ევროკავშირის ამჟამინდელ მდგომარეობას თუ შეხედავთ, ნათელია, რომ ევროკავშირი პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ არის ისეთი დინამიკური როგორც ადრე. სიახლე გვინდა, ახალი ბიძგი, ახალი ენერგია, საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს კი, განვითარების ასეთი ტემპით, ასეთი ამბიციით, შეუძლიათ ევროკავშირში ამ სიახლის შემოტანა, - განაცხადა საქართველოში სტუმრად მყოფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
წამყვანმა ლეო სიხარულიძემ მას საქართველოს ევროინტეგრაციის შანსებზე ჰკითხა: „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, მიზნად ისახავს ევროკავშირში ინტეგრაციას, და ეს წინსვლა სახეზეა 2012 წლის შემდეგ. სწორედ საქართველო გახლდათ ასოცირებული ტრიოს ლიდერი სახელმწიფო რეფორმების და ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით, ამ წლების განმავლობაში საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მიიღო უვიზო მიმოსვლა და კანდიდატი სახელმწიფოს სტატუსი. ამ და სხვა წარმატების მიუხედავად, მოწმენი ვართ მიკერძოებული სკეპტიციზმისა. რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, უნგრეთი?“
პიტერ სიიარტოს თქმით, ევროკავშირი საქართველოს მიღების დაჩქარებით დიდ სარგებელს მიიღებს.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს შესანიშნავი წინსვლა აქვს, შესანიშნავი. შევხედოთ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპს, შარშან 10 პროცენტზე მეტი იყო, წელს პროგნოზით ზრდა 7 პროცენტზე მეტია, სახელმწიფო ვალის დაბალი მოცულობა, საბიუჯეტო დეფიციტის სიმცირე, ეს ყველაფერი შესანიშნავი შედეგია.
ევროკავშირის ამჟამინდელ მდგომარეობას თუ შეხედავთ, ნათელია, რომ ევროკავშირი პოლიტიკური, ეკონომიკური თვალსაზრისით აღარ არის ისეთი დინამიური როგორც ადრე. სიახლე გვინდა, ახალი ბიძგი, ახალი ენერგია, საქართველოს მსგავს სახელმწიფოებს კი, განვითარების ასეთი ტემპით, ასეთი ამბიციით, შეუძლიათ ევროკავშირში ამ სიახლის შემოტანა.
ვიტყოდი, რომ საქართველოს ისევე სჭირდება ევროკავშირი როგორც ევროკავშირს სჭირდება საქართველო, ამ სიახლისა და ახალი ენერგიის მოსაძიებლად. ევროკავშირს გაფართოებისკენ მოვუწოდებთ. ეს ეხება დასავლეთ ბალკანეთს და ასოცირებულ სახელმწიფოებს. გაფართოებისკენ მიმავალი პროცესი უნდა დაჩქარდეს. ნათელია, რომ სამწუხაროდ ამ თვალსაზრისით არათანაბარი პირობებია. თუ გახსოვთ, თქვენ წინსვლისათვის წარგიდგინეს წინაპირობათა ჩამონათვალი, რომელიც სხვებისთვის სულაც არ იყო სავალდებულო. ეს გახლავთ უსამართლობა.
ვისმენთ საქართველოს შესახებ წარმოუდგენელ განცხადებებს, მაგალითად პოლიტიკური ფრაგმენტაციის შესახებ. კარგით რა, დემოკრატია პოლიტიკური დაყოფის გარეშე როგორ წარმოუდგენია ვინმეს, საპირისპირო რა არის? ერთპარტიული მმართველობა. რაც მეტია პოლიტიკური პარტიების რიცხვი, მით მეტია პოლიტიკური დაყოფაც. გნებავთ დეოლიგარქიზაცია და ასეთი მოთხოვნები გახლავთ მიკერძოებული და სასაცილო, ეს ეგრეთწოდებული პუნქტები. შეუძლებელია ამ პუნქტების ობიექტური კრიტერიუმებით განსჯა, გამომდინარე აქედან შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია.
მე ყურადღებით გავეცანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჩემი კოლეგა მინისტრების განცხადებებს, სასაცილო განცხადებებია. ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო სამართლიანი. ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არადემოკრატიულია. ეუთოს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და ყველა სხვა გამოწვევა, რომელიც ფურცლებზე წერია, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებულ არჩევნებზე შეიძლება დაიწეროს, გნებავთ მსოფლიოში.
ასე რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ამ არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება გახლავთ არამარტო არასწორი, არამედ დამამცირებელი დემოკრატიისთვის.
სწორედ ასე გვდებენ ბრალს ჩვენ, თქვენ და მათ ვინც გულზე არ ეხატებათ. გამომდინარე აქედან ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიან პირობებს და მიდგომას ყველა კანდიდატ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას და იმედი მაქვს, რომ ეს გამოგვივა. მე მიმაჩნია, რომ ევროკავშირი საქართველოს მიღების დაჩქარებით დიდ სარგებელს მიიღებს“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.