უკვე ოთხი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში უპრეცედენტოდ გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდა. მიუხედავად ამისა სპეკულაციები არ წყდება, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ არ ვაპირებთ არც ერთი პუნქტის გატარებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
„უკვე მერამდენედ ხდება, როდესაც აგენტურული ოპოზიცია და მათი თანამზრახველები ცდილობენ უხეშ მანიპულაციებს და ხალხის მოტყუებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არჩევნები ყალბდება. რაც არ უნდა გავაუმჯობესოთ და რაც არ უნდა ელექტრონული არჩევნები ჩავატაროთ უკვე ისინი იმდენად დიდ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ ქართული საზოგადოების, რომ დღეს გვეუბნებიან 300 ათასი ხმა გაყალბდა ელექტრონულ არჩევნებში. ეს ფაქტები რომ არ გაგრძელდეს ჩვენ ბოლომდე უნდა ჩავყვეთ ყველა დეტალს იმისთვის, რომ ვეღარ მოახერხონ ქართული საზოგადოების მოტყუება.
ერთ-ერთი მათ შორის არის „ისფედის“ ანგარიში, რომელიც მიუხედავ იმისა, რომ 4 დღეა არჩევნების დასრულებიდან გასული, დღემდე არ გამოქვეყნებულა. მათ ქართულ საზოგადოებას მიუგდეს ერთი განცხადება, სადაც შუაში სხვათა შორის დაწერეს, რომ მათი მონაცემები და ამ მონაცემების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მონაცემებს, თუმცა იქ არის უამრავი დეტალი, რომელიც ძალიან საინტერესოა, თუმცა „ისფედი“ არც ჩქარობს და არც აპირებს ამ მონაცემების გამოქვეყნებას.
მათ არ უნდათ მტკიცებულება წარმოადგინონ, რომელიც აგენტურული ოპოზიციის გეგმებს შეეწინააღმდეგება. მტკიცებულების სახით სიმართლე არის ამ დოკუმენტში ასახული. ბევრი ტყუილიც იქნება, მაგრამ ეს ტყუილ - მართალი მაინც გამოაქვეყნონ. რაც მთავარია იქ იქნება დაწერილი, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები ერთი-ერთში ემთხვევა ცესკოს მონაცემებს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.