ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არა და არ ილევა სკანდალები. თავის დროზე „მოქალაქემ“, ამჯერად კი ბლოკ „აღორძინების“ წევრმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ზუგდიდიდან, თენგიზ ჯგუშიამ გააკეთა განცხადება, რომელმაც დიდი „ღრიანცელი“ გამოიწვია მასმედიაშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც.
მის მიერ გამოთქმული პოზიცია, რომ ზუგდიდელი ამომრჩევლების აზრის გათვალისწინებით, იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერს ედუარდ შევარდნაძეს, ერთხმად დაგმეს და „დასწყევლეს“ ბლოკ „აღორძინების“ წარმომადგენლებმა, ჯგუშიას უშუალო პარტიული შეფის, ვახტანგ რჩეულიშვილის გარდა, რომელიც შეეცადა „გაგებით“ მოკიდებოდა მაჟორიტარი დეპუტატის განზრახვას.
რჩეულიშვილის თქმით, ეს არის ჯგუშიასა და მისი ამომრჩევლების პოზიცია და არავითარ შემთხვევაში სოციალისტური პარტიისაო.
ჯგუშიას საქციელი, როგორც ვთქვით, დაგმეს „აღორძინების“ ლიდერებმა, მაგრამ საგულისხმოა, რომ საქმეში... ციხიდან ჩაერია ლოთი ქობალიაც(!), რომელმაც ასევე დაგმო ჯგუშიას ნაბიჯი, ხოლო ქობალიასთან მობილური ტელეფონით მოსაუბრე ვახტანგ ბოჭორიშვილმა ჯგუშიას არარაობა და მოღალატე უწოდა.
მართალია „მოქალაქეებისგან“ ჯერჯერობით არაფერი ისმის, მაგრამ მოელიან, რომ „გასოციალისტებულ-გააღორძინებული“ ჯგუშია კვლავ „გამოქალაქდება“.