არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა 8 000 წლის წინანდელი სახლი აღმოაჩინეს

არქეოლოგებმა პრეისტორიული სახლის ნაშთები აღმოაჩინეს და ის დაახლოებით 8000 წლით დაათარიღეს.

მართკუთხა საცხოვრებელი ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის (Ö A W) მკვლევრებმა სერბეთში, სვინიარიჩკა ჩუკაში აღმოაჩინეს.

ექსპერტების თქმით, აღმოჩენა კონტინენტის ადრეულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებზე ბევრს ამბობს.

"ეს აღმოჩენა იძლევა არსებითად ახალ შეხედულებებსა და მონაცემებს, რომლებიც, სავარაუდოდ, შეცვლის წინა მოდელებს", — თქვა ბარბარა ჰორეჯსმა, არქეოლოგმა და Ö A W-ის ავსტრიის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა.

ახლად აღმოჩენილი ნაგებობა დაახლოებით 8000 წლის წინ ხის ბოძებისგან ააშენეს. მისი ასე დიდი ხნით უვნებლად შემონახვის ფენომენი ხანძრით იხსნება.

"ჩამონგრეულმა და დამწვარმა მასალამ დაფარა სახლის იატაკი, არტეფაქტები, ხელსაწყოები და ჭურჭელი", — თქვა ჰორეჯსმა.

საცხოვრებელი სახლი შეიცავს მტკიცებულებებს, რომ მისი მაცხოვრებლები ინახავდნენ საკვებს, როგორიცაა მარცვლეული და თესლები.

ნეოლითური პერიოდი ბალკანეთში დაახლოებით 8500 წლის წინ დაიწყო და 3500 წელი გაგრძელდა. დაახლოებით ამ პერიოდში ხდებოდა მონადირე-შემგროვებლობიდან სოფლის მეურნეობაზე გადასვლა. სწორედ ასე წარმოიშვა ევროპის კონტინენტზე მუდმივი დასახლებები.

ეს უახლესი აღმოჩენები ეჭვქვეშ აყენებს არსებულ შეხედულებას, რომ ადრეული ნეოლითის ხანაში ამ რეგიონში მცხოვრები ხალხი მომთაბარე იყო.

"ფაქტია, ამ პერიოდში დღევანდელი ბალკანეთის ტერიტორიაზე ადამიანებს მუდმივი დასახლებები უკვე გააჩნდათ", — თქვა ჰორეჯსმა.

გათხრები სვინჯარიჩკა ჩუკაში 2018 წლიდან მიმდინარეობს და ამ დროის განმავლობაში არქეოლოგებმა ადრეული ნეოლითური პერიოდიდან დასახლებების მრავალი კვალი აღმოაჩინეს.

ეს აღმოჩენები მიეკუთვნება სტარჩევოს კულტურას, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ნეოლითური კულტურაა ბალკანეთის ტერიტორიაზე. სტარჩევოს კულტურა ცნობილია რეგიონში სოფლის მეურნეობის გაჩენითა და ცხოველების მოშინაურებით.