ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე, ნილს უშაკოვსი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე, სერგეი ლაგოდინსკი ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს, „ძალზე პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებული შეშფოთებების ფონზე ჩატარდა“.
„ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი აქტიურობა და დემოკრატიის მიმართ ერთგულება, არა მხოლოდ თავისი ხმის მიცემის უფლების დიდი რაოდენობით სარგებლობით, არამედ აქტიური მონაწილეობით არჩევნებზე დაკვირვებასა და დარღვევების შესახებ ცნობების გავრცელებით. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების მიხედვით, რომელშიც ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიაც შედიოდა, ეს არჩევნები ამომრჩევლებზე ზეწოლის, არათანაბარი გარემოს, პოლარიზებული მედია გარემოსა და პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის შესახებ ცნობების ფონზე ჩატარდა“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ძალადობის ინციდენტებს, ხმების მოსყიდვას, ორჯერ ხმის მიცემას, მედიის წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების გაძევებას და საარჩევნო უბნებსა და მის გარეთ ამომრჩეველთა დაშინებას მოიცავდა.
„ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა შესაბამისი საჩივრებისა და გასაჩივრების პროცედურების თანახმად დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს. ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია. ეს არის პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც ქვეყანამ 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, პროცესი, რომელიც დე ფაქტო შეჩერდა „უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ მიღებით. ქართველი ხალხი მუდმივად ამტკიცებს, რომ დემოკრატიული საქართველო ევროკავშირში სურს. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი მშვიდობიანი და დემოკრატიული იქნება და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად, ქართველების მისწრაფებების დაკმაყოფილებით, დაუყოვნებლივი ნაბიჯები გადაიდგმება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განვითარებისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს, რომელიც ამ კრიტიკულ პერიოდს გადის და მისი ყველა მოქალაქისთვის დემოკრატიული და წარმატებული მომავლის უზრუნველსაყოფად ვიმუშაოთ“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტარები.