„პარლამენტი რომ ვერ შეიკრიბოს, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა ექნება ჩვენს სუვერენიტეტს და სახელმწიფოს,“ - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, კერძოდ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო რადიკალების ქუჩაში გამოსვლა შეაფასა. მიხეილ ყაველაშვილმა იმ ძალებს, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ, უცხო ძალების მიერ შეკოწიწებული მეხუთე კოლონა უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის, კონსტიტუციის დაცვის გზა მეხუთე კოლონისგან გათავისუფლებაზე გადის.
„მინდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებები შეგახსენოთ, რომ დამოკიდებულება, რომელიც პოლიტიკურ სივრცეში არსებობს, არ არის ჯანსაღი და მისასალმებელი. სწორედ ამიტომ, მეხუთე კოლონა აუცილებლად უნდა გაიწიოს პოლიტიკური სივრციდან და გაჩნდნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც იქნებიან არა უცხო ძალების დაკვეთების შემსრულებლები, არამედ ეროვნულ ინტერესების გამტარებლები. ანუ, აქცენტს გააკეთებენ ხალხის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე და მაშინ შესაძლებელი იქნება „ქართული ოცნების“ შეცვლა.
ეს ასეც უნდა იყოს - უფრო ძლიერმა ჯანსაღმა ძალამ უნდა შეცვალოს რომელიმე მმართველი ძალა და ესაა პოლიტიკური პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს, რათა ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს და არა ეს მავნებელი ძალა - ოთხი პარტია, რომელიც ორიენტირებულია საზოგადოების მოტყუებაზე. ისინი ატყუებენ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც არ მოსწონს მმართველი ძალა, ვერ იტანს ნაციონალებს და შესაბამისად, ხმა მისცეს თითქოსდა ოპოზიციას - „გახარიებს“ და „ლელოს“. ეს ადამიანები შეცდომაში იყვნენ შეყვანილები, როცა მათ ეუბნებოდნენ, რომ ნაცები არ არიან.
მაგრამ ისინი ყველანი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ქუჩაში დგანან, მოღალატე პრეზიდენტის დაძახილზე გავიდნენ გარეთ და მთავრობის გადაყენებაზე საუბრობენ. ჩვენ ეს გამოცდილება გვაქვს. ჩვენ პირველ რიგში უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, სუვერენიტეტი, კანონმდებლობა, კონსტიტუცია, პარლამენტი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა. პარლამენტი რომ ვერ შეიკრიბოს, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა ექნება ჩვენს სუვერენიტეტს და სახელმწიფოს. ძალიან კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა არჩევნებს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს გარე ძალების მიერ შეკოწიწებული მეხუთე კოლონა და ამიტომაა ყველაფერი ერთმანეთთანაა კავშირში, თორემ, დღეს რომ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იყვნენ ოპოზიციაში, იქნებოდა პაექრობა, დებატები და გვეცოდინებოდა, რომ საქმე გვაქვს განსხვავებული აზრის მქონე ძალებთან. ესაა პოლიტიკური პროცესები, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ შეიკრიბნენ ეს ადამიანები (ქართული ოპოზიცია და უცხოელი პარტნიორები) ერთად და დაიწყეს პროტესტი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც მეორე ფრონტის გახსნისკენ და სანქციების შემოღებისკენ მოგვიწოდებენ. ეს ადამიანები არიან მტრები და მათ უფლებაც არ აქვთ პოლიტიკაში იყვნენ.
ესაა რაც ხდება, თორემ ცესკო კანონმდებლობის დაცვით მიიღებს საჩივრებს, გაანალიზებს მათ და გამოაქვეყნებს შედეგებს. გიორგი კალანდარიშვილმა კარგად ახსნა ხმების დათვლის ამერიკული სისტემის, რომელიც ბევრ ქვეყანაშია დანერგილი, მართებულობა. დარწმუნებული ვარ ამ სისტემის დამნერგავი კომპანიებიც გააკეთებენ კომენტარს, იმიტომ, რომ მათი შეურაცხყოფაცაა, როცა ამერიკულ კომპანიას „ფეესბეს“ ნარატივს უწოდებს ქალბატონი პრეზიდენტი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.