ქალბატონი ნუნუ გაბუნია, აღშფოთებულია დღევანდელი ცხოვრების წესით. მისი აზრით, საზოგადოება ძალიან დაშორდა ქართულ ტრადიციებსა და კულტურას, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდობა.
ქალბატონო ნუნუ, რამდენად შემორჩა ქართული ტრადიციები დღევანდელ საზოგადოებაში?
- ბებიაჩემის გიმნაზიის წიგნში, რომელიც პეტერბურგში ორი საუკუნის წინ გამოიცა, ეწერა, რომ ქართველები მსოფლიოში ულამაზეს ერებს მიეკუთვნებიანო. მართლაც, ქუჩაში რომ გახვიდე, გაოგნებული დარჩები, იმდენი ლამაზი ბავშვია, მაგრამ ლამაზი ბავშვი ლამაზად უნდა ცხოვრობდეს, ერთმანეთი უნდა უყვარდეთ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ. ჩვენი წარსული და ისტორია უნდა დააფასონ, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. მოზარდებთან ერთად, საზოგადოებაც ძალიან შეიცვალა, რაც, ნაწილობრივ, ყოფითმა პრობლემებმა გამოიწვიეს. სამწუხაროდ, ადამიანები ისეთები აღარ არიან, როგორებიც ადრე იყვნენ. ადრე სულ სხვა დამოკიდებულება იყო ერთმანეთის მიმართ. ეს იყო ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. დღეს, ყოველივე ამას ძალიან იშვიათად ვხვდებით.
თქვენი აზრით, ეს რისი ბრალია?
- დროისა და ფინანსური კრიზისის. ახალგაზრდებმა უფროსების მიმართ დაკარგეს პატივისცემა. მართალია, ყველას არ დაუკარგავს ზრდილობა და ელემენტარული ეთიკის ნორმები, მაგრამ უმრავლესობა ასეა. ორშაბათს "ნიჭიერს" ვუყურებდი, ზანგს რომ ჰკითხეს, ამ პროექტში მონაწილეობას რატომ იღებო, იმან უპასუხა, ფული და ბინა მინდაო. რასიზმი მეჯავრება და ვერ ვიტან, მაგრამ რატომ უნდა ჩამოვიდეს აფრიკიდან ადამიანი და აქ იცხოვროს? მართალია, ის იქ გაჭირვებულია, მაგრამ ჩვენ გაჭირვებული არა გვყავს? რამდენი ადამიანია, რომელსაც პატრონობა და მოვლა სჭირდება. ეს საქართველოა და თუ ასე ადვილად გავეცით ის, რაც გვაქვს, ბევრ რამეს დავკარგავთ. იცით, კიდევ რა მწყინს ყველაზე მეტად? ვინც თბილისშია ჩამოსული და აქ ცხოვრობს, მათ თბილისის სიყვარული ისეთი არა აქვთ, როგორც წინათ ჰქონდათ ნამდვილ თბილისელებს. ადრე ოპერის გვერდით ვცხოვრობდი, იქ ვარ დაბადებული და გაზრდილი. ახალგაზრდებს შეგვეძლო ღამის 12 საათამდე ქალაქში გამოვსულიყავით და თავისუფლად გვესეირნა. თუ ვინმეს ნახვა გინდოდა, ყველა რუსთაველის პროსპექტზე იყო გამოსული, მაშინ ნამდვილი თბილისელები იყვნენ, ქუჩებში მეგობრული და სიყვარულით სავსე ატმოსფერი იყო. ახლა, ხალხი თავიანთი ყოფითი პრობლემებით ძალიან დამძიმებულია. მინდა, ადამიანები დაწყნარდნენ და დამშვიდნენ, ისწავლონ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული.
ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის "დაკარგვა" სხვა ქვეყნების მიბაძვამ ხომ არ განაპირობა?
- რა თქმა უნდა, ჩვენ გავიძახით, ამერიკა, ამერიკა. ამერიკაში ყველაფერი კარგი არ არის. იქ შრომა ფასდება. პიროვნებას ისეთი ანაზღაურება აქვს, რომ ნორმალურად ცხოვრების საშუალება შეუძლია. დანარჩენი, იქ მისაბაძი არაფერი აქვთ. ძალიან ვიწრო განათლების ხალხია. იციან მხოლოდ ერთი სპეციალობა და იმის იქით არაფერი. ჩვენ უფრო ვიცით, ვინ იყვნენ მათი მწერლები, მომღერლები და კომპოზიტორები.
ერთ ამბავს მოგიყვებით. ჩემთან ამერიკიდან სტუმრად ჩამოსული იყო უმდიდრესი ქალბატონი, მისი მეუღლეც ძალიან მდიდარი იყო. ამ ქალბატონთან ერნესტ ჰემინგუეი რომ ვახსენე და მასზე დავიწყე საუბარი, აზრზე არ იყო, რას ვესაუბრებოდი. ჰემინგუეის ერთი წიგნიც არ ჰქონდა წაკითხული. უბრალოდ, ძალიან მდიდარი გახლდათ. სამწუხაროდ, აი, ეს უბედურება ჩვენთანაც დამკვიდრდა. უწიგნურებმა უცებ იშოვეს დიდი ფული და თავი დიდად მოაქვთ. ერთი ძალიან კარგი გამოთქმაა – მწიფე თავთავი თავდახრილიაო. აქედან გააკეთეთ დასკვნა. ვისაც ცხვირი აწეული აქვს, ჰგონია, რომ ყველაზე კარგი და ჭკვიანია. მართლა მაღალი წრის წამომადგენელი სხვას ზევიდან არ უყურებს. ადამიანს კი არა, ქუჩაში დავარდნილ ლოდსაც კი არ შეხედავს ზემოდან. ზოგიერთ მათგანს წიგნი წაკითხულიც კი არ აქვს. კომპიუტერი წიგნს ვერ ჩაანაცვლებს. | საუკუნეში კომპიუტერი აუცილებელია, მაგრამ წიგნი სულ სხვაა, სულ სხვა სამყაროა, შენი აზროვნება და მსოფლმხედველობაა, წიგნი თუ არ წაიკითხა, ის განათლებული ვერ იქნება, რადგან კომპიუტერი სრულყოფილ ცოდნას ვერ იძლევა.
"ახალმა ქართველებმა" სკამზე ჯდომის კულტურაც კი დაივიწყეს. ადრე ქართველი კაცი ქალის წინ ისე არ დაჯდებოდა, მუხლზე ფეხი რომ შემოედო. რადგან ამერიკაში ასე სხდებიან, ამიტომ ჩვენმა "ახალმა ქართველებმაც" გადმოიღეს. ერთ ამბავს მოგიყვებით. უშგულში ვიყავით. მოვინახულეთ მდინარე "ენგურის" სათავე. მთებში რომ ავედით და ხანშიშესულმა მწყემსმა ქალები დაგვინახა, ფეხზე წამოდგა და საკინძე შეიკრა. ახლა, მითხარით, დღევანდელი მამაკაცები როგორ იქცევიან? ჩვენ ძალიან ბევრი რამე გვაქვს ისეთი, რაც სხვებმა უნდა შეისწავლონ. ჩვენი კულტურა საუკუნეებს ითვლის. ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდებმა დააფასონ ჩვენი ფესვები. უნდა დაინახონ საიდან მოვდივართ. მე იმის თქმა კი არ მინდა, რომ ყველაზე უკეთესები ვართ, არა, ცუდიც ბევრი გვაქვს. თუ რაღაცაში ნიჭიერები და კარგები ვართ, რაღაცაში ცუდებიც ვართ, მაგალითად, ერთმანეთის გატანის უნარი არა გვაქვს. ამ სენს, პირადად მე, ავადმყოფობას ვეძახი. ბევრს სიტყვა "ინტელიგენტი" არ მოსწონს, ალბათ, იმიტომ, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის. ინტელიგენტი კაცს არ მოკლავს, ცუდ საქმეს არ ჩაიდენს.
დღევანდელ თაობაში კიდევ რა არის თქვენთვის მიუღებელი?
- ჯერ ერთი, მიუღებელია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებმა მარტო ჩაცმაზე, დროსტარებაზე არ უნდა იფიქრონ. ზომიერად ყველაფერი კარგია, მაგრამ არა გადამეტებულად. მეორეც, – გინება. როგორი უსაშველო სიტყვებით იგინებიან დედას, საშინელი გინებაა. ეს იმდენად აღმაშფოთებელია, რომ ახსნას ვერ ვუძებნი. რატომ დაემართა ქართველ ახალგაზრდობას ეს სენი. ბიჭებს თავი რომ დავანებოთ, გოგონებიც იგინებიან. ჩემს ახალგაზრდობაში ყოვლად წარმოუდგენელი იყო, ქალს ცუდი სიტყვა ეთქვა. არა მარტო გოგონები, ის ქალბატონებიც კი იგინებიან, რომლებსაც თავი მაღალი წრის ქალბატონებად მოაქვთ და ვითომ რაღაცას წამოადგენენ.
ტელევიზიაზე რას გვეტყვით?
- ტელევიზია უარესს აკეთებს. ადრე სამხატვრო საბჭოები იყო. პირადად მე, სამაუწყებლო ტელევიზიაში სამხატვრო საბჭოს წევრი ვიყავი, სადაც მარტო მუსიკას კი არ ვარჩევდით, ფონდში რაღაცა რომ მიგვეღო, აუცილებლად მისაღები ტექსტი უნდა უნდა ყოფილიყო. დღეს ეს ყველაფერი მოკლებულია. ვიღაცა მოინდომებს გადაცემის გაკეთებას და გააკეთებს, იმიტომ, რომ ფული იშოვა. ყველა გადაცემა მისაღები არ არის. ჩემს ბავშვობაში დიდაქტიკურ აღზრდას დიდ დროს უთმობდნენ. სპეციალურიად ფილმებს იღებდნენ, შეიძლება გულუბრყვილო ფილმები ყოფილიყო, მაგრამ იმდენად კეთილი იყო, რომ ბავშვი სიკეთეს ეჩვეოდა. ეს ფილმები რომ არ გამოსულიყო, შეიძლება მუსიკოსი არ გამოვსულიყავი. რუსთაველზე რომ ვცხოვრობდი, ჩემს სახლთან კინოთეატრი "სპარტაკი" იყო, ამიტომ ხშირად დავდიოდით კინოში. მაშინ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი იშვიათად გადიოდა ეკრანზე. ადამიანზე ძალიან მოქმედებს ამდენი ძალადობა და სისასტიკე. ამიტომაც არის, რომ ამდენი პატიმარი გვყავს.
საუბრისას აღნიშნეთ, რომ ყველა გადაცემა თქვენთვის მისაღები არ არის, კონკრეტულად რომელ გადაცემას გულისხმობთ?
- რომელი ერთი ჩამოვთვალო, ბევრი გადაცემა არ მომწონს, მაგრამ მათ ვერ დავასახელებ. შეიძლება იმ ადამიანს ცალკე პატივს ვცემდე, მაგრამ მისი გადაცემა არ მომწონდეს, ამიტომ დასახელებისგან თავს შევიკავებ.