მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, უნგრეთი აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთგულებას მშვიდობის იდეისადმი და დარწმუნებულია, რომ ათწლეულის ბოლოს საქართველო იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
„ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ. ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში, ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები ვიზიტით, რომლებიც დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ,"- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.