კახა კალაძე: „დარღვევა“ გამოავლინეს, მილიონერი ქალბატონი, რომელიც ბეჭდებით იჯდა საარჩევნო უბანზე, ღიმილით და თვალებში ყურებით ახორციელებდა ამომრჩეველზე ზეწოლასო - ეს არის ყველაზე „ძლიერი“ არგუმენტი, დანარჩენს, ალბათ, თენგო გვეტყვის

კახა კალაძე: „დარღვევა“ გამოავლინეს, მილიონერი ქალბატონი, რომელიც ბეჭდებით იჯდა საარჩევნო უბანზე, ღიმილით და თვალებში ყურებით ახორციელებდა ამომრჩეველზე ზეწოლასო - ეს არის ყველაზე „ძლიერი“ არგუმენტი, დანარჩენს, ალბათ, თენგო გვეტყვის

არანაირი ფაქტი არ არის წარმოდგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გუშინ ახალი არგუმენტი წარმოადგინეს. ეს ეხება მილიონერ ქალბატონს, რომელიც ბეჭდებით იჯდა საარჩევნო უბანზე. ღიმილით და თვალებში ყურებით ამომრჩეველზე ახორციელებდა ზეწოლასო. ეს აქვთ დღეის მდგომარეობით ყველაზე „ძლიერი“ არგუმენტი, დანარჩენს, ალბათ, თენგო გვეტყვის, რა და როგორ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთელ ძალისხმევას ხარჯავენ „ფეიკნიუსების“ შექმნაში.

„რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას და მათ უსუსურ მცდელობებს, რომ ათასგვარი მანიპულაციებით, საზოგადოების დეზინფორმირებით, ტყუილებით შექმნან საპროტესტო მუხტი, რასაკვირველია, მარცხისთვისაა განწირული. ეს დღეებია ვხედავთ, მხოლოდ უსუსურ ბრალდებებს, ფაქტების გარეშე. მთელ ძალისხმევას ხარჯავენ „ფეიკნიუსების“ შექმნაში. იმის ნაცვლად, რომ გაანალიზონ შეცდომები. არანაირი ფაქტი არ არის წარმოდგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გუშინდელ დღემდე, ყველა ძლიერი არგუმენტი და საჩივარი, რომელიც იყო დაწერილი, იყო ის, რომ ერთ-ერთი უბანზე ორმა დამკვირვებელმა ერთმანეთი გადაკოცნაო. გუშინ ახალი არგუმენტი წარმოადგინეს. ეს ეხება მილიონერ ქალბატონს, რომელიც ბეჭდებით იჯდა საარჩევნო უბანზე. ღიმილით და თვალებში ყურებით ამომრჩეველზე ახორციელებდა ზეწოლასო. ეს აქვს დღეის მდგომარეობით ყველაზე „ძლიერი“ არგუმენტი, დანარჩენს ალბათ, თენგო [თენგო თევზაძე, გვარამია-მელიას კოალიციის წევრი] გვეტყვის, რა და როგორ. ეს ის პოლიტიკური პარტიებია, რომელთაც საარჩევნო კამპანიაც არ ჩაუტარებიათ. რა ნამუსით უნდა მისულიყვნენ გვარამია, მელია, ხაზარაძე და სხვები? როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ საზოგადოებას თავი დაამახსოვრეს ბოროტებით, ყველანაირი უკადრებელი აკადრეს მოსახლეობას. აწარმოებდნენ სამარცხვინო კამპანიას მოსახლეობის წინააღმდეგ, მონებად აცხადებდნენ ყველას, ვინც მათგან განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა. ეს ადამიანები, „ფეისბუქ“ „ბაბლში“ არიან ჩაკეტილები არ აინტერესებს ირგვლივ რა ხდება. რეალობას არიან მოწყვეტილები. ტყუილებით აჯერებდნენ ამომრჩეველს, რომ იგებდნენ. სისულელეებს აქვეყნებდნენ, გახსოვთ, ტყუილზე დაფუძნებული გამოკითხვები. 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა თქვენს მიერ ჩატარებული გამოკითხვა, ეგზიტპოლი აცდენილია რეალობას. ამ მოცემულობით, მცდელობა გქონდათ საკუთარი ამომრჩეველი მოგეტყუებინათ. თქვენ ამომრჩეველს აჯერებდით რომ იგებდით, რეალურად ატყუებდით“,- აღნიშნა კალაძემ.