რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩვენი მომხრე მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში იმიტომ, რომ რაღაც გაურკვეველი ნომრებით დარეგისტრირებულები იყვნენ დამკვირვებლებად რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მან საზოგადოებას მოუწოდა, მსგავსი შემთხვევების შესახებ პარტიას შეატყობინონ.
„რამდენიმე შემთხვევა უკვე გამოკვეთილია და მინდა საზოგადოებას, განსაკუთრებით ჩვენს მომხრეებს მოვუწოდო, თუ ასეთი შემთხვევები კიდევ იყო, ყველას ვთხოვ, შეგვატყობინონ. უკვე რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩვენი მომხრე ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში და რატომ - როგორც აღმოჩნდა, რაღაც გაურკვეველი ნომრებით ისინი დარეგისტრირებულები იყვნენ დამკვირვებლებად რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე. ანუ ვთქვათ, მე მივედი კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად ჩემს საარჩევნო უბანზე და აღმოვჩნდი მაგალითად, წყალტუბოში დამკვირვებლად გაფორმებული და ამ გაფორმების ავტორები არიან სხვადასხვა აგენტურული პარტიები.
თუ ხმების მოპარვაზე ვლაპარაკობთ, ამას ბოლომდე ჩავყვებით და ბოლომდე დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ეს ხალხი - ჩვენი მომხრეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად. ხმების რეალური მოპარვა რომ გაინტერესებდათ, ამ რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე, ხვალ-ზეგ, კონკრეტული ფაქტები გექნებათ, ვისი ხმები როგორ მოიპარეთ”, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.