვახტანგ მაისაიას განაჩენში ორივე ვინმე დოლეჟანად და ვინმე იაცონსკად არის მოხსენიებული. ასე "ვინმეზე" და "რამეზეა" აგებული განაჩენი. განაჩენში წერია, რომ ვახტანგ მაისაია გადაიბირეს უკრაინის მოქალაქე ვინმე ელენა იაცონსკამ და სლოვაკეთის მოქალაქე ვინმე დოდო დოლეჟანმა, რომელიც სლოვაკეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელია, ორივე კი თავის მხრივ რუსეთის გრუ-ს ჰყოლია გადაბირებული.