ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა. მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო უნგრეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა შავი ზღვის ელექტროგადამცემ პროექტზე და აღნიშნა, რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა.
„მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება უნგრეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად ინვესტიციების განხორციელებას, როგორც უნგრეთში, ისე საქართველოში. ამ მიმართულებით, მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა.
ასევე, განსაკუთრებული პრიორიტეტია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას და მოხარულები ვართ, რომ აქაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
იცით, რომ ერთობლივად ვმუშაობთ პროექტებზე და აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროგადამცემი, ინტერნეტის გადამცემი კაბელის პროექტი, სადაც ერთად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნები, სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. ჩვენ, შეხვედრის დროს, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის ყველა ასპექტზე. კმაყოფილები ვართ დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად.
კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულების, მისი მხარდაჭერის ძალიან კარგი გამოხატულება. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას, იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები,"- განაცხადა პრემიერმა.