ოპოზიციამ ეგზიტპოლები გააყალბა, ხალხი აზეიმეს და აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ 54 პროცენტით ზის პარლამენტში. მოვიტყუეთო, ვერ იტყვიან და ამიტომ ამბობენ, „ქოცებმა“ არჩევნები გააყალბესო. ცოტა ხანი ხალხს ქუჩაში აბოდიალებენ, შემდეგ პარლამენტში შევლენ, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.
მისი თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა.
„ჩემი აზრით, საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა ან, ყოველ შემთხვევაში, ისე გაყალბდა, როგორც აქამდე ყალბდებოდა ამ ქვეყანაში. ქართველი ხალხი პროპაგანდას აჰყვა და ისევ „ნაცურ-ქოცურ“ ჩხუბს დაუჭირა მხარი. მგონი, აწი გამოფხიზლების პროცესი დაიწყება, რადგან აქციებზე ხალხის დაშლა დაიწყება. „ქართული ოცნება“ რაღაცნაირად ეცდება, ეს ემოციები ჩააცხროს, ოპოზიციური ამომრჩეველი დამარცხებას შეაგუოს და ამაში მათ ოპოზიციაც დაეხმარება. როგორც იცით, ოპოზიციამ ეგზიტპოლები გააყალბა და ხალხს არასწორი მოლოდინი შეუქმნა. მათ ხალხი აზეიმეს და უცებ აღმოჩნდა, რომ მათი ეგზიტპოლები გაყალბებულია და „ქართული ოცნება“ პარლამენტში 54 პროცენტით ზის. ასეთ შემთხვევაში, რაღაც ხომ უნდა ქნან? მოვიტყუეთო, ვერ იტყვიან და ამიტომ ამბობენ, „ქოცებმა“ არჩევნები გააყალბესო. ცოტა ხანი ხალხს ქუჩაში აბოდიალებენ, შემდეგ პარლამენტში შევლენ და იქიდან გააგრძელებენ პუტინთან ბრძოლას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.