საქართველოს დედაქალაქში არაჩვეულებრივი ამბავი მოხდა: გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა დასწერა: „მოგონებანი“ და ეს საბჭოთა სახელმწიფო გამომცემლობამ გამოსცა.
გენერლის მიერ „მოგონებათა“ დაწერა არაჩვეულებრივი არ არის, მაგრამ ამ დაწერილს ბოლშევიკები ბეჭდავენ, - ეს კი არაჩვეულებრივია და ეს იმით აიხსნება, რომ გამოცემული წიგნაკი ბოლშევიკურ გემოვნებას აკმაყოფილებს სულ მარტივათ იმით, რომ გენერალი ეგრეთწოდებულ მენშევიკებს „ტყავს აძრობს“.
საღი კრიტიკა მოსაწონია, რასაკვირველია. მაგრამ თუ კრიტიკას მიზნათ აქვს ვიღაცას ემსახუროს, ვიღაცას ასიამოვნოს, ეს კი უკვე დასაგმობია.
გენერალ მაზნიაშვილის „მოგონებანი“ შეეხებიან 1917-25 წლებს. მე არა ვარ სამხედრო პირი და ამიტომ ვერც ვბედავ რაიმე ვსთქვა იმ ოპერაციების შესახებ, რომელიც ჩვენს ჯარს უწარმოებია. მაგრამ ამ წიგნმა დამაინტერესა მეორე მხრივ. გენერალი აღგვიწერს უკანასკნელი ბრძოლების ამბავს და წინაისტორიის შესახებ სწერს: „უკვე ენკენისთვეში (1920 წ.) სამხედრო მინისტრის კანცელარიამ შეადგინა ვრცელი მოხსენება, რომელიც ამბობდა, რომ ბაქოში სდგება ცალკე მე-11 არმია, რომელსაც სათავეში უდგება გეკერი და ამ არმიის მიზანი და დანიშნულება არის საქართველოსკენ წასვლა“ (გვ, 150).
„1921 წლის იანვრის დასაწყისში ბაქოდან ჩამოვიდა ჩვენი წარმომადგენელი გაბო ხუნდაძე, რომელმაც მთავრობას მოხსენება წარუდგინა და დაადასტურა, რომ ბაქოში დამთავრდა მე-11 არმიის შედგენა, რომლის მიზანია საქართველოს მიმართ ოპერაციების დაწყება“ (გვ. 154).
შემდეგ აღწერილია ბრძოლა რუსის ჯარების წინააღმდეგ 13 თებერვლიდან სრულ ოკუპაციამდე. ბოლშევიკები, ეს დღევანდელი პირწავარდნილი იმპერიალისტები მუდამ გაჰკივიან იმას, რომ საქართველოს მუშები და გლეხები აჯანყდენ და მათ დაამხვეს დემოკრატიული საქართველოს ბურჟუაზიული მთავრობა და აქ კი მაზნიაშვილის „მოგონებან“-ში მოთხრობილია ბოლშევიკების თავდასხმა და ბრძოლა, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ მოუხდა, თუმცა გენერალი რუსეთს არ ასახელებს და სამხედრო ტერმინოლოგიით მტერზე და მოწინააღმდეგეზე ლაპარაკობს.
გენერალ მაზნიაშვილის „მოგონებანი“ რომ კერძო პირს გამოეცა, რომ იგი ბოლშევიკებს „გაპაროდათ“, ვერაფერს ვიტყოდით, მაგრამ წიგნი გამოცემულია საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობისაგან და მას უძღვის ამავე გამომცემლობისაგან წინასიტყვაობა, რომელიც ასე სრულდება: „მკითხველს ვურჩევდით: გულდასმით წაეკითხა იგი“-ო.
გენერალის მიერ „მენშევიკების“ ლანძღვას (ეს ხომ კრიტიკა არ არის!) იქამდე დაუბრმავებია ბოლშევიკური გამომცემლობა, რომ ვეღარ უგრძვნიათ, რომ მაზნიაშვილის „მოგონებანი“ ბოლშევიკებს ცხვირპირში სცემენ. წინასიტყვაობაში რომ ეთქვათ, თითქოს მაზნიაშვილის მოთხრობა ბოლშევიკების თავდასხმისა და ოპერაციების შესახებ ან ზემოთ აღნიშნული ამონაწერი სიცრუე არის, მაშინ ეს ბოლშევიკებისათვის სარფიანი იქნებოდა, - მაგრამ სწორეთ ეს დავიწყნიათ მათ და ამგვარათ თავისი სტამბითა და ხარჯით, ამ წიგნის გამოცემით ბოლშევიკებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რაც მათ დღემდე არ უცვნიათ: რომ მათ უცხო ხიშტით დაიპყრეს საქართველო.
მაზნიაშვილის „მოგონებებში“ მრავლად არის საბუთები, რომლებიც „თავისთავად ლაპარაკობენ იმას“ - თუ როგორ მომზადდა საქართველოზე თავდასხმა და როგორ დაიპყრეს იგი. ამ წიგნის ერთი ღირსება სწორეთ ეს არის, ეს სიმართლე, რომლის დაფარვა მაზნიაშვილს არ შეეძლო და ბოლშევიკებმა კი იგი ვერ მიაფუჩეჩეს. რასაკვირველია: შუბი ხალთაში არ დაიმალება.
მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას