Global Tree Assessment-ის სახელით ცნობილი ინიციატივის ფარგლებში წითელ წიგნზე მომუშავე 1000-ზე მეტმა ექსპერტმა ხეების 47 282 ჯიშის ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა. აღმოჩნდა, რომ 16 425 მათგანი გაქრობის რისკის ქვეშაა, ეს კი იმავე სტატუსის მქონე ფრინველების, ძუძუმწოვრების, ქვეწარმავლებისა და ამფიბიების საერთო რაოდენობას 2-ჯერ აღემატება.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ საფრთხის წინაზე მდგომი ხეების უდიდესი ნაწილი კუნძულებზე გვხვდება, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, ასეთია გაუტყეურება, კლიმატის ცვლილება, ინვაზიური სახეობები და დაავადებები.
სამხრეთ აფრიკაშიც კი, რომელიც ხეების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ჯიშების მეოთხედს გაქრობა ემუქრება. მეცნიერები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს 25% პროპორციულად ბევრი არ იყოს, მაგრამ მომავალში ამ მაჩვენებლის ზრდაა მოსალოდნელი. ასევე, რეგიონში ჯერ კიდევ ბევრი მცენარეა, რომელიც ჯერ აღწერილი არაა და დიდი შანსია, ისინი უკვე გადაშენების ზღვარზე იყოს.
რა თქმა უნდა, ეს რისკი უარყოფითი მოვლენაა არა მხოლოდ მცენარეებისთვის, არამედ ადამიანებისთვისა და ველური ცხოველებისთვის, რომელთა სიცოცხლეც ტყეებზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ასეთი სახეობა უკვე წითელ წიგნშია, რაც ნიშნავს, რომ მათ ორმაგად უნდა გავუფრთხილდეთ.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ტყეების შენარჩუნება ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გზაა, რის გარეშეც სიტუაცია უფრო მწვავდება. შესაბამისად, ხის ჯიშების გაქრობა ეკოსისტემასა და გლობალურ კლიმატს აზარალებს. ექსპერტების თქმით, მცენარეთა მდგომარეობის შეფასება პირველი ნაბიჯია, რაც მომავალში ჩვენგან უკვე ქმედებას მოითხოვს, რათა ხეები გადავარჩინოთ.